გურამ საღარაძე: ეს ჩვენი "ბადიშების" ოლიმპიადაა

AutoSharing Option
ლონდონში XXX ოლიმპიური თამაშებში მონაწილე 35 ჩვენი სპორტსმენიდან 20 ქართული საფალავნო სამყაროს წარმომადგენელია. 1952 წლიდან მოყოლებული ყველაზე მეტი მედალი, მათ შორის ოქროსი, სწორედ მოჭიდავეებს აქვთ მოპოვებული ოლიმპიურ სარბიელზე.

მედალოსანთა შორისაა თავისუფალ ჭიდაობაში 1964 წლის თამაშების ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, საქართველოს ვეტერან მოჭიდავეთა კავშირის თავმჯდომარე გურამ საღარაძე.

- ბატონო გურამ, კარს მოგვადგა 30-ე ოლიმპიური თამაშები. პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის ეს ოლიმპიადა ორმაგად საიუბილეოა - ჩვენთვის პირველი ოლიმპიადიდან (1952, ჰელსინკი) 60 წელიწადი შესრულდა. რას იტყოდით განვლილი წლების გადასახედიდან.
- უპირველესად ვიტყოდი, რომ საქართველო
გახდა საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ღირსეული წევრი და ტოლ-სწორად იბრძვის ელიტური სპორტული ქვეყნების ათლეტებთან წარმატების მოსაპოვებლად.

ჩვენი სპორტსმენების მიღწევები საყოველთაოდაა ცნობილი და ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ იმას კი ამაყად მოგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშებში ჩვენი თავისუფალი სტილის მოჭიდავეების წილად დღემდე მოდის 7 ოქროს 4 ვერცხლისა და 9 ბრინჯოს მედალი და ჩვენს ქვეყანაში, ამ მაჩვენებლით, პირველობას ინარჩუნებს სპორტის სხვა ოლიმპიურ სახეობებთან შედარებით...

- ბუნებრივია, თქვენ და, საერთოდ, ვეტერანი ფალავნები მუდამ ინტერესით ადევნებთ თვალყურს მემკვიდრებს, თქვენზე უკეთ ვინ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია თაობათა ცვლის პროცესი. რა შენიშვნები გაქვთ?
- სპორტი გამორჩეულია იმითაც, რომ მუდმივად განახლებისა და წინსვლის ახალ-ახალი გზებისა და მიდგომების ძიებაშია. 1952 წელს, როცა ჩვენი ფალავნები ოლიმპიურ სარბიელზე პირველად გავიდნენ, საბჭოთა ნაკრები, თანაც ორივე - ბერძნულ-რომაულიც და თავისუფალიც. ერთ კაცს, ქართველ მწვრთნელს ვახტანგ კუხიანიძეს ჩააბარეს.

ეს არ იყო შემთხვევითი. იმ დროს, შორს რომ არ წავიდე, საბჭოთა სივრცეში მაინც, არც ერთ ერს არ ჰქონდა ქართველების დარი გენური საფალავნო მემკვიდრეობა. ასეა დღესაც და ასე იქნება მუდამ.

ჩამორჩენა გამორიცხულია, წინ ვივლით. ამიტომ ვამბობ ხმამაღლა: ჯეროვნადაა დასაფასებელი მწვრთნელთა ახალი თაობა, რომლებმაც კიდევ უფრო გაამდიდრეს წინამორბედთა დაგროვილი ცოდნა-გამოცდილება. ასეთი ადამიანების წყალობით, არასდროს დადგება დრო, როცა მავანი თავს იმართლებს თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესით. ჭიდაობა ასეთ იმუნიტეტზე, როგორც იტყვიან, საიმედოდაა აცრილი.

- რა მოლოდინი გაქვთ ლონდონის ოლიმპიადიდან?
- თუნდაც ის, რაც ზემოთ გითხარით, არ მაძლევს პესიმიზმის უფლებას. თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიადებზე მხოლოდ ორჯერ დავრჩით უმედლოდ. პირველად 1980 წელს, როცა იმ დროს უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ლევან თედიაშვილი არ დააყენეს საბჭოთა ნაკრებში მოსკოვის ოლიმპიადაზე, არადა, მზად იყო.

2008 წელს პეკინში ერთი ოქროს და ბრინჯაოს ორი მედალი მოვიპოვეთ. ასეთი შთამბეჭდავი შედეგი, ანუ სამი მედალი, თანაც იგივე ხარისხის, მხოლდ კიდევ ერთხელ - შორეულ 1956 წელს მელბურნში გვქონდა, თანაც საბჭოთა გუნდში, სადაც თითოეულ წონაში ყოველთვის იყო 5-7 სრულფასოვანი კანდიდატის ნაკრებისთვის შერჩევის შესაძლებლობა.

ახლა მათი "შვილიშვილები" გამოვლენ ლონდონში. როგორ ფიქრობთ, არ უნდა მქონდეს მეც და სხვა ვეტერანებს "ბადიშების" იმედი? დიახ, ეს ჩვენი "ბადიშების" ოლიმპიადაა.

- ბატონო გურამ, დაკვირვებული ვარ, ჩვენი ოლიმპიური პრიზიორები როგორღაც თავს არიდებენ ხოლმე ოლიმპიადებზე ლაპარაკს. ალბათ იმიტომაც, რომ ჩემპიონებით ვართ გალაღებულები თორემ ზოგიერთ ქვეყანაში ეროვნულ გმირებად ბრინჯაოს მედალოსნები ჰყავთ, ბევრისთვის კი ესეც სანატერელია.
- მერედა, ჩვენში ხელაღებით ვინ გაგვყო ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები?! განა ერთი რწმენით და ერთნაირი შემართებით არ ვასპარეზობდით? ვინმემ რამე დავაკელით? ზოგს იღბალმა უმტყუნა, ზოგს გამოუცდელობამ, ზოგი მსაჯებმა დაჩაგრეს.

- თქვენ თავსაც გულისხმობთ?
- კი, ბატონო, მეც არასწორმა მსაჯობამ დამაღალატა და იმიტომაც მივიდა საქმე სასწორამდე. ვფიქრობ, ჭიდაობაში დაუშვებელია ძალოსნობის წესის გამოიყენება. კიდევ კარგი, ჩემმა ძვირფასმა უფროსმა მეგობრებმა ეროსი მანჯგალაძემ და დოდო აბაშიძემ დეპეშით გამამხნევეს, შენი ვერცხლი ოქროს გვირჩევნია, მშვიდობით დაგვიბრუნდიო.

- რამდენჯერმე არც მსოფლიოს ჩემპიონატებზე დაგინდეს...
- მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატში ვმონაწილეობდი და კეთილსინდისიერი მსაჯობა რომ ყოფილიყო, სულ მცირე, სამი ოქროს მედალი მაინც უნდა მქონდეს.

- სამწუხაროა, რომ მსაჯობის პრობლემა საბოლოოდ დღემდე ვერ გადაიჭრა, მაგრამ გაოცებას იწვევს, რატომ ვერ გვარდება ის, რაც თვით ქვეყნის შიგნითაა გადასაწყვეტი. ოლიმპიადებზე პირადი მწვრთნელების თანხლებას ვგულისხმობ...
- ეს მართლაც მტკივნეული თემაა. აი ახლაც, მაგალითად, თავისუფალი ჭიდაობის შვიდი წარმომადგენლიდან სამი გორელია - გიორგი გოგშელიძე, ოთარ თუშიშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი - სამივე ნუგზარ სხირელის აღზრდილი. არადა, ნუგზარი ერთხელაც არ ყოფილა ოლიმპიადაზე.

კაცო, წაიყვანე, რა დაშავდება, თავის მოწაფეებს უკეთ არ მიხედავს? პეკინში რომ ყოფილიყო, ეჭვიც არ მეპარება, გოგშელიძე ჩემპიონი გახდებოდა.
მეტი რომ არ ვთქვა, ეს ნუგეშის, იმედის წართმევაა ამ ბიჭებისთვის. შეგირდების ყველაზე უკეთ მწვრთნელმა იცის, ისე, როგორც დედამ და მამამ იციან შვილების.

სხირელი ათეული წლების განმავლობაში ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელია, დამსახურებული პიროვნება, მოღვაწე, ადამიანი. არ შეიძლება ასეთი მიდგომა, ყველა ფედერაციამ უნდა იცოდეს ეს!

- ბიძინა მაზიაშვილი ისე წავიდა ამქვეყნიდან, ოლიმპიურ თამაშებზე არ ყოფილა...
- აგაშენათ ღმერთმა! გახსოვთ ხახალეიშვილის ისტორია? ოლიმპიური ჩემპიონი ვერ აწონეს! ვიღაცის კაპრიზის გამო, ოდიოზური ხალხის გამო, ეს დამსახურებული კაცი ოლიმპიადამდე ორი-სამი თვით ადრე ჩამოაშორეს ნაკრებს. ახლა არ მინდა მათი ვინაობის დასახელება. წაეყვანათ ბიძინა ატლანტაში და ხახალეიშვილი მეორე ოქროს თუ არა, ვერცხლს მაინც ჩამოიტანდა! იმასაც დიდი კითხვის ნიშანი უწერია, ვერ აწონეს თუ არ აწონეს! უდიდესი კრახი და თავის მოჭრა იყო - ოლიმპიური ჩემპიონი ვერ აწონეს!

- ოლიმპიადის წინ, რას ეტყოდით, საერთოდ, ჩვენ ოლიმპიელებს...
- ყველას ვეფერები, გზას ვულოცავ, გამარჯვებით დაბრუნებას ვუსურვებ და თითოეულს შევახსენებ მამაპაპურ სიბრძნეს: "გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ესაუბრა დავით ჭელიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გურამ ბაბული, თქვენს ვაჟკაცობას გაუმარჯოს. მჯერა არ შგარცხენთ ბადიშები. ისე ძალზე საწყენია, რომ სპორტში პოლიტიკა გარიეს, ეს ა რ ა კ ა ც ო ბ ა ა!
zuxusha
17:27 21-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული