სეოკი ქართველი ძალოსნების დოპინგ-სკანდალში გახვევით შეშფოთებულია

AutoSharing Option
"სპორტში დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები უაღრესად აქტუალურია და საერთაშორისო სპორტული საზოგადოების მუდმივ ყურადღებას იპყრობს.

განსაკუთრებით სამწუხარო და საგანგაშოა, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა და დადასტურდა საქართველოს სპორტსმენების მიერ აკრძალული სამედიცინო პრეპარატების გამოყენების არაერთი შემთხვევა.

მაგალითად, 2011-12 წლებში ჩვენს 9 სპორტსმენს დაუდგინდა დოპინგის მიღების ფაქტი და დაეკისრა შესაბამისი სანქცია" - ასე იწყება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური განცხადება, რომელიც 5 ნოემბერს გავრცელდა.

განცხადებაში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომელზეც "ლელო" სულ ახლახან წერდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებაში ვკითხულობთ:

"ამ დღეებში კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბის
მომსწრენი გავხდით: ამჯერად დოპინგ-სკანდალში გაეხვნენ საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრები, რომელთა დოპინგ-ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა, ჩვენი ნაკრები კი მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატს გამოეთიშა.

ამას, სავარაუდოდ, მოჰყვება ორწლიანი დისკვალიფიკაცია და სოლიდური ფინანსური ჯარიმა.

ცალკეული პირების დაუდევრობით და უპასუხისმგებლობით, მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ჩვენი ძალოსნობის მომავალი, სერიოზული ზიანი მიადგა მთლიანად ქართული სპორტის პრესტიჟს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას, საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან ერთად, უმოკლეს ვადაში დეტალურად გამოიკვლიოს დოპინგის მიღების საქმის ყველა გარემოება და გამოავლინოს კონკრეტული დამნაშავეები".

ჩვენი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი კიდევ ერთხელ მიმართავს ქვეყნის სპორტულ ორგანიზაციებს, მწვრთნელებს, ექიმებს, გაატარონ ქმედითი პრევენციული ღონისძიებები, გააძლიერონ კონტროლი, მკაცრად დაიცვან მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსის მოთხოვნები, რათა მომავალში გამოირიცხოს მსგავსი ინციდენტები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული