შესანიშნავი ხუთეული

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაასრულა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება.

ბოლო ქალაქი, რომელმაც სოკ-ში განაცხადი შეიტანა, სტამბოლი იყო, რის შემდეგაც პრეტენდენტთა სიამ ასეთი სახე მიიღო - დოჰა (კატარი), ბაქო (აზერბაიჯანი), მადრიდი (ესპანეთი), ტოკიო (იაპონია) და სტამბოლი (თურქეთი).

აღსანიშნავია, რომ თურქეთის დე-ფაქტო პირველი ქალაქი მეხუთედ იწყებს ოლიმპიურ საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას. მანამდე სტამბოლი 2000, 2004, 2008 და 2012 წლების ოლიმპიადის მასპინძლობისთვის იბრძოდა, მაგრამ არჩევნებში მარცხი განიცადა. როგორც ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჰასან არათმა განაცხადა, ამჯერად მის ორგანიზაციას ახალი კონცეპცია ექნება,
რომლის მეშვეობითაც ამომრჩევლები თურქეთს ახალი მხრიდან დაინახავენ.

უნდა აღინიშნოს, რომ წინასსარჩევნო ოლიმპიურ რბოლაში აქცენტი შეიძლება აღმოსავლეთზე იქნას გადატანილი - ხუთი ქალაქიდან ორი აღმოსავლეთ ევროპას წარმოადგენს (სტამბოლი და ბაქო), კიდევ ორი - აზიას (ტოკიო და დოჰა). რომისა და პარიზის უარის შემდეგ კი დასავლეთი ევროპა მხოლოდ მადრიდით არის წარმოდგენილი.

თუ კანდიდატი ქალაქების შანსებზე ვილაპარაკებთ, ის საკმაოდ მაღალი აქვს მადრიდს, რომელმაც წინა ორი არჩევნები წააგო. ესპანეთის დედაქალაქის სასარგებლოდ სწორედ ის ფაქტი ლაპარაკობს, რომ ეს გახლავთ დასავლეთი ევროპის ერთადერთი წარმომადგენელი. ამასთან, 2016 წლის თამაშები არა ევროპაში, არამედ ბრაზილიაში, კერძოდ კი რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება.

მადრიდს სერიოზული კონკურენცია შეუძლია გაუწიოს სტამბოლმა, რომელმაც, როგორც გითხარით, ოთხჯერ წააგო არჩევნები. "ფარული" ფავორიტი შეიძლება გახდეს ბაქო, რომელიც 2016 წლის ოლიმპიადის დედაქალაქის არჩევისას დამარცხდა. აზერბაიჯანის დედაქალაქს საკმარისი პოტენციალი გააჩნია, თან უდიდესი სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირი ილჰამ ალიევი გახლავთ.

რაც შეეხება დოჰას, კატარელებს გონებაში უტრიალებთ რიო-დე-ჟანეიროს წარმატება, რომელმაც 2016 წლის თამაშები მიიღო იმის მიუხედავად, რომ იმ დროისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდა მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

მაგრამ დოჰას, შესაძლოა, ცუდი სამსახური გაუწიოს შემდეგმა ფაქტორმა, როცა კატარს 2022 წლის საფეხბურთო მუნდიალი მისცეს, ბევრმა ეს ქვეყანა ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა. თანაც, დოჰას განაცხადის მიხედვით, ოლიმპიადის ჩატარების თვეებად სექტემბერი და ოქტომბერია დასახელებული, რაც სპორტის ბევრი სახეობისთვის მიუღებელი თარიღია.

2020 წლის ზაფხულის თამაშების დედაქალაქს 2013 წლის სექტემბერში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგ სესიაზე აირჩევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული