ოლიმპიადა 2016: რიოში პროგრამას გააფართოებენ?

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ დიუბიმ განაცხადა, რომ შესაძლებელია 2016 წლის ოლიმპიადის პროგრამაში გაჩნდეს ახალი დისციპლინები, რომელიც უკვე დამტკიცებული სპორტის სახეობების ეგიდით გაიმართება.

ასე მაგალითად, ბრაზილიაში შეიძლება გათამაშდეს მედლები "სამი სამზე" კალათბურთში, ველოსპორტის ორ ახალ დისციპლინაში (BMX-ის ფრისტაილი და ტურნირი გამოვარდნაზე მაუნტიბაიკში), შერეულ გუნდურ შეჯიბრში მშვილდოსნობასა და ტრიატლონში, აგრეთვე ცურვაში რვა ახალ დისციპლინაში (50 მეტრი ბრასი, 50 მეტრი ბატერფლაი, 50 მეტრი გულაღმა - კაცებსა და ქალებს შორის, 800 მეტრი თავისუფალი კაცებში და 1500 მეტრი ქალებში).

დიუბის სიტყვებით, ოლიმპიური სპორტული
ფედერაციები მეტად შემოქმედებითად მიუდგნენ სპორტის შესაბამისი სახეობების რანგში ახალი დისციპლინების გამოჩენის შესაძლებლობას და თამაშებმა მათ განვითარების ახალი ბიძგი უნდა მისცეს. დიუბის ანგარიშის გაცნობის შემდეგ სოკ-ის აღმასკომი ახალ დისციპლინებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 9 აგვისტოს, მოსკოვში მიიღებს.

ასევე, არსებობს იდეა იმის შესახებ, რომ გაიზარდოს მონაწილე გუნდების რიცხვი კალათბურთის ტურნირებზე, პლაჟის ფრენბურთში (32 წყვილი მამაკაცებსა და ქალებს შორის 24-ის ნაცვლად) და ქალთა წყალბურთში (12 გუნდი 8-ის ნაცვლად). ასევე, შეიძლება გაიზარდოს მონაწილეთა რიცხვი ღია წყალში 10 კილომეტრზე ცურვასა (25-დან 30-მდე) და წყალში ხტომაში.

დიუბის თქმით, ფიფას არ შეუთავაზებია ოლიმპიურ პროგრამაში პლაჟის ფეხბურთის შეტანა. სამაგიეროდ, ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციას სურს შეიტანოს ოლიმპიურ პროგრამაში დოღის სახეობა.

ამ მომენტისთვის 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში აპირებენ მედლების 306 კომპლექტის გათამაშებას სპორტის 27 სახეობაში: მძლეოსნობა, აკადემიური ნიჩბოსნობა, ბადმინტონი, კალათბურთი, კრივი, ბაიდარებითა და კანოეთი ნიჩბოსნობა, ველოსპორტი, ცხენოსნობა, ფარიკაობა, ფეხბურთი, ტანვარჯიში, ძალოსნობა, ხელბურთი, ბალახის ჰოკეი, ძიუდო, ცურვა, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაეკვანდო, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მშვილდოსნობა, ტრიატლონი, აფროსნობა, ფრენბურთი, რაგბი, გოლფი და ჭიდაობა. სულ ზაფხულის თამაშებზე იგეგმება 10 700 ათლეტის მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟაკ როგე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული