მამუკა ხაბარელი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

AutoSharing Option
ბრაშოვში (რუმინეთი) გრძელდება ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი. სნოუბორდკროსში ბექა მერკვილაძემ 1.05,67-ით 44 მონაწილეს შორის 35-ე ადგილი დაიკავა და ფინალურ 32 საუკეთესოში შესასვლელად 3,2 წამი დააკლდა.

20 თებერვალს ბრაშოვში ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგი (ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური ფესტივალების გამართვის იდეა სწორედ მას ეკუთვნის) და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების თავკაცი პატრიკ ჰიკი ეწვივნენ.

ბატონი ჰიკი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით არაერთხელ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, 20 თებერვალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ მამუკა ხაბარელს შეხვდა.

მან კმაყოფილება გამოთქვა
სეოკ-ის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გამო.

როგორც შევიტყვეთ, ევროპის ეოკებ-ის პრეზიდენტი დაინტერესებულა ევროპის ახალგაზრდობის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებისა და ბაკურიანში საციგაო ტრასის მშენებლობის დეტალებით.

დაწვრილებით გაცნობია იმ სამუშაოებს, რომლებიც სოკ-ის დახმარებითა და საქართველოს ხელისუფლების თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს.

ჰიკმა გულისტკივილით გაიხსენა ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი.

შეხვედრისას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების თავკაცი და მამუკა ხაბარელი შეეხნენ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის შესაძლო ამოღებას და ბუენოს-აირესში (არგენტინა) 2013 წლის სექტემბერში გასამართავი სოკ-ის 125-ე გენერალური ასამბლეის მთავარ საკითხს - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებს.

პრეზიდენტის პოსტზე ამჟამად სამი კანდიდატურაა გამოკვეთილი: გერმანიის სპორტის ოლიმპიურ სახეობათა კონფედერაციის დამფუძნებლის, სოკ-ის აღმასკომის საპატიო წევრისა და მისი იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თომას ბახის, სოკ-ის ფინანსური კომისიის ხელმძღვანელის რიჩარდ კერიონის (პუერტო-რიკო) და სოკ-ის წევრი სერ მიანგის (სინგაპური).

შეხვედრის დასასრულს პატრიკ ჰიკმა სეოკ-ის ხელმძღვანელობასა და ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა...

21 თებერვალს ბრაშოვში რამდენიმე სახეობაში გათამაშდება მედლების კომპლექტი. სამთო მოთხილამურე ვაჟები სლალომში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ხოლო სნოუბორდისტები პარალელურ გიგანტურ სლალომში იბრძოლებენ ჯილდოებისთვის. მოასპარეზეთა შორის ქართველებიც იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული