ამიტომაც მოახლოებული ოლიმპიადის წინ, დროა, გავიცნოთ მისი მემკვიდრე, 22 წლის იოჰან ბლეიკი.
ბოლტის საუკეთესო მეგობარი
დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ უსაინ ბოლტს დიდად არ სიამოვნებს ის, რომ მის კარიერაში ხუთი მარცხიდან სამი ბლეიკთან დაპირისპირებაზე მოდის.
არადა, ისინი მეგობრები და გუნდ Racers Track Club-ში პარტნიორები არიან. იოჰანი სამი წლით ახალგაზრდაა, მაგრამ უფროსი მეგობრის ჩრდილში დიდი ხანი არ დარჩენილა - 2011
დაძაბულ კონკურენციას მხიარული იამაიკელების ურთიერთობაზე არ უმოქმედია - ისინი ისევ ხუმრობენ სტარტის წინ, ერთმანეთს და მწვრთნელ გლენ მილერს აჯავრებენ, შემდეგ ერთად მიდიან საყვარელი "გინესის" დასალევად.
ბლეიკი: "ჩვენ კარგად ვეწყობით და ერთმანეთს მოტივაციაში ვეხმარებით. როცა უსაინი ხედავს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, ის მისწორებს. მეც არ ვრჩები ვალში. მასთან ერთად მუშაობა კარგია. ის გასწავლის არა მარტო სწრაფად, არამედ სწორად სირბილს".
ყველაზე ახალგაზრდა
სპრინტერისთვის ათწამიანი ბარიერი იგივეა, რაც "ოსკარი" კინემატოგრაფიაში ან ნობელის პრემია მეცნიერებაში. მთელი ისტორიის განმავლობაში "ათი წამის კლუბში" შესვლა 82-მა მორბენალმა შეძლო. ზოგიერთმა (კრისტოფ ლემეტრი, ასაფა პაუელი) ეს 20 წლის ასაკში გააკეთა, სხვებმა, მაგალითად, ლინფორდ კრისტიმ, 30 წლის ასაკში.
ბლეიკი კი ისტორიაში შევიდა. ის არის ყველაზე ახალგაზრდა სპრინტერი, ვინც 100 მეტრი 10 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა.
მან 2009 წლის 10 ივლისს 9.96 წამი დააფიქსირა. იოჰანმა ერთი დღით გააუმჯობესა ნიგერიელი სეუნ ოგუნკოის რეკორდი.
შედარებისთვის, ბოლტი პირველად 10 წამიდან 22 წლისა გამოვიდა, ტაისონ გაი - 24 წლის ასაკში, სტივ მალინგსი - 28 წლის.
2011 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, 21 წლის ბლეიკი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა 100 მეტრ დისტანციაზე. მანამდე ეს რეკორდი დიად კარლ ლუისს ეკუთვნოდა.
კინაღამ დოპინგი
კარიერის დასაწყისში სულ ნორჩი ბლეიკი უსიამოვნო სადოპინგო ისტორიაში გაეხვა. ის და კიდევ ოთხი იამაიკელი მძლეოსანი 2009 წელს ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატის - მეთილჰეტსანამინის მიღებაში დაადანაშაულეს. ეს არ გახლავთ დოპინგი, მაგრამ იმ პრეპარატის ანალოგიურია, რომელიც აკრძალულია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ.
როგორც შემდეგ იოჰანი იხსენებდა, მან მიიღო სპეციალური საკვები დანამატი, რომელსაც ეტიკეტზე დიდი ასოებით ეწერა - "პროდუქტი, რომელიც არ შედის აკრძალული პრეპარატების სიაში".
მაშინ იამაიკელები იოლად გადარჩნენ - ადგილობრივმა ანტისადოპინგო კომიტეტმა ისინი სამი თვით დასაჯა და მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატიდან მოკვეთა. თუმცა სწორედ მაშინ გაუფუჭდა იამაიკას რეპუტაცია და თითის გაშვერა დაიწყეს იქაური სპრინტერების მისამართით. თვით ბოლტიც არ დაინდეს.
ექსტრავაგანტური და ცრუმორწმუნე მუშა
იამაიკელ მწვრთნელს, გლენ მილსს, რომელმაც სირბილი ასწავლა ბოლტსაც და ბლეიკსაც, არაერთხელ უთქვამს, რომ ბლეიკი უფრო მეტად იხარჯება ვარჯიშებზე.
ბოლტიც ეთანხმება: "შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ის მართლაც უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე მე". თუმცა, როცა გვერდიდან უყურებ "მეტიჩრულად" ჩაცმულ დაკუნთულ ბიჭს, რომელსაც უზარმაზარი ყურსასმენები უკეთია, ვერ იფიქრებ, რომ ის ზედმიწევნით მშრომელი ყმაწვილია.
ცრუმორწმუნე ბლეიკი მნიშვნელოვან სტარტამდე აღარ იჭრის ფრჩხლებსა და თმას, რის გამოც ფრედი კრუგერს ემსგავსება. ახლაც, ლონდონის ოლიმპიადამდე ორი კვირით ადრე, იოჰანმა, ალბათ, დაივიწყა მაკრატელი და დიდი ხანი არ მიაკითხავს სილამაზის სალონს.
მათემატიკური პერსპექტივები
თანამედროვე სპრინტერების გიჟურმა შედეგებმა ექსპერტები ჩააფიქრა ადამიანის შესაძლებლობის ზღვარზე. ინგლისელმა პროფესორმა ჯონ ბაროუმ შეადარა ბოლტისა და ბლეიკის ტექნიკა და ფიზიკური მომზადება და უცნაურ დასკვნამდე მივიდა - იოჰანის პოტენციალი გაცილებით მაღალია.
იდეალური სასტარტო რეაქციისა და ზურგის ქარის პირობებში, უსაინის ზღვარი 9.44 წამი ყოფილა. რაც შეეხება ბლეიკს, ბაროუს აზრით, იოჰანს შეუძლია ამ შედეგს 4 მეასედი ჩამოაკლოს.
ბლეიკის სუსტი წერტილია სასტარტო რეაქცია და 200 მეტრზე ვირაჟის გავლა, თუმცა თავად სპრინტერი ამ კომპონენტს თავის უპირატესობას უწოდებს. ბრიუსელში მისი შარშანდელი შედეგი (19.26) - მეორე დროა ისტორიაში ბოლტის რეკორდის (19.19) შემდეგ.
"უკეთესი რეაქცია უნდა მქონდეს სასტარტო გასროლაზე. თუ ამ კომპონენტში მოვუმატებ, მაშინ შედეგი უფრო მაღალი იქნება. 200 მეტრს უკეთ გავრბივარ, რადგან უფრო ამტანი ვარ", - ამბობს ბლეიკი.
იოჰანი საკუთარ გამოსვლას კრიტიკულად უდგება. მაგალითად, დარწმუნებულია, რომ ტეგუში მსოფლიოს ჩემპიონატზე გაცილებით უკეთ შეეძლო გამოსვლა - სტარტზე 0.269 წამი დაკარგა.
სარეკლამო ფეხები
სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიები დიდ ბრძოლას აწარმოებენ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ათლეტების ხელში ჩასაგდებად.
მას შემდეგ, რაც "პუმამ" თვით უსაინ ბოლტთან გააფორმა კონტრაქტი, კომპანიის პროდუქციის გაყიდვების რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. ამ მაგალითით შთაგონებულმა "ადიდასმა" თავიდანვე დაიბევა ბლეიკი - ჯერ კიდევ მაშინ, როცა მისი ვარსკვლავობა იწინასწარმეტყველეს.
შესაძლოა, მაშინ, როცა ბოლტზე გამარჯვებები რეგულარულ სახეს მიიღებს, ბლეიკი უსაინს წაართმევს არა მხოლოდ დიდებასა და მსოფლიოს რეკორდებს, არამედ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მძლეოსნის სტატუსს.
მაგრამ ჯერჯერობით ბოლტი უფრო მაღლა დგას და ასე იქნება, მინიმუმ, აგვისტოს პირველ რიცხვებამდე.
"მინდა სპორტში სახელი დავიმკვიდრო. მოვა დრო და მძლეოსნობიდან წავალ, მაგრამ თუ ლეგენდა გავხდები, მე სამუდამოდ დამიმახსოვრებენ", - ამბობს ბლეიკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"