ბარსელონა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას უმიზნებს

AutoSharing Option
კატალონიის დედაქალაქი ბარსელონა 2022 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობისთვის განაცხადის შესატანად ემზადება. მისი კონკურენტები შეიძლება გახდნენ - შვეიცარია, ნორვეგია და უკრაინა. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 127-ე სესიაზე, რომელიც 2015 წლის ივლისში გაიმართება. ბოლოს ბარსელონამ 1992 წელს უმასპინძლა ოლიმპიადას, ოღონდ ის ზაფხულის თამაშები იყო.

"კატალონიის მთავრობა ერთმნიშვნელოვნად მხარს დაუჭერს ამ განაცხადს, თუ ის ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ უკვე გაგვაჩნია ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. ბარსელონას აქვს დიდი ტურნირების ჩატარების გამოცდილება, მაგალითად, ამ ზაფხულს ვუმასპინძლეთ სპორტის საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატს. დავამტკიცეთ, რომ მსგავსი
ტურნირების ორგანიზებისთვის დიდი ფულის ხარჯვა საჭირო არ არის.

გასაუმჯობესებელია მხოლოდ სატრანსპორტო მიმოსვლა ბარსელონასა და პუიგსერდს შორის, მაგრამ ამ საკითხის გადაჭრა სწრაფად არის შესაძლებელი",
- განაცხადა კატალონიის ტერიტორიული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სანტი ვილამ.

ბარსელონას მერს ხავიერ ტრიასს მიაჩნია, რომ მისი ქალაქის შანსები მას შემდეგ გაიზარდა, რაც მადრიდმა წააგო 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლა ტოკიოსთან. ამასთან, ოლიმპიადის ორგანიზება ბარსელონას ტერიტორიაზე და ახლომდებარე პირენეებზე დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე შეიძლება.

მერმა აღნიშნა, რომ ბარსელონას მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ განმეორდება ოლიმპიური ზღაპარი, რომელსაც 1992 წელს ჰქონდა ადგილი. ქალაქი სრულად არის მზად, წარსული გამოცდილება საუკეთესო დახმარება იქნება საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად.

2022 წლის ოლიმპიადის ორგანიზების მეორე კანდიდატი ქვეყანაა უკრაინა, რომელიც უკვე ნოემბერში აპირებს განაცხადის წარმოდგენას. თამაშების ჩატარება იგეგმება ლვოვში, ტისოვცესა და ბორჟავაში.

ასევე, ამ ოლიმპიადის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს ყაზახეთის დედაქალაქი ალმატი, შვეიცარიის ჟენევა და ბერნი, ამერიკის დენვერი, კანადის კვებეკი, აგრეთვე - ფინეთის ჰელსინკი, კუოპიო და ტაჰკოვუორი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 14 ნოემბერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული