ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: VI ოლიმპიური თამაშები

AutoSharing Option
ოსლო
ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო მდებარეობს ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ქალაქს ეკუთვნის 40 პატარა კუნძული. ოსლოს საზღვრებშია 343 ტბა, რომელიც სასმელი წყლის მიღების მთავარი წყაროა. ოსლოს ტერიტორიაზე გადის ორი პატარა მდინარე: აკერსელვა და ალნა.

VI ოლიმპიური თამაშების გარდა, ნორვეგიის დედაქალაქში ოთხ-ოთხჯერ ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატები ბიატლონსა და სათხილამურო სპორტში. ქალაქი ერთხელ ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობდა.

პირველად დედაქალაქში
1952 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოსლოში ჩატარების გადაწყვეტილება 1947 წელს, სტოკჰოლმში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე მიიღეს. თამაშების ორგანიზებაზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ ლეიკ-პლესიდი (აშშ) და კორტინა დ’ამპეცო
(იტალია). ეს იყო პირველი ოლიმპიადა, რომლის დედაქალაქი სოკ-ის წევრებს შორის კენჭისყრით აირჩიეს და არა შეთანხმების შედეგად. კენჭისყრაში 28 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ხმები ასე გადანაწილდა: ოსლო - 18, კორტინა დ’ამპეცო - 9, ლეიკ-პლესიდი - 1.

თამაშებისთვის მზადება
ეს იყო ზამთრის პირველი ოლიმპიადა (და ჯერჯერობით ერთადერთი), რომელიც არა პატარა საკურორტო ქალაქში, არამედ ქვეყნის დედაქალაქში ჩატარდა. ეს 1952 წლის თამაშებს საზეიმო ელფერს სძენდა.

თამაშების წინ ნორვეგიელებმა ბობსლეის ახალი ტრასა ააშენეს, რეკონსტრუქცია ჩაუტარეს ჰოლმელკოლენის ლეგენდარულ ტრამპლინს და ოსლოში ააშენეს ულამაზესი სტადიონი "ბისლეტი".

ეს იყო უთანამედროვესი სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველანაირ საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ციგურებით სირბილისთვის ბილიკის სიგრძე 400 მეტრი იყო, მორბენლებისთვის განკუთვნილი წრის შიგნით კი 30x60 მეტრის მოედანზე შესაძლებელი იყო ჰოკეის მატჩებისა და ფიგურული მოციგურავეების ტურნირის ჩატარება.

ცენტრალური სპორტული არენის კონსტრუირებისას ბევრი ტექნიკური სიახლე გამოიყენეს. პრესის წარმომადგენლები და რადიოკომენტატორები ტექნიკურად სრულად იყვნენ აღჭურვილნი. დიდი ტრიბუნის ჩრდილოეთი ნაწილი რეპორტიორებს ეკუთვნოდათ: მათ განკარგულებაში იყო საწერი მაგიდები და ტელეფონები. იქვე იყო 16 კაბინა რადიოკომენტატორებისთვის. ტრიბუნების ქვეშ განათავსეს ახალი სამედიცინო ცენტრი. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს 6-8 ექიმი ემსახურებოდა.

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩები ხელოვნურ ყინულზე უნდა გამართულიყო. ამ მიზნით, ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა 1950 წლის აგვისტოში დაიწყო გადახურული არენების მშენებლობა - ეს იყო ულტრათანამედროვე და უნიკალური სპორტული ობიექტები.

ოსლოდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით ააშენეს ოლიმპიური ტრამპლინი "ჰოლმენკოლენი". სათხილამურო რბოლის სტარტი და ფინიში "ჰოლმენკოლენის" ბორცვის ძირში მოაწყვეს. სათხილამურო სტადიონზე ააშენეს ტრიბუნები, რომლებიც 7 ათას მაყურებელს იტევდა. ყოველი სათხილამურო ტრასა შეესაბამებოდა სოკ-ისა და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. სპორტსმენებისთვის დადგეს სპეციალური ოთახები სტარტისთვის მოსამზადებლად.

მონაწილე ქვეყნები და სახეობები
VI ოლიმპიურ თამაშებში 30 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. დებიუტი ჰქონდათ პორტუგალიასა და ახალ ზელანდიას. შეიწყალეს გერმანელები და ოსლოში გფრ-ის ნაკრები გამოვიდა. სოკ-მა დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას ერთი გუნდით გამოსვლა შესთავაზა, მაგრამ გდრ-მ უარი გამოაცხადა. სსრკ 1951 წელს გახდა სოკ-ის წევრი, მაგრამ დაბალი შედეგების შიშით, ოსლოში გამოსვლა ვერ გაბედა.

ოსლოში პირველად გაიმართა ქალებს შორის შეჯიბრი სათხილამურო რბოლაში (10 კმ), სამთო თხილამურებში კი კომბინაცია გიგანტურმა სლალომმა შეცვალა. ოლიმპიური პროგრამიდან ისევ ამოიღეს სკელეტონი. სადემონსტრაციო სახეობა იყო - ბურთის ჰოკეი.

ჩირაღდნის ესტაფეტა
ოლიმპიადის წინ გაიმართა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა. ჩირაღდანი დაანთეს ტელემარკის პროვინციის სოფელ მიურგედალში, იმ სახლის ბუხარში, სადაც დაიბადა ლეგენდარული მოთხილამურე სონდრე ნორდჰეიმი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის. ოლიმპიური ჩირაღდანი 95 ეგზემპლარად დამზადდა.

ესტაფეტა 1952 წლის 13 თებერვალს დაიწყო. მისი მონაწილეები იყვნენ ნორვეგიის ცნობილი მეცნიერები და სპორტსმენები. 15 თებერვალს, დილით, ესტაფეტამ ოსლოს მიაღწია და ბოლო ეტაპზე ჩირაღდანი ეგილ ნანსენს - ლეგენდარული პოლარული მკვლევარის, ფრიტიოფ ნანსენის შვილიშვილს მიანდეს. მასვე უნდა დაენთო ოლიმპიური ცეცხლი მთავარ არენაზე.

გახსნის ცერემონია
გახსნის ცერემონიამ ტრადიციული სცენარით ჩაიარა. თავიდან იყო მონაწილე ქვეყნების აღლუმი, რომელიც საბერძნეთმა გახსნა და დაასრულა მასპინძელმა ქვეყანამ. არგენტინისა და იტალიის მედროშეები ქალები იყვნენ, საფრანგეთის დროშა კი ამ გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრს მიანდეს.

გახსნის ცერემონიაზე ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნები - ავსტრალია, კანადა, ბრიტანეთი და ახალი ზელანდია შავი სამკლავურებით გავიდნენ. ისინი მეფე გეორგ VI-ის გარდაცვალებას გლოვობდნენ.

ზამთრის VI ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადა ნორვეგიის პრინცესამ რაგნჰილდმა. ფოიერვერკის ფონზე სტადიონზე გამოჩნდა ეგილ ნანსენი ოლიმპიური ჩირაღდნით ხელში. მან მთავარ არენაზე ოლიმპიური ცეცხლი დაანთო. შემდეგ ნორვეგიელმა ტრამპლინიდან მხტომელმა ტორბიორნ ფალკანგერმა ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა.

სტარტები
ბობსლეი. სენსაციურად დასრულდა შეჯიბრება ბობსლეიში. გერმანელმა ანდრეას ოსტლერმა თავისი ორივე ეკიპაჟი გამარჯვებამდე მიიყვანა - როგორც ორადგილიანი, ასევე ოთხადგილიანი ბობებით ასპარეზობაში. მან უკან ჩამოიტოვა აშკარა ფავორიტად აღიარებული ამერიკელი სტენლი ბენჰემი. ორივე დისციპლინაში მესამე ადგილი დაიკავა 1948 წლის ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორის, შვეიცარიელი ფრიც ფეიერბარდენის ეკიპაჟებმა.

გერმანელთა სენსაციური გამარჯვება მათი წევრების მძიმე წონით იყო განპირობებული. ორადგილიანი ეკიპაჟის საერთო წონა 235 კილოგრამი იყო, ოთხეულისა - 460 კილოგრამი. ამ თამაშების შემდეგ შემოიღეს წონის შეზღუდვა ერთი სპორტსმენისთვის - არა უმეტეს 100 კილოგრამისა.

ციგურებით სირბილი. ოსლოში პირველად შემოიღეს შეზღუდვა: ყოველ დისტანციაზე ერთ ქვეყანას მაქსიმუმ ოთხი მოციგურავის გამოყვანა შეეძლო.

ნორვეგიელმა იალმარ ანდერსენმა სამი დისტანცია მოიგო და ამ ოლიმპიადის გმირი გახდა. მან დიდი უპირატესობით იმარჯვა თავის საყვარელ სტაიერულ დისტანციებზე (5 და 10 კილომეტრი) და თან ოლიმპიური რეკორდები დაამყარა. გარდა ამისა, მოიგო 1500 მეტრი, რასაც არავინ ელოდა.

აქ კურიოზულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. საქმე ისაა, რომ იალმარისგან ამ დისციპლინაში მედალს არავინ ელოდა (თავად სპორტსმენიც). კენჭისყრით, ის პირველ წყვილში გარბოდა და ფინიშზე საშუალო შედეგით მივიდა. მის შემდეგ სტარტზე გასულმა რამდენიმე სპორტსმენმა ვერ შეძლო ამ დროის გაუმჯობესება, შემდეგ კი გათოვდა და ამან რეალურ ფავორიტებს ხელი შეუშალა.

სათხილამურო რბოლა. თხილამურებით რბოლაში 12 მედლიდან 11 გაინაწილეს ნორვეგიამ და ფინეთმა. ქალებს შორის პირველი ოქროს მედალი ისტორიაში ფინელმა ლიდია ვიდემანმა მოიპოვა. შვედები, რომლებიც დომინირებდნენ წინა ოლიმპიადაზე, ამჯერად მხოლოდ ერთი მედლით დაკმაყოფილდნენ - ბრინჯაო ესტაფეტაში.

სამთო თხილამურები. სამთო მოთხილამურეებმა სამ სახეობაში ჩაატარეს ტურნირი: სწრაფდაშვებაში, სლალომსა და გიგანტურ სლალომში.

ნორვეგიის წარმომადგენლებმა პირველად მოიპოვეს ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ამ სახეობაში. ამასთან, გიგანტურ სლალომში ჩემპიონმა სტეინ ერიქსენმა მანამდე არნახული ტექნიკა აჩვენა, რომელიც მიმართულების შეცვლის საშუალებას აძლევდა. მისი დამკვიდრებული სტილით, მოგვიანებით, მოთხილამურეთა არაერთი თაობა სრიალებდა.

ქალებს შორის ორი ოქროს აღება მოახერხა ამერიკელმა ანდრეა მიდ-ლორენსმა (სლალომი და გიგანტური სლალომი). საინტერესოა, რომ ამ მამაცმა სპორტსმენმა ტრასაზე დაცემის მიუხედავად შეძლო ოქროს მედლის მოპოვება - მან მოახერხა წამოდგომა და დისტანციის დასრულება. ეს არის "თეთრი" ოლიმპიადების ისტორიაში ერთადერთი მსგავსი შემთხვევა.

ფიგურული სრიალი. ოსლოს თამაშები პირველი იყო ისტორიაში, სადაც ქულების დათვლისთვის კომპიუტერებს იყენებდნენ. ამის წყალობით, სპორტსმენები გამოსვლის დასრულებისთანავე იგებდნენ საკუთარ ქულებს. სწორედ ასე შეიტყო ამერიკელმა დიკ ბატონმა თავისი შედეგი ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ. მან ყველა მსაჯისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან დიკმა პირველმა გარისკა ოფიციალურ შეჯიბრებებზე სამმაგი ბრუნის შესრულება: ამერიკელს იდეალური სამმაგი რიტბერგერი გამოუვიდა. ბატონისთვის ეს იყო ზედიზედ მეორე ოქრო ოლიმპიადებზე.

მამაკაცთა ტურნირზე 25-ე ადგილი დაიკავა ალენ ჟილეტიმ, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა (12 წლის და 5 თვის).

ქალებს შორის გამარჯვება ერგო ჟანეტ ალტვეგს ბრიტანეთიდან, რომელიც წინა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მისი ძლიერი მხარე აუცილებელი ფიგურები იყო, თავისუფალ პროგრამაში კი მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა და ჯამში, სულ მცირედით აჯობა ამერიკელ ტენლი ოლბრაიტს.

ალტვეგი ინდოეთში დაიბადა, მაგრამ ლანკაშირში (ინგლისი) გაიზარდა. ფიგურებზე ის რვა წლის ასაკში დადგა, თან ჩოგბურთით იყო დაკავებული და 1947 წელს, უიმბლდონის ფინალამდე მიაღწია. ოლიმპიადის მოგების შემდეგ ბრიტანელმა მიატოვა მოციგურავის კარიერა და მომვლელად დაიწყო მუშაობა შვეიცარიაში, ბავშვთა ინტერნატში. მას ოთხი შვილი ჰყავს და ერთ-ერთი ქალიშვილი - კრისტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ქიორლინგში.

სპორტულ წყვილებში გაიმარჯვეს გერმანელებმა - რია ბარან-ფალკმა და რაულ ფალკმა, რომლებიც 1951 წლამდე არ მონაწილეობდნენ ტურნირებში, რადგან გერმანია გარიცხული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო სპორტიდან. ეს იყო პირველი წყვილი, რომელმაც პარალელური ორმაგი ხტომები შეასრულა. რიასა და პოლს არც ერთი ტურნირი არ წაუგიათ სამოყვარულო დონეზე.

ჰოკეი. კანადის ნაკრები მეექვსედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, თანაც ისე, რომ არც ერთი მატჩი არ წაუგია.

მხოლოდ შვედეთმა და აშშ-მ გაუწიეს სერიოზული წინააღმდეგობა კანადას, რომელიც გუნდ "ედმონტონ მერკურისით" იყო წარმოდგენილი. კანადამ საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე გაუტანა შვედეთს გამარჯვების გოლი (3:2), გეოგრაფიულ მეზობლებს კი 3:3 ეთამაშა. ასეთი ანგარიში ამერიკელი მეკარის ბრწყინვალე თამაშით იყო განპირობებული, რომელმაც 55 დარტყმა მოიგერია.

ტურნირი წრიული სისტემით იმართებოდა და ბოლო დღეს ერთბაშად სამ გუნდს ჰქონდა ოქროს მოგების შანსი. კანადას არ უნდა წაეგო აშშ-სთან, ამერიკას უნდა მოეგო კანადისთვის და შვედეთის წაგების იმედი უნდა ჰქონოდა; თავის მხრივ, შვედებს ჩეხეთი უნდა დაემარცხებინათ და კანადის მარცხს დალოდებოდნენ.

მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. ჩეხოსლოვაკიამ შანსი არ დაუტოვა შვედეთს - 4:0, კანადა და აშშ კი დაზავდნენ, რაც კანადელთა ჩემპიონობას ნიშნავდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოსლოში მოპოვებული ოქრო კანადისთვის უკანასკნელი იქნებოდა XX საუკუნეში და მხოლოდ 50-წლიანი შესვენების შემდეგ, 2002 წელს მოიგებდნენ მეშვიდე ოლიმპიადას.

25 თებერვალს გაიმართა VI თამაშების დახურვის ცერემონია და ოსლოსგან ესტაფეტა 1956 წლის ოლიმპიადის მასპინძელმა კორტინა დ’ამპეცომ გადაიბარა.

ბობსლეი
ორადგილიანი, მამაკაცები. 1. გფრ (ანდრეას ოსტლერი, ლორენც ნიბერლი) - 5:24.54; 2. აშშ (პეტ მარტინი, სტენლი ბენჰემი) - 5:26.89; 3. შვეიცარია (ფრიც ფეიერაბენდი, სტეფან ვასი) - 5:27.71...
ოთხადგილიანი, მამაკაცები. 1. გფრ (ანდრეას ოსტლერი, ფრანც კემზერი, ფრიდრიხ კიუნი, ლორენც ნიბერლი) - 5:07.84; 2. აშშ (ჰოვარდი კროზეტი, ჯეიმს ატკინსონი, პეტ მარტინი, სტენლი ბენჰემი) - 5:11.70; 3. შვეიცარია (ალბერტ მადორინი, ფრიც ფეიერაბენდი, ანდრე ფილიპინი, სტეფან ვასი) - 5:11.70...

ციგურებით სირბილი
500 მ. მამაკაცები. 1. კენეტ ჰენრი (აშშ) - 43,2; 2. დონალდ მაკდერმოტი (აშშ) - 43,9; 3. არნე იოჰანსენი (ნორ) - 44,0; 3. გორდონ აუდლი (აშშ) - 44,0...
1 500 მ. მამაკაცები. 1. იალმარ ანდერსენი (ნორ) - 2.20,4; 2. ვიმ ვან დერ ვოორტი (ჰოლ) - 2.20,6; 33. როალდ ოსი (ნორ) - 2.21,6...
5 000 მ. მამაკაცები. 1. იალმარ ანდერსენი (ნორ) - 8.10,6; 2. კორნელიუს ბრუკმანი (ჰოლ) - 8.21,6; 3. სვერე ჰაუგლი (ნორ) - 8.22,4...
10 000 მ. მამაკაცები. 1. იალმარ ანდერსენი (ნორ) - 16.45,8; 2. კორნელიუს ბრუკმანი (ჰოლ) - 17.10,6; 3. კარლ-ერიკ ასპლუნდი (შვედ) - 17.16,6...

სათხილამურო ორჭიდი
ინდივიდუალური. მამაკაცები. 1. სიმონ სლატვიკი (ნორ) - 451.621; 2. ჰეიკი ჰასუ (ფინ) - 447.500; 3. სვერ სტენერსენი (ნორ) - 436.335...

სათხილამურო რბოლა
18 კმ. მამაკაცები. 1. ჰალგეირ ბრენდენი (ნორ) - 1:01.34; 2. ტაპიო მაკელა (ფინ) - 1:02.09; 3. პაავო ლონკილა (ფინ) - 1:02.20...
50 კმ. მამაკაცები. 1. ვეიკო ჰაკულინენი (ფინ) - 3:33.33; 2. ეერო კოლეჰმაინენი (ფინ) - 3:38.11; 3. მაგნარ ესტენსტადი (ნორ) - 3:38.28...
ესტაფეტა. მამაკაცები. 1. ფინეთი (უპრო კორგონენი, ტაპიო მაკელა, ჰეიკი ჰასუ, პაავო ლონკილა) - 2:20.16; 2. ნორვეგია (მიკალ კირკჰოლტი, მარტინ სტოკენი, მაგნარ ესტენსტადი, ჰალგეირ ბრენდენი) - 2:23.13; 3. შვედეთი (მარტინ ლინდსტრიომი, ნილს ტაპი, სიგურდ ანდერსონი, ენარ იოსეფსონი) - 2:24.13...
10 კმ. ქალები. 1. ლიდია ვიდემანი (ფინ) - 41:40.0; 2. მირია ჰიეტამიესი (ფინ) - 42:39.0; 3. სიირი რანტანენი (ფინ) - 42:50.0...

ტრამპლინიდან ხტომა
K90 ინდივიდუალური (70 მ). მამაკაცები. 1. არნფინ ბერგმანი (ნორ) - 226.0; 2. ტორბიორნ ფალკანგერი (ნორ) - 221.5; 3. კარლ ჰოლმსტრიომი (შვედ) - 219.5...

სამთო თხილამურები
კაცები. სლალომი. 1. ოტმარ შნაიდერი (ავსტრია) - 2:00.0; 2. სტეინ ერიქსენი (ნორ) - 2:01.2; 3. გუტფორმ ბერგი (ნორ) - 2:01.7...
კაცები. გიგანტური სლალომი. 1. სტეინ ერიქსენი (ნორ) - 2:25.0; 2. კრისტიან პრავდა (ავსტრია) - 2:26.9; 3. ტონი პი (ავსტრია) - 2:28.8...
კაცები. სწრაფდაშვება. 1. ზენო კოლო (იტა) - 2:30.8; 2. ოტმარ შნაიდერი (ავსტრია) - 2:32.0; 3. კრისტიან პრავდა (ავსტრია) - 2:32.4...
ქალები. სლალომი. 1. ანდრეა მიდ ლოურენსი (აშშ) - 2:10.6; 2. ოსი რაიჰერტი (გერ) - 2:11.4; 3. მირლ ბიუხნერი (გერ) - 2:13.3...
ქალები. გიგანტური სლალომი. 1. ანდრეა მიდ ლოურენსი (აშშ) - 2:06.8; 2. დაგმარ რომი (ავსტრია) - 2:09.0; 3. მირლ ბიუხნერი (გერ) - 2:10.0...
ქალები. სწრაფდაშვება. 1. ტრუდე იოჰუმ ბაიზერი (ავსტრია) - 1:47.1; 2. მირლ ბიუხნერი (გერ) - 1:48.0; 3. ჯულიანა კენალ მინუცო (იტა) - 1:49.0...

ფიგურული სრიალი
მამაკაცები. 1. დიკ ბატონი (აშშ); 2. ჰელმუტ ზაიბტი (ავსტრია); 3. ჯეიმს გროგანი (აშშ)...
ქალები. 1. ჯანეტ ალტვეგი (ბრიტ); 2. ტენლი ოლბრაიტი (აშშ); 3. ჟაკლინ დე ბიფი (საფრანგეთი)...
სპორტული წყვილები. 1. რია ბარან-ფალკი/რაულ ფალკი (გერმანია); 2. კაროლ ესტელ კენედი/მაიკლ კენედი (აშშ); 3. მარიანა ნადი/ლასლო ნადი (უნგრეთი)...

ჰოკეი
მამაკაცები. 1. ბრიტანეთი (ერიკ პეტერსონი, რალფ ჰანში, უილიამ დოუ, ჯონ დევისი, ალან პერვისი, დონალდ გოფი, რობერტ მეიერსი, უილიამ გიბსონი, დევის მილერი, რობერტ დიქსონი, ჯორჯ ეიბლი, ფრენსის სალივანი, გორდონ რობერტსონი, ლუის სეკო, რობერტ უოტი, ტომას პოლოკი); 2. აშშ (დონალდ უისტონი, რიხარდ დესმონდი, რობერტ რომპრი, ჯოზეფ ჩარნოტა, ალენ ვენი, ჯერალდ კილმარტინი, არნოლდ ოსი, კენეტ იანკელი, კლიფორდ ჰარისონი, ჯონ მალჰერნი, ანდრე გამბუჩი, რუბენ ბიერკმანი, ლეონ სეგლარსკი, ჯეიმს სედინი, ჯონ ნოა); 3. შვედეთი (ლარს სვენსონი, ტურდ ფლოდკვისტი, რუნე იოჰანსონი, ოკე ანდერსონი, ეტე ალმკვისტი, ლარს ბიერნი, სკენ ტუნმანი, ეტე ბლომკვისტი, სვენ იოჰანსონი, ესტა იოჰანსონი, ლარს პეტერსონი, ჰანს ებერგი, სტიგ ტვილინგი, ჰანს ტვილინგი, ერის იოჰანსონი, ჰოლგერ ნურმელა).

ყველა მედალი
ო ვ ბ ს
1. ნორვეგია 7 3 6 16
2. აშშ 4 6 1 11
3. ფინეთი 3 4 2 9
4. გერმანია 3 2 2 7
5. ავსტრია 2 4 2 8
6. იტალია 1 0 1 2
6. კანადა 1 0 1 2
8. ბრიტანეთი 1 0 0 1
9. ჰოლანდია 0 3 0 3
10. შვედეთი 0 0 4 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: V ოლიმპიური თამაშები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული