დოპინგი: რუსებს არ ენდობიან

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) გამოვიდა რეკომენდაციით - ლიცენზია ჩამოართვან მოსკოვის ანტისადოპინგო ცენტრს, რომელიც უნდა მოემსახუროს 2014 წელს სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. სააგენტოს პრეზიდენტის ჯონ ფეიჰის თქმით, ცენტრი "არასაკმარისად საიმედო აღმოჩნდა".

WADA-ს მიაჩნია, რომ ტესტირების პროცედურა, რომელსაც მოსკოვის ანტისადოპინგო ცენტრში იყენებენ, არ იმსახურებს ნდობას. ამასთან, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას. როგორც ფეიჰი ამბობს WADA-მ უნდა შეისწავლოს ყველა მიღებული მონაცემი, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ სააგენტომ დაიწყო გამოძიება მოსკოვის ცენტრის მუშაობაზე, თუმცა არ დაუზუსტებია, რის საფუძველზე გადაწყვიტა ამ
გამოძიების ჩატარება.

თუ მოსკოვის ანტისადოპინგო ცენტრს აკრედიტაციას ჩამოართმევენ, მისი სპეციალისტები ვერ შეძლებენ სოჭის ოლიმპიადაზე აღებული დოპინგ-სინჯების ტესტირებას. შესაბამისად, ეს პროცედურა რომელიმე სხვა ქვეყნის ლაბორატორიას უნდა დააკისრონ.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აკრედიტირებული ლაბორატორების წინააღმდეგ მსგავსი ღონისძიებები არაერთხელ გაუტარებია. მაგალითად, ამასწინ, WADA-მ ლიცენზია ჩამოართვა რიო-დე-ჟანეიროს ლაბორატორიას, სადაც უნდა შეემოწმებინათ მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს აღებული სინჯები. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ შესაბამისი ტესტირებები ლოზანას ლაბორატორიაში ჩატარდება.

გადაწყვეტილია: ორის ნაცვლად ოთხი წელი
დოპინგთან ბრძოლაში კიდევ ერთ სიახლე ის არის, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ გაზარდა სასჯელის ვადა აკრძალული პრეპარატის გამოყენებისთვის. ამიერიდან, დოპინგზე ჩავარდნილი სპორტსმენი მიიღებს არა ორ, არამედ ოთხწლიან დისკვალიფიკაციას. შესაბამისი ცვლილება WADA-ის კოდექსში გუშინ, სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ორგანიზაციის კონფერენციაზე მიიღეს.

სააგენტო დისკვალიფიკაციის ვადის შეცვლაზე მას შემდეგ წავიდა, რაც 2011 წელს, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ აღიარა, რომ მოქმედი წესების თანახმად, სპორტსმენები ორმაგად ისჯებიან. ამის შემდეგ, გაუქმდა წესი, რომლის მიხედვითაც, დოპინგში გამოჭერილ სპორტსმენს დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ, მომდევნო ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კოდექსის ახალი რედაქციის თანახმად, ასევე გათვალისწინებულია სასჯელის გამკაცრება მწვრთნელებისთვის, მედპერსონალისთვისა და ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც დაკავებულნი იქვნენ დოპინგში გამოჭერილი სპორტსმენის მომზადებით.

გარდა ამისა, თითოეული სპორტსმენს ბიოლოგიური პასპორტის გარდა, სტეროიდული პასპორტიც ექნება. ის შეიტანენ ბიოქიმიური ანალიზების შედეგებს. შეგახსენებთ, რომ ბიოლოგიურ პასპორტში ფიქსირდება სპორტსმენთა სისხლის ანალიზის მონაცემები.

WADA-ის განახლებული კოდექსი 2015 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. უახლოეს დღეებში, სააგენტო ახალი წესების დეტალურად ახსნას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასევე გათვალისწინებულია სასჯელის გამკაცრება მწვრთნელებისთვის, მედპერსონალისთვისა და ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც დაკავებულნი იქვნენ დოპინგში გამოჭერილი სპორტსმენის მომზადებით.ოლიმპიელთა რაოდენობა განახევრდება?!
guja_kakhadze
23:35 15-11-2013
0

სიახლეები პოპულარული