ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: VII ოლიმპიური თამაშები

AutoSharing Option
კორტინა დ’ამპეცო
ქალაქი იტალიაში, ბელუნოს პროვინციაში. ზამთრის კურორტი ალპების მთებში, რომელიც ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს. მოსახლეობა - 5.9 ათასი. ზამთრის სეზონის პერიოდში მცხოვრებთა რაოდენობა 30 ათასამდე იზრდება.

1956 წლის ოლიმპიადის გარდა, ქალაქი ორჯერ მასპინძლობდა მსოფლიოს ჩემპიონატს სათხილამურო სახეობებში, მსოფლიოს ჩემპიონატს სამთო-სათხილამურო სპორტში, ბობსლეისა და სკელეტონში.

დღეისთვის, ქალაქის გარეუბნებში მოქმედებს 38 საბაგირო. სათხილამურო ტრასების საერთო რიცხვი 72-ს აღწევს, აქედან 95 პროცენტზე თოვლის გარანტირებული საფარია.

კორტინა დ’ამპეცოში რეგულარულად იმართება მსოფლიოს თასის ეტაპები სამთო თხილამურებში, ბობსლეიში, სათხილამურო რბოლაში. 2013 წელს აქ ჩატარდა
მსოფლიოს ჩემპიონატი სამთო თხილამურებში ქალებს შორის.

ქალაქის არჩევანი
იტალიის სახელგანთქმულ ზამთრის კურორტ კორტინა დ’ამპეცოს ოლიმპიადა ჯერ კიდევ 1944 წელს უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ თამაშები მეორე მსოფლიოს ომის გამო გაუქმდა. ომის შემდეგ კორტინა 1952 წლის თამაშების მასპინძლობისთვის იბრძოდა, მაგრამ ოსლოსთან წააგო. სამაგიეროდ, VII ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის არჩევისას დაამარცხა თავისი კონკურენტები - კოლორადო-სპრინგზი, ლეიკ-პლესიდი და მონრეალი, თანაც, დიდი უპირატესობით.

იტალიელებს მხარი დაუჭირა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 37-მა წევრმა, დანარჩენმა პრეტენდენტებმა კი ერთად 10 ხმა აიღეს.

თამაშებისთვის მზადება
VII თამაშები იმ დროისთვის რამდენიმე მიზეზით იყო უნიკალური. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ფინანსირება. ოლიმპიადის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის დანახარჯის დიდი ნაწილი საკუთარ თავზე არა ქვეყნის მთავრობამ, არამედ სპონსორებმა აიღეს.

გარდა ამისა, 1956 წლის თამაშები პირველი იყო, საიდანაც პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციები ხორციელდებოდა. ოლიმპიური სტარტებისთვის ცქერა 22 ქვეყანას შეეძლო.

მესამე მიზეზი იყო ინფრასტრუქტურა. 1952 წელს ოსლოში ჩასულმა იტალიელმა დამკვირვებლებმა დაასკვნეს, რომ კორტინას სპორტული ობიექტები არ შეესაბამებოდა ოლიმპიურ სტანდარტებს და 1956 წლისთვის საკურორტო ქალაქში ააშენეს ყინულის თანამედროვე სტადიონი ოთხიარუსიანი ტრიბუნებით. ის 12 ათას მაყურებელს იტევდა. მოწესრიგდა სათხილამურო, სამთოსათხილამურო და ბობსლეის ტრასები, აშენდა ახალი ტრამპლინი, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში.

იტალიური ნოუ-ჰაუ აღმოჩნდა ზღვის დონიდან 1750 მეტრზე მცურავ ყინულზე მორბენლებისთვის შექმნილი საციგურაო ბილიკი, რომელზეც მსოფლიოს არაერთი რეკორდი დამყარდა. ორგანიზატორები ცდილობდნენ, ყველა ოლიმპიური ობიექტი ისე განეთავსებინათ ერთმანეთთან, რომ ერთიდან მეორემდე მისვლა ფეხით ყოფილიყო შესაძლებელი.

გარდა ამისა, სპორტული ობიექტების აგებისას ითვალისწინებდნენ ტელევიზიის ინტერესებს. მაგალითად, სათხილამურო ტრასა სამხრეთისკენ "იყურებოდა", რათა მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას "სურათი" არ გაფუჭებულიყო.

მონაწილე ქვეყნები და სახეობები
1956 წლის თამაშებში სპორტსმენთა სარეკორდო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა - 821 ადამიანი (134 ქალი და 687 მამაკაცი) 32 ქვეყნიდან.

VII ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოლივიის, ბულგარეთის, კანადის, ჩეხოსლოვაკიის, ჩილეს, სამხრეთ კორეის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, ბრიტანეთის, ირანის, ისლანდიის, იუგოსლავიის, ლიბანის, ლიხტენშტაინის, ნორვეგიის, ჰოლანდიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, აშშ-ის, შვედეთის, შვეიცარიის, თურქეთის, უნგრეთის, სსრკ-ისა და იტალიის ნაკრებებმა.

დებიუტანტები იყვნენ - სსრკ, გდრ (გამოდიოდა გფრ-სთან გაერთიანებული გუნდით), ბოლივია და ირანი.

რაც შეეხება სპორტის სახეობებს, ოსლოს თამაშების პროგრამასთან შედარებით, რამდენიმე ცვლილება განხორციელდა - მამაკაცთა სათხილამურო რბოლის დისტანცია 18-დან 15 კილომეტრამდე შემცირდა, დაემატა 30-კილომეტრიანი გამოდევნებით რბოლა, აგრეთვე, ქალების ესტაფეტა - 4x5 კმ.

ჩირაღდნის ესტაფეტა
ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა იტალიის ტერიტორიაზე შემდეგი მარშრუტით გაიმართა: თვითმფრინავით რომიდან ვენეციამდე და შემდეგ მოთხილამურეების ესტაფეტით კორტინა დ’ამპეცომდე.

ზუსტად შედგენილი გრაფიკი მკაცრად იქნა დაცული. 1956 წლის 26 იანვრის 11 საათსა და 37 წუთზე შედგა ჩირაღდნის ესტაფეტის ფინიში (კორტინა დ’ამპეცოს ოლიმპიურ სტადიონზე ცეცხლის დანთება).

ბოლო მეჩირაღდნე გახდა ციგურებით სირბილში იტალიელი ჩემპიონი გვიდო კაროლი. სტადიონზე ცეცხლის დანთების პატივი სწორედ მას ხვდა წილად.

გახსნის ცერემონია
გახსნის ცერემონია სტანდარტულად დაიწყო - გაიმართა მონაწილე ქვეყნების აღლუმი. შემდეგ იტალიის პრეზიდენტი ჯოვანი გრონკი სტადიონზე შეკრებილებს საზეიმო სიტყვით მიესალმა და ზამთრის VII ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადა.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა სტადიონზე ბოლო მეჩირაღდნე გვიდო კაროლი და აქ მოხდა გახსნის ცერემონიის მთავარი კურიოზი - მოციგურავე სატელევიზიო კაბელს გამოედო და წაიქცა. ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა და მისი ხელმეორედ ანთება გახდა საჭირო. მეორე ჯერზე კაროლიმ მიიტანა ცეცხლი დანიშნულების ადგილზე და ის სტადიონზე აანთო.

შემდეგ დადგა ოლიმპიური ფიცის ჯერი. პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ის წარმოთქვა ქალმა - იტალიელმა სამთო მოთხილამურემ ჯულიანა კენალ-მინუცომ (1952 წლის თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი). ამას მოჰყვა სტადიონზე ოლიმპიური დროშის აღმართვა.

სტარტები
ბობსლეი. ბობსლეისტთა ტურნირში თავი გამოიჩინეს მასპინძლებმა - იტალიელმა სპორტსმენებმა. ორადგილიანი ბობებით ასპარეზობაში მათ ოქრო და ვერცხლი მიიღეს. საინტერესოა, რომ საჩემპიონო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი იყო ჯაკომო კონტი. ის 47 წლის გახლდათ და ისტორიაში შევიდა, როგორც ოლიმპიური თამაშების ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული.

ციგურებით სირბილი. წინა ოლიმპიადის შემდეგ ამ სახეობაში ნამდვილი რევოლუცია მოხდა. სსრკ-ის მოციგურავეებმა მსოფლიოს რამდენიმე რეკორდი დაამყარეს და მოდის კანონმდებლები გახდნენ. კორტინაში მათ ოთხიდან სამ დისციპლინაში მოიპოვეს ოქროს მედალი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ევგენი გრიშინმა, რომელიც ორგზის ჩემპიონი გახდა.

ერთადერთი დისტანცია, სადაც საბჭოელებმა ოქრო ვერ აიღეს, 10 ათასი მეტრი იყო. პირველობა მოიპოვა 5 ათას მეტრზე ვერცხლისპრიზიორმა, შვედმა სიგვარდ ერიქსონმა. ოსლოს ოლიმპიადის გმირმა, ნორვეგიელმა იალმარ ანდერსენმა მხოლოდ მეექვსე დრო აჩვენა.

ტრამპლინიდან ხტომა. ფინეთის ნაკრებმა ტრამპლინიდან ხტომაში ახალი აეროდინამიკური სტილი შეიმუშავა. ადრე ხტომები სრულდებოდა დახრილ მდგომარეობაში ხელების აქტიური ბრუნვით, ფინელები კი ხელებს უკან სწევდნენ, რათა ტანი თხილამურების პარალელურად ყოფილიყო. ამ სიახლის წყალობით, ფინელებმა პირველი ორი ადგილი დაიკავეს, ჩემპიონი კი ანტი ჰიუვიარინენი გახდა.

სამთო თხილამურები. კორტინა დ’ამპეცოში სამთო მოთხილამურეთა ტურნირი 20 წლის ავსტრიელის, ტონი ზაილერის ბენეფისად გადაიქცა. მან სამივე დისციპლინაში გაიმარჯვა - სლალომში, გიგანტურ სლალომსა და სწრაფდაშვებაში, რაც ადრე არავის გაუკეთებია. ეს ავსტრიელი მთელმა იტალიამ შეიყვარა, სადაც სამთო თხილამურები ზამთრის სპორტის პირველი სახეობა იყო. ამიტომაც ზაილერი თამაშების ნამდვილ გმირად მოინათლა.

შვეიცარიელმა მადლენ ბერტომ შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს დაბადების დღისთვის - მოიგო სწრაფდაშვება უახლოეს კონკურენტთან 4.7-წამიანი უპირატესობით.

ფიგურული სრიალი. ეს იყო ბოლო ოლიმპიადა, როცა ფიგურულ სრიალში შეჯიბრება ღია ცის ქვეშ ჩატარდა. მამაკაცებსა და ქალებს შორის ინდივიდუალურ გამოსვლებში დომინირებდნენ ამერიკელი სპორტსმენები - ექვსი საპრიზო ადგილიდან მათ ხუთი მოიპოვეს.

ალან ჯენკინს ჰეიზი - ფიგურულ სრიალში ლიდერი იყო 1953-56 წლებში. ის ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ჰეიზი გამორჩეული გახლდათ მაღალი ტექნიკით, მაგრამ მისი ციგურაობა საკმაოდ კონსერვატული იყო.

ჯენკინსის მეუღლე იყო კეროლ ჰეისი - 1956 წლის ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორი და 1960 წლის თამაშების ჩემპიონი. მისმა ძმამ - დევიდ ჯენკინსმა ოლიმპიური ოქრო მოიგო 1960 წელს.

ქალებს შორის გამარჯვებული გახდა ტენლი ოლბრაიტი, რომელიც ოსლოში ვერცხლისპრიზიორი იყო. ოლბრაიტი პირველი ამერიკელია, ვინც ქალების ერთეულთა ციგურაობაში გაიმარჯვა.

ტენლი ბავშვობაში მძიმედ იყო ავად პოლიომიელიტით და ექიმებმა მას სუფთა ჰაერზე აქტიური სპორტული ცხოვრება ურჩიეს. მას შემდეგ გოგონა საციგურაო მოედანზე დღეში რვა საათს ატარებდა. მტკიცე ხასიათის წყალობით დაამარცხა ავადმყოფობა, 15 წლის ასაკში აშშ-ის ნაკრებში მოხვდა, 16 წლისას კი დებიუტი ჰქონდა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

კორტინა დ’ამპეცოში ტენლი ოლბრაიტს ისევ მოუწია ხასიათის სიმტკიცის გამოვლენა, რადგან ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და მისი გამოსვლა ოლიმპიურ ტურნირზე ეჭვქეშ იყო, მაგრამ გოგონამ მაინც გადაწყვიტა სტარტზე გასვლა და ოქროს მედალი მიიღო.

ოლბრაიტი სამოყვარულო კრივიდან 1956 წლის სეზონის შემდეგ წავიდა, მაგრამ პროფესიონალებში არ გადასულა. მან მთელი ცხოვრება მედიცინას მიუძღვნა და ქირურგი გახდა. იყო აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, შედიოდა კიბოსთან ბრძოლის ამერიკულ საზოგადოებაში, სპორტული მედიცინის ამერიკულ კოლეჯში და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში ფიზიკური კულტურის განხრით.

ჰოკეი. ტურნირში მონაწილეობას იღებდა 10 გუნდი. თავიდან ისინი სამ ჯგუფად დაყვეს. თითო ქვეჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა და იქ ექვსგუნდიანი ერთი ჯგუფი შექმნა, სადაც წრიული სისტემით ითამაშეს.

ტურნირი სსრკ-ის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ყველა მეტოქე დაამარცხა, მათ შორის, კანადა (2:0) და აშშ (4:0) მეორე ეტაპზე და პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

საბჭოთა გუნდში საუკეთესო იყო უნიკალური ჰოკეისტი ვსევოლოდ ბობროვი, რომელიც ერთნაირად კარგად თამაშობდა ჰოკეისა და ფეხბურთს. ბობროვი ორჯერ იყო ოლიმპიადებზე სსრკ-ის ნაკრებების კაპიტანი: 1952 წელს ფეხბურთში და 1956 წელს - ჰოკეიში.

ბობსლეი
ორადგილიანი, მამაკაცები. 1. იტალია I (ლამბერტო დალა კოსტა/ჯაკომო კონტი) - 5.30,14; 2. იტალია II (რენცო ალვერა/ეუჯენიო მონტი) - 5.31,45; 3. შვეიცარია II (გარი უორბერტონი/მაქს ანგსტი) - 5.37,46...
ოთხადგილიანი, მამაკაცები. 1. შვეიცარია I (ფრანც კაპუსი/გოტფრიდ დინერი/რობერტ ალტი/ჰაინრიხ ანგსტი) - 5.10,44; 2. იტალია II (ეუჯენიო მონტი/ულრიკო ჟირარდი/რენცო ალვერა/რობერტო მოჩელინი) - 5.12,10; 3. აშშ I (არტურ ტაილერი/უილიამ დოჯი/ჩარლზ ბატლერი/ჯეიმს ლამი) - 5.12,39...

ციგურებით სირბილი
500 მ. მამაკაცები. 1. ევგენი გრიშინი (სსრკ) - 40,2; 2. რაფაელ გრაჩი (სსრკ) - 40,8; 3. ალფ ესტვანგი (ნორ) - 41,0...
1 500 მ. მამაკაცები. 1. ევგენი გრიშინი (სსრკ) - 2.08,6; 1. იური მიხაილოვი (სსრკ) - 2.08,6; 3. ს. სალონენი (ფინ) - 2.09,4...
5 000 მ. მამაკაცები. 1. ბორის შილკოვი (სსრკ) - 7.48,7; 2. სიგვარდ ერიქსონი (შვედ) - 7.56,7; 3. ოლეგ გონჩარენკო (სსრკ) - 7.57,5...
10 000 მ. მამაკაცები. 1. სიგვარდ ერიქსონი (შვედ) - 16.35,9; 2. კნუტ იოჰანსენი (ნორ) - 16.36,9; 3. ოლეგ გონჩარენკო (სსრკ) - 16.42,3...

სათხილამურო ორჭიდი
ინდივიდუალური. მამაკაცები (15 კმ+ტრამპლინი). 1. სვერ სტენერსენი (ნორ) - 445 ქულა (56,18; 73 მ და 74 მ); 2. ბენგტ ერიქსონი (შვედ) - 437,4 (1: 00.36; 72,5 და 72,5); 3. ფრანსიშეკ გონსენიცა-გრონი (პოლ) - 436,8 (57.55; 72,5 და 71,5)...
სათხილამურო რბოლა
15 კმ. მამაკაცები. 1. ჰალგეირ ბრენდენი (ნორ) - 49.39; 2. სიქსტენ იენრბერგი (შვედ) - 50,14; 3. პაველ კოლჩინი (სსრკ) - 50,17...
30 კმ. მამაკაცები. 1. ვეიკო ჰაკულინენი (ფინ) - 1:44.06; 2. სიქსტენ იენრბერგი (შვედ) - 1:44.30; 3. პაველ კოლჩინი (სსრკ) - 1:45.45...
50 კმ. მამაკაცები. 1. სიქსტენ იენრბერგი (შვედ) - 2:50.27; 2. ვეიკო ჰაკულინენი (ფინ) - 2:51.45; 3. ფიოდორ ტერენტიევი (სსრკ) - 2:53.32...
ესტაფეტა (4x10 კმ). მამაკაცები. 1. სსრკ (ფიოდორ ტერენტიევი, პაველ კოლჩინი, ნიკოლაი ანიკინი, ვლადიმირ კუზინი) - 2:15.30; 2. ფინეთი (აუგუსტ კიურუ, იორმა კორტალაინენი, არვო ვიიტაინენი, ვეიკო ჰაკულინენი) - 2:16.31; 3. შვედეთი (ლენარტ ლარსონი, გუნარ სამუელსონი, პერ-ერიკ ლარსონი, სიქსტენ იენრბერგი) - 2:17.42...
10 კმ. ქალები. 1. ლიუბოვ კოზირევა (სსრკ) - 38.11; 2. რადია ეროშინა (სსრკ) - 38.16; 3. სონია ედსტრიომი (შვედ) - 38.23...
ესტაფეტა (3x5 კმ). ქალები. 1. ფინეთი (სირკა პოლკუნენი, მირია ჰიეტემაისენი, სირი რანტანენი) - 1:09.01; 2. სსრკ (ლიუბოვ კოზირევა, ალევტიან კოლჩინა, რადია ეროშინა) - 1:09.28; 3. შვედეთი (ირმა იოჰანსონი, ანა-ლისა ერიქსონი, სონია ედსტრიომი) - 1:09.48...

ტრამპლინიდან ხტომა
K90 ინდივიდუალური (70 მ). მამაკაცები. 1. ანტი ჰიუვიარინენი (ფინ) - 81 მ და 84 მ/227; 2. აულის კალაკორპი (ფინ) - 83,5 და 80,5/225; 3. ჰარი გლასი (გერ) - 83,5 და 80,5/224,5... 30. კობა წაქაძე (სსრკ) - 80,5 და 82,5/85...

სამთო თხილამურები
კაცები. სლალომი. 1. ტონი ზაილერი (ავსტრია) - 3.14,7; 2. შიჰარუ იგაია (იაპ) - 3.18,7; 3. სტიგ სოლანდერი (შვედ) - 3.20,2...
კაცები. გიგანტური სლალომი. 1. ტონი ზაილერი (ავსტრია) - 3.00,1; 2. ანდრეას მოლტერერი (ავსტრია) - 3.06,3; 3. ვალტერ შუსტერი (ავსტრია) - 3.07,2...
კაცები. სწრაფდაშვება. 1. ტონი ზაილერი (ავსტრია) - 2.52,2; 2. რაიმონ ფელეი (შვეიც) - 2.55,7; 3. ანდრეას მოლტერერი (ავსტრია) - 2.56,2...
ქალები. სლალომი. 1. რენი კოლიარი (შვეიც) - 1.52,3; 2. რეგინა შოპფი (ავსტრია) - 1.55,4; 3. ევგენია სიდოროვი (სსრკ) - 1.56,7...
ქალები. გიგანტური სლალომი. 1. ოსი რაიხტერი (გერ) - 1.56,5; 2. ჟოზეფინ ფრანდლი (ავსტრია) - 1.57,8; 3. დოროტოეა ჰოჰლიაიტერი (ავსტრია) - 1.58,2...
ქალები. სწრაფდაშვება. 1. მადელეინ ბერტო (შვეიც) - 1.40,7; 2. ფრიდა დანცერი (შვეიცარია) - 1.45,4; 3. ლუსილ უილერი (კან) - 1.45,9...

ფიგურული სრიალი
მამაკაცები. 1. ჰოიზ ალან ჯენკინსი (აშშ) - 166,43/13; 2. რონი რობერტსონი (აშშ) - 165,79/16; 3. დევიდ ჯენკინსი (აშშ) - 162,82/27...
ქალები. 1. ტენლი ოლბრაიტი (აშშ) - 169,67/12; 2. კეროლ ჰეისი (აშშ) - 168,02/21; 3. ინგრიდ ვენდლი (ავსტრია) - 159,44/39...
სპორტული წყვილები. 1. ელიზაბეტ შვარცი/კურტ ოპელტი (ავსტრია) - 11,31/14; 2. ფრენსის დეფო/ნორის ბოუდენი (კან) - 11,32/16; 3. მარიანა ნადი/ლასლო ნადი (უნგრეთი) - 11,03/32...

ჰოკეი
მამაკაცები. 1. სსრკ (ნიკოლაი პუჩკოვი, გრიგორი მკრტიჩანი, ივან ტრეგუბოვი, ნიკოლაი სოლოგუბოვი, ჰენრიხ სიდორენკოვი, დმიტრი უკოლოვი, ალფრედ კუჩევსკი, ვსევოლოდ ბობროვი, ალექსეი გურიშევი, ვიქტორ შუვალოვი, ვალენტინ კუზინი, ალექსანდრ უვაროვი, იური კრილოვი, ევგენი ბაბიჩი, იური პანტიუხოვი, ნიკოლაი ხლისტოვი, ვიქტორ ნიკივოროვი); 2. აშშ (დონ როგაზიო, უილარდ აიკოლა, რიჩარდ დოჰერტი, რიჩარდ მერედიტი, ედვარდ სემპსონი, დენილ მაკკინონი, რიჩარდ როდენჰაიზერი, ჯონ მეიასიჩი, უელდონ ოლსონი, უილიამს კლირი, კენეტ პერპერი, ჯონ მეტჩფტსი, იუჯინ კემპბელი, უენდელ ანდერსონი, ჯონ პეტროსკი, გორდონ კრისტიანი, ველინგტონ ბერტნეტი); 3. კანადა (დენის ბროდერი, კიტ ვუდოლი, ჯეკ მაკენზი, არტურ ჰერსტი, ჰოვარდ ლი, ფლოიდ მარტინი, ჯერი ტიბერგი, ჯეიმს ლოუგენი, პოლ ნოქსი, ჯორჯ შოულზი, დონალდ როული, კენ ლოფმენი, რობერტ უაიტი, ჩარლზ ბრუკერი, ბირლ კლინკი, ალფრედ ჰორნი).

ყველა მედალი
ო ვ ბ ს
1. სსრკ 7 3 6 16
2. ავსტრია 4 3 4 11
3. ფინეთი 3 3 1 7
4. შვეიცარია 3 2 1 6
5. შვედეთი 2 4 4 10
6. აშშ 2 3 2 7
7. ნორვეგია 2 1 1 4
8. იტალია 1 2 0 3
9. გერმანია 1 0 1 2
10. კანადა 0 1 2 3
11. იაპონია 0 1 0 1
12. პოლონეთი 0 0 1 1
12. უნგრეთი 0 0 1 1

ოლიმპიადის გმირები
ტონი ზაილერი (ავსტრია) 3 0 0 3
ევგენი გრიშინი (სსრკ) 2 0 0 2
სიქსტენ იენრბერგი (შვედ) 1 2 1 4
ვეიკო ჰაკულინენი 1 2 0 3
პაველ კოლჩინი (სსრკ) 1 0 2 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: VI ოლიმპიური თამაშები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული