პირველად ისტორიაში, ოლიმპიურმა ჩირაღდანმა ჩრდილოეთ პოლუსამდე მიაღწია. პლანეტის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში ცეცხლი მიიტანეს მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ატომული ყინულმჭრელით, რომელსაც "გამარჯვების 50 წელი" ჰქვია.
ყინულმჭრელმა, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ფერებში იყო გაფორმებული, ჩრდილოეთ პოლუსამდე 20 ოქტომბერს მიაღწია. ასევე დამყარდა კიდევ ერთი რეკორდი - პირველად ყინულმჭრელმა შეასრულა მოგზაურობა პოლარული ღამის პირობებში 91 საათსა და 12 წუთში.
სოჭის ოლიმპიადის ჩირაღდნის ესტაფეტის ნაწილი გაიმართა ყინულმჭრელის ბაქანსა და ყინულზე, ხოლო გეოგრაფიული ჩრდილოეთ პოლუსის წერტილში შედგა ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია.
ოლიმპიური ცეცხლის ტარების პატივი ერგო 11 მეჩირაღდნეს,
რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით არქტიკის შესწავლაში, მისი ბუნებრივი პირობების, ცხოველებისა და ეკოლოგიის შენარჩუნებაში. მათ შორის არიან - ლასი ჰეინინენი (ფინეთი), იენს პეტერ ნილსენი და იან გუნარ ვინტერი (ნორვეგია), კარენ პეტ პიტნი (აშშ), სტეინგრიმურ იონსონი (ისლანდია), სტივენ პოდბორსკი (კანადა), სიობერგ ილვა (შვედეთი), მარკუსენ კრისტიანი (დანია), ელენა კუდრიაშოვა (რუსეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"