პირველები: ირაკლი ბოლქვაძე და გიორგი ნადირაძე

AutoSharing Option
ქართველმა სპორტსმენებმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების 35 ლიცენზია მოიპოვეს. მათ შორის დიდი ბრიტანეთის სპორტულ ბაზებზე იასპარეზებენ მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე და ველომრბოლი გიორგი ნადირაძე.

6 ივლისს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სწორედ სპორტის ამ ორი სახეობის მესვეურები და სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი წარსდგნენ ჟურნალისტების წინაშე.

- წლევანდელი სეზონი გამორჩეულია ჩვენთვის თუნდაც იმით, რომ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურები მოვიპოვეთ ცურვასა და ველოსპორტში.

დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სხვა დროსაც უასპარეზიათ მოცურავეებს ოლიმპიადებზე, ოღონდ საერთაშორისო ფედერაციიდან გამოყოფილი ადგილის შესაბამისად, ირაკლი ბოლქვაძემ კი ლონდონში გამგზავრების უფლება თავად მოიპოვა,
რაც 17 წლის ყმაწვილის დიდი წარმატებაა და ამ გამარჯვებას ვულოცავ სპორტსმენს, მის მწვრთნელებსა და მთლიანად ფედერაციას.

ბოლქვაძე მხოლოდ ლიცენზიას არ დასჯერდა და ანტვერპენში ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედლითაც გაგვახარა. იმედია, იგი ლონდონშიც ისახელებს თავს.

ვფიქრობდით, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში გამოსვლის უფლებას პეკინის ოლიმპიადის მონაწილე ირაკლი რევიშვილიც მოიპოვებდა, მაგრამ მიზნის აღსრულებამდე მას მცირედი დააკლდა.

საქართველოს საბჭოეთის პერიოდში ჰყავდა შესანიშნავი ველომრბოლი, მსოფლიოს ჩემპიონი ომარ ფხაკაძე, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალიც დაიმსახურა, ოღონდ ტრეკზე. ლონდონის ოლიმპიადაზე კი სამამულო სპორტის ისტორიაში პირველად გვეყოლება საგზატკეცილო ველომრბოლი გიორგი ნადირაძე.

თავისი შედეგებით იგი ძალიან ახლოს იყო ლიცენზიასთან. ამიტომ ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ჩვენს ქვეყანას 2012 წლის ოლიმპიადის ერთი საგზური გამოუყო, რაც სპორტსმენთან ერთად ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის დიდი დამსახურებაა.

ვიმეორებ, ეს არ არის "ველური ბარათი", რომელსაც მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომადგენლებს აძლევენ, წინა ოლიმპიადაზე 10-ზე მეტი მონაწილე რომ არ ჰყავდა. ასე რომ, ორივე სახეობაში საგზურები ჩვენმა სპორტსმენებმა ღირსეულად დაიმსახურეს.

ალექსანდრე ბითაძე (საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის გენერალური მდივანი):
- თავად ვესწრებოდი ევროპის ჩემპიონატს დებრეცენში, სადაც ირაკლი ბოლქვაძემ ჩვენს ქვეყანას ოლიმპიური საგზური მოუტანა. ამ ჩვიდმეტი წლის ბიჭი უნგრეთში შეუძლებელი შეძლო.

დარწმუნებული ვარ, რომ იგი ლონდონშიც ჩინებულად იასპარეზებს, აი, ოთხი წლის შემდეგ რიოს ოლიმპიადაზე მედლის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. ბოლქვაძეს საამისო მონაცემები აქვს.

ზურაბ ხომასურიძე (საქართველოს მოცურავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
- ბოლო ერთი წელიწადია, ქართველმა მოცურავეებმა შედეგები შესამჩნევად გააუმჯობესეს. დასტურად მათ მიერ დამყარებული ეროვნული რეკორდებიც გამოდგება.

მართალია, საერთაშორისო ნორმატივებისგან ჯერ კიდევ შორს ვდგავართ, მაგრამ ირაკლი ბოლქვაძემ დაგვარწმუნა, რომ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა უახლოეს ხანში შეიძლება. ეს კი მწვრთნელების ერთსულოვნების, ჩვენი ფედერაციის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს თანადგომის შედეგია.

ირაკლი ბოლქვაძეს კი ვულოცავ ლიცენზიას და ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალს. გვჯერა, რომ ეს ახალგაზრდა სპორტსმენი მომავალშიც არაერთხელ გაგვახარებს.

ბესიკ ნადირაძე (საქართველოს ველორბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):
- საგზატკეცილო ველოსპორტი ურთულესი სახეობაა. აქ ნაკრების 7-9 წევრი იბრძვის, რომ ერთმა თანაგუნდელმა მიაღწიოს წარმატებას.

ცხადია, ასეთი ფუფუნება ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა გიორგი ნადირაძემ 14-წლიანი კარიერის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში შეძლო ის, რომ ქვეყნისთვის ოლიმპიური ლიცენზია მოეტანა.

გიორგი ნადირაძე 24 წლისაა. დაამთავრა სპორტის აკადემია. საქართველოს 15-გზის ჩემპიონია: 10-გზის საგზატკეცილო და 5-ჯერ სატრეკო ველორბოლაში. საერთაშორისო ტურნირებშიც არაერთხელ მიუღწევია წარმატებისთვის. უზომოდ არის შეყვარებული ველოსპორტზე, თუმცა ავტოშეჯიბრებები და ცურვაც არანაკლებ იტაცებს. კერპად სახელოვან ველომრბოლ ამსტრონგს მიიჩნევს.

მიზანი: ლონდონის ოლიმპიადაზე ქომაგთა იმედების გამართლება. ვფიქრობთ, რომ ასეც იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული