"ლელო" აგრძელებს ზამთრის ოლიმპიადების ისტორიულ ექსკურსს. ამჯერად, ომის შემდეგ პირველი "თეთრი" ოლიმპიადის ჯერი დადგა...
ქალაქის არჩევანი
IV და V ოლიმპიადებს შორის გრძელმა 12-მა წელმა გაიარა, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს მეორე ომი. როცა საბრძოლო მოქმედებები შეწყდა და მშვიდობა დამყარდა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა ოლიმპიური თამაშების განახლება. 1948 წლის ზამთრის ოლიმპიადამ განსაკუთრებული სახელიც კი მიიღო - "აღორძინების თამაშები".
1948 წელს ზაფხულის თამაშების მასპინძლობა ბრიტანეთს მიანდეს, როგორც ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზე არ ვითარდებოდა სახმელეთო ბრძოლები (ალბიონი, ძირითადად, ავიაციური დაბომბვებისგან დაზარალდა). მასვე შესთავაზეს
სოკ-ი საკმაოდ შეზღუდული იყო არჩევანის მხრივ - შვედეთი ან შვეიცარია (ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობას არ იღებდნენ ომში). ასევე, 1948 წლის თამაშებზე პრეტენზიას აცხადებდა ამერიკული ლეიკ-პლესიდი, მაგრამ მისი კანდიდატურა თავიდანვე უარყვეს.
შვედეთის ფალუნს სოკ-ში გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდნენ, მაგრამ მას არ გააჩნდა სამთო თხილამურებისთვის საჭირო ტრასები და ამან გავლენა იქონია კენჭისყრაზე - ოცი წლის შემდეგ ზამთრის თამაშების მასპინძელი კვლავ შვეიცარიული სანკტ-მორიტცი გახდა.
მზადება ოლიმპიადისთვის
შეზღუდული ბიუჯეტის მიუხედავად, ზამთრის V ოლიმპიადის მასპინძლები მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით მიუდგნენ ტურნირის ორგანიზებას. საორგანიზაციო კომიტეტი რამდენიმე ჯგუფად დაიყო და თითოეული აქტიურად მუშაობდა შვეიცარიის მთავრობასთან და საერთშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან.
მასპინძლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს სამთო რეგიონში სატრანსპორტო სისტემის განვითარებას. როგორც გაირკვა, ეს მონდომება ფუჭი არ ყოფილა, რადგან მეხუთე თამაშებს 669 სპორტსმენი ეწვია. კიდევ 800 ადამიანი მუშაობდა ოლიმპიადის გაშუქებაზე გაზეთებსა და რადიოსადგურებში.
1928 წელთან შედარებით, როცა სანკტ-მორიტცში მეორე ოლიმპიადა ჩატარდა, ეს შვეიცარიული კურორტი დიდად არ შეცვლილა: კვლავაც მცირე სასტუმროები, პატარა ტრიბუნები მაყურებლებისთვის და ერთმანეთისგან დიდ მანძილზე მიმოფანტული სპორტული ობიექტები. განაწყენებული შვედები ღვარძლიანად უწოდებდნენ 1948 წლის თამაშებს - "ოლიმპიადას სასტუმროებში". ისინი მიანიშნებდნენ იმაზე, რომ ისედაც მცირე მაყურებელი, რომელიც იანვარში შვეიცარიაში ჩავიდა, დროის დიდ ნაწილს სასტუმროებში ატარებდა და სურვილი არ ჰქონდა, გაევლო მრავალი კილომეტრი იმის საყურებლად, როგორ გამოდიოდნენ, მაგალითად, ციგურებით მორბენლები.
თუმცა ომამდელი ოლიმპიადებისგან განმასხვავებელი სერიოზული სიახლე იყო სპორტულ არენებზე შვეიცარიული საათებისა და ქრონომეტრების დამონტაჟება. პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, სტადიონზე დამონტაჟებული იყო უზარმაზარი ქრონომეტრი, რომელიც ავტომატურად ირთვებოდა სტარტის დროს და ჩერდებოდა ფინიშზე.
შესაბამისად, აღარ განმეორდებოდა 1928 წლის ისტორია, როცა წამზომებით ფიქსირდებოდა დროები მეათედი წამის სიზუსტით და ამის გამო ციგურებით სირბილში 500 მეტრზე ორი ოქრო და ოთხი ბრინჯაო დაარიგეს.
გულშემატკივრები სანკტ-მორიტცში მართლაც ცოტანი იყვნენ: ომის შემდეგ ბევრს არ ჰქონდა ოლიმპიადაზე გამგზავრების საშუალება. ფინანსური სირთულეები სპორტსმენებსაც შეეხოთ: ბევრი თამაშებზე ცუდი ეკიპირებით ან საერთოდ, ინვერტარის გარეშე ჩავიდა. ცნობილია მაგალითი, როცა ნორვეგიელმა მოთხილამურეებმა ინვენტარი ამერიკელისგან ითხოვეს.
მონაწილეები და სპორტის სახეობები
ზამთრის V თამაშებში 28 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. გერმანელი და იაპონელი სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ დაუშვეს, რადგან ისინი მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებელ ქვეყნებს წარმოადგენდნენ. დებიუტანტთა შორის იყვნენ - დანია, ისლანდია, ჩილე და კორეა.
1948 წლის ოლიმპიადაზე თამაშდებოდა მედლების 22 კომპლექტი სპორტის 9 სახეობაში. პროგრამა გაფართოვდა სამთო თხილამურების ხარჯზე - უძლიერესები გამოავლინეს არა მხოლოდ კომბინაციაში, არამედ სლალომსა და სწრაფდაშვებაში როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შორის. გარდა ამისა, 20-წლიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიურ პროგრამაში დაბრუნდა სკელეტონი.
გახსნის ცერემონია
ამჯერად გახსნის ცერემონია უჩვეულოდ ადრე გაიმართა - 30 იანვარს. 10 საათზე დაიწყო სპორტსმენთა აღლუმი. ტრადიციის თანახმად, პირველები გამოვიდნენ ბერძენი სპორტსმენები, აღლუმი კი მასპინძელი ქვეყნის - შვეიცარიის ათლეტებმა დაასრულეს.
თამაშები გახსნილად გამოაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა ენრიკო ჩელიომ, რასაც სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის დანთება მოჰყვა. ცერემონია კი ოლიმპიური ფიცის დადებით დასრულდა, რომელიც შვეიცარიელმა ჰოკეისტმა რიჩარდ ტორიანიმ წარმოთქვა.
სკანდალები
ბობსლეის ტურნირზე ერთ სკანდალურ ეპიზოდს ჰქონდა ადგილი. გაირკვა, რომ ვიღაცამ დააზიანა ამერიკული ბობის საჭე. თუმცა პრობლემა მოგვარდა. აშშ-ის გუნდი სტარტზე გავიდა და ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა ოთხადგილიანი ბობებით ასპარეზობაში, ხოლო ორადგილიანებში მესამე ადგილზე გავიდა.
დუეტებში პირველი ორი ადგილი შვეიცარიელებმა მოიპოვეს, თანაც, მოსწავლე ფელიქს ენდრიხმა დაამარცხა თავისი მასწავლებელი ფრიც ფაიერაბენდი.
* * *
ციგურებით სირბილში მაღალი შედეგები იქნა ნაჩვენები. საყოველთაო ყურადღება მიპყრობილი იყო შვედი ოკე სეიფარტისკენ. ომამდე ის შესანიშნავ ველომრბოლელად იყო მიჩნეული, ზამთრის პერიოდში კი ციგურებით სირბილში ძალების მოსინჯვა სცადა და კარგადაც გამოუვიდა - შვედი მსოფლიოს რეკორდსმენი იყო 3000 და 5000 მეტრ დისტანციებზე.
სანკტ-მორიტცში სეიფარტი ერთ-ერთი ბოლო გარბოდა და პირველივე მეტრებიდან საჩემპიონო დროს აჩვენებდა. ალბათ, ჩემპიონიც გახდებოდა, მაგრამ უსიამოვნება შეემთხვა: ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა უკეთესი კადრის გადასაღებად სარბენ ბილიკზე შეაბიჯა და კინაღამ შეეჯახა სეიფარტს, რომელსაც დამუხრუჭება მოუწია და ეს მას მედლის დაკარგვად დაუჯდა. თუმცა შვედმა მაინც მოიპოვა ოქრო – მან ყველას აჯობა 10 ათას მეტრზე.
ფიგურული სრიალი
ფიგურულ სრიალში ბრწყინვალედ წარმოაჩინეს თავი ჩრდილოამერიკელებმა - დიკ ბატონმა და ბარბარა ენ სკოტმა.
ბატონის სრიალმა ყველა მონუსხა - მსაჯებიც და მაყურებელიც. მან აჩვენა ახალი აკრობატული სტილი და ამით ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ის პირველი იყო, ვინც ორმაგი აქსელი შეასრულა შეჯიბრებაზე და ეს სწორედ სანკტ-მორიტცში მოხდა. 19 წლის ბატონი ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.
მოციგურავეთა კავშირმა ის XX საუკუნის საუკეთესო მამაკაც მოციგურავედ დაასახელა. წარმომადგენლობითმა კომისიამ ეს არჩევანი იმით ახსნა, რომ ბატონმა შემოიტანა უამრავი ახალი ტექნიკური ელემენტი და ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა სპორტის ამ სახეობაში. გარდა ამისა, სწორედ მისი მონაწილეობით დაიწყეს მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება პროფესიონალებს შორის და ორგანიზაცია გაუკეთდა ფიგურულ სრიალში პირველ ტელეტრანსლაციებს.
ქალებს შორის გაიმარჯვა კანადელმა ბარბარა ენ სკოტმა, რომელიც კანადის ეროვნულ გმირად მიიჩნეოდა. 1947 წელს ის გახდა პირველი ჩრდილოამერიკელი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ამის გამო მას მშობლიურმა ქალაქმა ოტავამ ავტომობილი აჩუქა, მაგრამ სკოტმა უარი განაცხადა სამოყვარულო სტატუსის შესანარჩუნებლად.
მან პირველმა შეიტანა თავის პროგრამაში ორმაგი ლიუტცი. 1948 წლის ოლიმპიადის შემდეგ პროფესიონალებში გადავიდა.
ჰოკეის ტურნირი
სკანდალით აღინიშნა ჰოკეის ტურნირი. ამერიკიდან ტურნირზე ორი გუნდი ჩავიდა. ერთი გააგზავნა AHA-მ (ამერიკის ჰოკეის ასოციაცია), რომელსაც მხარს უჭერდა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია, მეორე – AAU-მ (სამოყვარულო ათლეტური კავშირი), რომელიც მანამდე წარმოადგენდა აშშ-ს ოლიმპიადებზე და კარგი კავშირები ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან.
გახსნის ცერემონიაზე ორივე გუნდი მივიდა და AHA-ს წარმომადგენლები მხოლოდ პოლიციის დახმარებით გაიყვანეს მოედნიდან.
"აღლუმში მონაწილებას AAU-ს გუნდი იღებდა, მაგრამ ტურნირზე ჩვენ ვითამაშებთ", - განაცხადა პრესკონფერენციაზე AHA-ს პრეზიდენტმა ბრაუნმა. ამ სიტუაციაში სოკ-მა ორივე ამერიკული გუნდი მოხსნა ტურნირიდან, მაგრამ ამას AHA არ დაეთანხმა. შემდეგ თითქოს სიტუაცია დაწყნარდა: AAU-ს გუნდი სამშობლოში დაბრუნდა, სოკ-მა კი თავისი გადაწყვეტილება გააუქმა და AHA-ს გუნდი ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლაში ჩაება.
საბოლოოდ, ამ გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა, მაგრამ მისი შედეგი ოლიმპიადის შემდეგ მაინც გააუქმეს.
ჰოკეის ტურნირში ცხრა გუნდი მონაწილეობდა და ისინი წრიული სისტემით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ჯამში, ჩატარდა 36 მატჩი და ბევრი ორნიშნა შედეგი დაფიქსირდა (ჩეხოსლოვაკია-იტალია 22:3; აშშ-პოლონეთი 23:4, აშშ-იტალია 31:1, შვედეთი-იტალია 23:0).
საბოლოოდ, ჩემპიონი მხოლოდ ბოლო მატჩში გამოვლინდა შაიბების უკეთესი სხვაობის წყალობით. ნულოვანმა ფრემ კანადისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებებს შორის, საშუალება მისცა ამ გუნდებს, წაუგებლად დაესრულებინათ ტურნირი. ამ ფრემ ყველას დაუმტკიცა, რომ ჩეხოსლოვაკია იმის გამო კი არ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, რომ იქ კანადა არ გამოდიოდა, არამედ თამაშის კლასი შესამჩნევად აიმაღლა.
საინტერესოა, წინა სამ ოლიმპიადაზე ამერიკამ, საერთო ჯამში, 52:0 დაამარცხა ჩეხოსლოვაკია.
საერთო აღიარებით, ჩეხოსლოვაკიელი ჰოკეისტები ბევრით არაფრით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს, შეტევაში კი აღემატებოდნენ კიდეც. შემთხვევითი არ არის, რომ ჩეხოსლოვაკიის ნაკრების კაპიტანმა ზაბროდსკიმ ტურნირზე 28 შაიბა გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგი იყო.
სხვა სახეობები
სათხილამურო რბოლებში ცხრიდან ექვს მედალი, მათ შორის, ყველა ოქრო, შვედებს ერგოთ. განსაკუთრებით კარგად გამოვიდა მარტინ ლუნდსტრიომი, რომელმაც 18 კილომეტრზე ინდივიდუალური რბოლა და ესტაფეტა მოიგო.
სამთო თხილამურებში თამაშდებოდა ყველაზე მეტი მედალი - ექვსი. თამაშების გმირი გახდა ფრანგი ანრი ორეიე, რომელმაც მოიგო სწრაფდაშვება, ბრინჯაო აიღო სლალომში და ოქრო დაიმსახურა კომბინაციაში. მის გარდა, არავის მოუპოვებია სამი ოლიმპიური მედალი შვეიცარიულ ალპებში.
ქალებს შორის გაიბრწყინეს ამერიკელმა გრეტჰენ ფრეიზერმა და ავსტრიელმა ტრუდე ბაიზერმა - მათ ანგარიშზე თითო ოქრო და ვერცხლი იყო.
საოცარ შედეგს მიაღწია ტრამპლინიდან ხტომაში 1932 და 1936 წლების ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ნორვეგიელმა ბირგერ რუუდმა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა და იქ ძალიან შეირყა მისი ჯანმრთელობა. განთავისუფლების შემდეგ რუუდი ნორვეგიული წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა.
სანკტ-მორიტცში 36 წლის რუუდი მწვრთნელის რანგში ჩავიდა, მაგრამ უშუალოდ ადგილზე ახალგაზრდობის გახსენება გადაწყვიტა და თავადაც იასპარეზა. რისკმა გაამართლა: ორ ოქროს მან ვერცხლი დაუმატა.
სკელეტონისტთა ტურნირზე გამარჯვებული ექვსი ცდის ჯამში გამოვლინდა და ის გახდა იტალიელი ნინო ბიბია. მან თავისი ქვეყნისთვის პირველი მედალი მოიპოვა ზამთრის თამაშებზე. ახლა ბიბიას სახელს ატარებს მე-10 მოსახვევი ჩეზანას ტრასაზე, სადაც გაიმართა 2006 წლის ოლიმპიადა.
1948 წლის თამაშებზე მეორე ადგილი მოიპოვა ამერიკელმა ჯონ ჰიტონმა. ეს დიდი სენსაცია იყო, რადგან ამ სპორტსმენმა თავისი პირველი მედალი ოცი (!) წლის წინ მოიგო და მაშინაც ეს იყო "ვერცხლი".
დახურვის ცერემონია
დახურვის ცერემონიის დაწყება გადაიდო იმის გამო, რომ მხოლოდ საღამოს დასრულდა ჰოკეიში ბოლო მატჩი კანადასა და შვეიცარიას შორის. ამის მიზეზი გახდა თბილი ამინდი, რის გამოც მოედანზე წყალი იდგა. კანადის ნაკრების ხელმძღვანელობამ თამაშის გადატანა მოითხოვა, მაგრამ სამსაჯო კოლეგიამ მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და დააფიქსირა ის ანგარიში, რომელიც შეწყვეტის მომენტში იყო - 3:0 კანადის სასარგებლოდ.
იქვე დააჯილდოვეს ჩემპიონი კანადა და ცოტა ხანში დახურვის ცერემონიაც დაიწყო.
მოედანზე გამოვიდნენ 28 მონაწილე ქვეყნის მედროშეები. ჩაქრა ცეცხლი ოლიმპიურ სტადიონზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, შვედმა ზიგფრიდ ედსტრიომმა მადლობა გადაუხადა სანკტ-მორიტცს თამაშების ორგანიზებისთვის და ოლიმპიადა დახურულად გამოაცხადა.
ბობსლეი
ორადგილიანი, მამაკაცები. 1. შვეიცარია-1 (ფელიქს ენდრიხი, ფრიც ვალერი); 2. შვეიცარია-2 (ფრიც ფაიერაბენდი, პაულ ჰანც ებერჰარჟი); 3. აშშ-1 (ფრედრიკ ფორჩუნი,შუილერ კარონი)...
ოთხადგილიანი, მამაკაცები. 1. აშშ-2 (ფრანსის ტაილერი, პატრიკ მარტინი, ედვარდ რიმკუსი, უილიამ დემიკო); 2. ბელგია (მაქს ჰუბენი, ფრედი მანსველდი, ჟორჟ ნილსი, ჟაკ მიუვე), 3. აშშ-1 ჯეიმს ბიკფორდი, ტომას ჰიქსი, დონალდ დიუპრე, უილიამს დიუპრე)...
ციგურებით სირბილი
500 მ. მამაკაცები. 1. ფინ ჰელგესენი (ნორვეგია) - 43,1; 2. კენეტ ბარტოლომიე (აშშ) - 43,2; 2. ტომას ბიუბერგი (ნორვეგია) - 43,2; 2. რობერტ ფიტცჯერალდი (აშშ) - 43,2...
1 500 მ. მამაკაცები. 1. სვერე ფარსტადომი (ნორვეგია) - 2.17,6; 2. ოკე სეიფარტი (შვედეთი) - 2.18,1; 3. ოდ ლუნდბერგი (ნორვეგია) - 2.18,9...
5 000 მ. მამაკაცები. 1. რეიდარ ლიაკლევი (ნორვეგია) - 8.29,4; 2. ოდ ლუნდბერგი (ნორვეგია) - 8.32,7; 3. ეტე ჰედლუნდი (შვედეთი) – 8.34,8...
10 000 მ. მამაკაცები. 1. ოკე სეიფარტი (შვედეთი) - 17.26,3. 2. ლასე პარკინენი (ფინეთი) - 17.36,0; 3. პენტი ლამიო (ფინეთი) - 17.42,7...
სათხილამურო ორჭიდი
ინდივიდუალური. მამაკაცები. 1. ჰეიკი ჰასუ (ფინეთი); 2. მარტი ჰუტალა (ფინეთი). 3. სვენ იზრაელსონი (შვედეთი)...
თხილამურებით რბოლა
18 კმ. მამაკაცები. 1. მარტინ ლუნდსტრიომი (შვედეთი); 2. ნილს ოსტენსონი (შვედეთი); 3. გუნარ ერიქსონი (შვედეთი)...
50 კმ. მამაკაცები. 1. ნილს კარლსონი (შვედეთი); 2. ჰარალდ ერიქსონი (შვედეთი); 3. ბენიამინ ვანინენი (ფინეთი)...
ესტაფეტა. მამაკაცები. 1. შვედეთი (ნილს ოსტენსონი, ნილს ტაპი, გუნარ ერიქსონი, მარტინ ლუნდსტრიომი); 2. ფინეთი (ლაური სალვენოიენენი, ტეივო ლაუკანენი, საული რუტკუ, აუგუსტ კიურუ); 3. ნორვეგია (ერლინგ ევენსონი, ოლავ ლკერნი, რეიდარ ნიუბორგი, ოლავ ჰაგენი)...
ტრამპლინიდან ხტომა
K90 ინდივიდუალური (70 მ). მამაკაცები. 1. პეტერ ჰუგსტედი (ნორვეგია); 2. ბირგერ რუუდი (ნორვეგია); 3. ტორლიეფ შელდერუპი (ნორვეგია)...
სამთო თხილამურები
კაცები. სწრაფდაშვება. 1. ანრი ორეიე (საფრანგეთი); 2. ფრანც გაბლი (ავსტრია); 2. კარლ მოლიტორი (შვეიცარია); 3. როლფ ოლინგერი (შვეიცარია)...
კაცები. სლალომი. 1. ედი რაინელტალერი (შვეიცარია); 2. ჯეიმს კოტე (საფრანგეთი); 3. ანრი ორეიე (საფრანგეთი)...
კაცები. კომბინაცია (სწრაფდაშვება+სლალომი). 1. ანრი ორეიე (საფრანგეთი); 2. კარლ მოლიტორი (შვეიცარია); 3. ჯეიმს კოტე (საფრანგეთი)...
ქალები. სწრაფდაშვება. 1. ჰედი შლიუნეგერი (შვეიცარია); 2. ტრუდე ბაიზერი (ავსტრია); 3. რესი ჰამერი (ავსტრია)...
ქალები. სლალომი. 1. გრეტჰენ ფრეიზერი (შვეიცარია); 2. ანტუდნეტ მაიერი (შვეიცარია); 3. ერიკა მარინგერი (ავსტრია)...
ქალები. კომბინაცია (სწრაფდაშვება+სლალომი). 1. ტრუდე ბაიზერი (ავსტრია); 2. გრეტჰენ ფრეიზერი (აშშ); 3. ერიკა მარინგერი (ავსტრია)...
სკელეტონი
მამაკაცები. 1. ნინო ბიბია (იტალია); 2. ჯონ ჰიტონი (აშშ); 3. ჯონ გრამონდი (ბრიტანეთი)...
ფიგურული სრიალი
მამაკაცები. 1. დიკ ბატონი (აშშ); 2, ჰანს გერშვილერი (შვეიცარია); 3. ედი რადა (ავსტრია)...
ქალები. 1. ბარბარა ეს კოტი (კანადა); 2. ევა პავლიკი (ავსტრია); ჯანეტ ალტვეგი (ბრიტანეთი)...
სპორტული წყვილები. 1. მიშელ ლანუა/პიერ ბონიე (ბელგია); 2. ანდრეაკეკეში/ედე კირალი (უნგრეთი); 3. სიუზან მოროუ/უელს დიესტელმაიერი (კანადა)...
ჰოკეი
მამაკაცები. 1. კანადა (მიურეი ელ-დოუი, ბერნარდ დანსტერი, ჯონ ლეკომპტი, ანრი-ანდრე ლაპერიერი, უოლტერ ჰოლდერი, ჯორჯ მარა, რეჯინალდ შრეტერი, ტომას ჰიბერტი, ალბერტ რენო, ორვერ გრაველი, პატრინ გუცო, როს კინგი); 2. ჩეხოსლოვაკია (ბოგუმილ მოდრი, ზდენეკ იარკოვსკი, მიროსლავ სლამა, ოზეფ ტროუსილეკი, პრჟემილ ჰაინი, ვილივალდ შტევიკი, ზაბროდსკი, მიროსლავ პოკორნი, სტანისლავ კონოპაშეკი, ლადისლავ ტროიაკი, ლადიმირ ზაბროდსკი, ვაცლავ როზინიაკი, იაროსლავ დრობნი, კარელ სტიბორი, გუსტად ბუბნიკი, ვლადიმერ ბოუზეკი, ვლადიმირ კორბანოვი); 3. შვეიცარია (ბენინგერი, უ. პოლტერა, ჰანდშინი, ტორიანი, ჰ. კატინი, ფ. კატინი, დიურსტი, რიუდი, ბილერი, ბოლერი, ჰ. ლორერი, ვ. დიურსტი, გ. პოლტერა, ტრეპი, პერლი, ვ. ლორერი, შუბიგერი)...
ყველა მედალი
ო ვ ბ ს
1. ნორვეგია 4 3 3 10
1. შვედეთი 4 3 3 10
3. შვეიცარია 3 4 3 10
4. აშშ 3 4 2 9
5. საფრანგეთი 2 1 2 5
6. კანადა 2 0 1 3
7. ავსტრია 1 3 4 8
8. ფინეთი 1 3 2 6
9. ბელგია 1 1 0 2
10. იტალია 1 0 0 1
11. უნგრეთი 0 1 0 1
11. ჩეხოსლოვაკია 0 1 0 1
13. ბრიტანეთი 0 0 2 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: IV ოლიმპიური თამაშები