"ათენიდან-ლონდონამდე" ქუთაისის გალერეაში

AutoSharing Option
ოლიმპიური თამაშების წარმოშობის ისტორიული ექსკურსით იწყება ქუთაისის სამხატვრო გალერეაში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი გამოფენა "ათენიდან - ლონდონამდე", რომელიც ქუთაისის სპორტული მუზეუმის ხელმძღვანელის, ცნობილი მკვლევარის, ზურაბ ჯავახაძის თაოსნობით მოეწყო.

ოლიმპიადებზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის ამსახველ ფოტოებთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილია მუზეუმში დაცული სხვადასხვა ექსპონატი.

აქვეა გამოფენილი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქვეყნების მონეტების კოლექცია. ცალკე კუთხე აქვს დათმობილი თემას "სპორტი და პოლიტიკა", სადაც ყურადღებას მსოფლიოს ორი დიდი დიქტატორის, სტალინისა და ჰიტლერის ფოტოებიც იპყრობს.

ზურაბ ჯავახაძემ გალერიის კედლებზე მათი მოხვედრა საინტერესო ისტორიას დაუკავშირა: "1936 წლის
ბერლინის XI ოლიმპიადაზე ორგანიზატორებმა, ჰიტლერის მითითებით, ყველაფერი იღონეს, რომ დიდი სპორტული ფორუმი არიული რასის ფიზიკური სრულყოფილების დემონსტრირებად ექციათ.

გერმანელებმა ყველას აჯობეს არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, მაგრამ ბერლინის თამაშების გმირად შავკანიანი ამერიკელი სპორტსმენი ჯესი ოუნსი იქცა, რომელმაც მძლეოსნობაში 4 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

ჰიტლერის გაცოფებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ყოველი მედლის მიღების შემდეგ ზანგ სპორტსმენს გამარჯვებას ულოცავდა. წონასწორობადაკარგული ფიურერი სამჯერ მილოცვის შემდეგ სასწრაფოდ გაშორდა ოლიმპიურ ჩემპიონს.

რაც შეეხება სტალინს, მან 1948 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე სსრკ-ის ნაკრების გამოსვლაზე შემდეგი მიზეზით თქვა უარი: ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის სახელი დავიმკვიდრეთ, ოლიმპიადაზე მარცხი კი ჩვენს ავტორიტეტს შელახავს. ამიტომ კარგად მოემზადეთ და მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეთო"...

ზურაბ ჯავახაძის თქმით, ამ გამოფენის უპირველესი მიზანი ოლიმპიური თამაშების ისტორიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. "გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს, მათ შორის, უცხოელებიც" - აღნიშნა ზურაბ ჯავახაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული