იგორ კოკოშკოვზე მეტად კალათბურთი არავის უყვარს

AutoSharing Option
სერბული და მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა, ვლადე დივაცს, ალბათ NBA-ში თამაშისას იშვიათად ჰქონდა ისეთი დატვირთვა, როგორიც საქართველოში სტუმრობისას. თუმცა, მისთვის ჩვეულად, ყველაფერს კარგად გაართვა თავი და დღის ბოლოსაც ისეთივე ენერგიული იყო, როგორც "ლეიკერსის" მაისურით ამა თუ იმ მატჩის გადამწყვეტ მომენტში.

თუმცა, ვიდრე გუშინდელ დღეზე ვილაპარაკებდეთ, გეტყვით, რომ დივაცი საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავკაცად აირჩიეს. იგი თბილისში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, გია ნაცვლიშვილის მოწვევით ჩამოვიდა. დივაცის სტუმრობის მიზანი ორი ოლიმპიური კომიტეტის მეტად დაახლოება და სერბი პრეზიდენტის
მხრიდან საქართველოს უკეთ გაცნობა იყო. მკითხველს ისიც ეცოდინება, რომ თბილისი 2015 წელს, ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის იბრძვის. მთავარი კონკურენტი ჩეხეთის ქალაქი ბრნოა. მართალია, ვლადე დივაცი ოფიციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჩამოსულა, მაგრამ ქართულ სპორტულ ინფრასტრუქტურას კარგად გაეცნო, აქაურობა იმდენად მოეწონა, რომ, როცა მასპინძელი ქალაქის არჩევაზე მიდგება საქმე, ალბათ სიტყვასაც შეგვაწევს.

ახლა, თბილისსა და მცხეთაში მოტრიალე ვლადე დივაცს გავყვეთ. იგი აეროპორტში 12 ნოემბერს, გამთენიისას 4 საათზე დაეშვა და სასტუმრო "თბილისი მერიოტში" დაბინავდა, თუმცა გამოსაძინებლად ვერ მოიცალა, 10:30 საათზე ძიუდოს კომპლექსი მოინახულა, სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს შეხვდა და ძვირფასი საჩუქარიც მიიღო - მის ზომაზე (დივაცი 212 სმ სიმაღლისაა) შეკერილი კიმონო, წარწერით - დივაც.

დილასვე სერბმა ლეგენდამ საქართველოს პირველ დედაქალაქ მცხეთას მიაშურა და იმდენად მოიხიბლა, რომ გულახდილად თქვა: საქართველოს ახლო მომავალში აუცილებლად ვესტუმრები, ოღონდ მეუღლესთან ერთად, დასასვენებლად და დასათვალიერებლად.

მცხეთიდან დაბრუნებული სტუმარი საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ მიიღო და საჩუქრები გადასცა. შეხვედრიდან სერბი აღფრთოვანებული გამოვიდა. შემდეგ მას თბილისის მერმა გიგი უგულავამ უმასპინძლა, რასაც საქართველოს პარამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ვიზიტი მოჰყვა. ვლადე დივაცმა ამ შეხვედრების შესახებ სპორტის სამინისტროში სტუმრობისას ილაპარაკა: "საქართველოში სპორტი ძალიან უყვართ. ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, თუმცა მანამდეც არაერთ თქვენიანს ვიცნობდი. მნიშვნელოვანია ერთი რამ - მთავრობა სპორტის განვითარებაზე სერიოზულად ზრუნავს. ვფიქრობ, ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს".

სამინისტროში სტუმარი მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდა, რომელმაც აუხსნა, რომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა ქართველთათვის დიდი პატივი და ამავე დროს სერიოზული პასუხისმგებლობაა: "რაც აქამდე ვითავეთ ყველაფერი ბოლომდე კარგად შევასრულეთ. იმ დროისთვის, როცა ოლიმპიური ფესტივალი იგეგმება, საქართველო ღირსეულად სამასპინძლოდ ყოველმხრივ მზად იქნება. საქმეში მხოლოდ ერთი სამინისტრო როდი იქნება ჩართული, ყველა სტრუქტურის მობილიზება მოხდება".

თავის მხრივ, ვლადე დივაციმა დასძინა: "ვაცნობიერებ, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ამ სახის ღონისძიების მასპინძლობას, თქვენი ქვეყნის შესახებ ჩემს შთაბეჭდილებებს მეგობრებსაც გადავცემ. იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით..."

სპორტის სამინისტროდან სერბეთის ეოკ-ის პრეზიდენტი სპორტკომპლექს "ოლიმპიკის" მოსანახულებლად გაემგზავრა, იქიდან კი სპორტის სასახლეს მიაშურა. არენის გარეთ მას არაერთი გულშემატკივარი დახვდა, ხოლო დარბაზში შესულმა ჯერ ზემოთ აიხედა (სპორტის სასახლის მასშტაბებით აშკარად მოიხიბლა), შემდეგ პიჯაკი გაიხადა და ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად მოედნის ცენტრიდან ბურთი ფართან ზურგით მდგომმა ისროლა, რასაც მოჰყვა საჯარიმოები და სამახსოვრო ფოტოები, ავტოგრაფები. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელების გარდა, სპორტის სასახლის მოედანზე ლეგენდარული სერბის გვერდით იყო თბილისის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ვახტანგ ნაცვლიშვილი. დივაცმა სასახლეშივე გაიცნო ვლადიმერ ბოისას უმცროსი ძმა ანატოლი.

დარბაზის გასასვლელში ბატონ ვლადს საქართველოს ნაკრების თავკაცის, იგორ კოკოშკოვის შესახებ ვკითხე, რადგან ვიცოდი, რომ ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან.

- იგორი ჩემი მეგობარია, შესანიშნავი პიროვნებაა. მან კალათბურთის შესახებ ძალიან ბევრი იცის და რაც მთავარია, დღითი-დღე პროგრესირებს. დედამიწაზე არ მეგულება ადამიანი, იგორზე მეტად უყვარდეს კალათბურთი. მერწმუნეთ, თქვენი ნაკრები საიმედო მწვრთნელის ხელშია. ეს შედეგებიდანაც ჩანს - საკალათბურთო ამბებს თვალ-ყურს ინტენსიურად ვადევნებ და ვიცი, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. იგორსაც და თქვენც წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებ, საინტერესო კალათბურთს შემოგვთავაზებთ. შევხვდებით ლიტვაში.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული