ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: VIII ოლიმპიური თამაშები

AutoSharing Option
სქვო ველი
არამუნიციპალური ტერიტორია პლეისერის ოლქში (კალიფორნიის შტატი, აშშ). სქვო-ველი მდებარეობს სეირა-ნევადას მთებში, ტაჰოს ტბის დასავლეთით, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე.

ქალაქი პოპულარულია სპორტის ზამთრის სახეობების მოყვარულებში: სამთო თხილამურები, თხილამურებით რბოლა, ფიგურული სრიალი და სხვა. საბაგიროების დახმარებით, მოთხილამურეები 2700 მეტრის სიმაღლეზე ადიან. შესაძლებელია ფრირაიდში შეჯიბრება.

ზაფხულში კარგი პირობებია ჩოგბურთისთვის, ცურვისა და ცხენით ჯირითისთვის.

ერთი კაცის პირადი ოლიმპიადა

ქალაქის არჩევანი
მეორედ ზამთრის ოლიმპიური თამაშები აშშ-ში, კალიფორნიის შტატში გაიმართა, ამჯერად სიერა-ნევადას მთებში. სპორტული ბატალიების ჩატარების ადგილად აირჩიეს ინდიელთა ველი, რომელიც უოშოს ინდიელთა ტომის
ძველ მიწაზე მდებარეობდა, ზღვის დონიდან დაახლოებით 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე.

სქვო-ველი ზამთრის VIII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი იმის გამო გახდა, რომ ამერიკელი მილიონერი ალექსანდრ ქაშინგი "დაავადდა" ოთხწლეულის მთავარი სტარტის ჩატარების იდეით და მაქსიმუმი გააკეთა თამაშების მასპინძლობის მისაღებად.

60-იან წლებში სქვო-ველი ნაკლებად ცნობილი, მოკრძალებული სამთო-სათხილამურო კურორტი იყო, სადაც მხოლოდ სამი საბაგირო მუშაობდა, ხოლო მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო 50-ადგილიანი სასტუმრო. ქაშინგი, ფაქტობრივად, პატარა ქალაქის ერთადერთი მუდმივი მცხოვრები და შეიძლება ითქვას, ერთადერთი მფლობელი იყო.

ქაშინგი ბრძოლაში აქტიურად ჩაება, მოქმედებდა ენერგიულად და დაამყარა კავშირები საჭირო ადამიანებთან, მათ შორის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ოლიმპიურ კომიტეტებთან, რომლებსაც, საერთო ჯამში, ნაკლებად აინტერესებდათ ზამთრის ოლიმპიური თამაშები.

1960 წლის ოლიმპიადის ორგანიზებისთვის სქვო-ველიმ ორრაუნდიანი არჩევნები მოუგო ევროპულ კურორტებს - სანკტ-მორიტცს, გარმიშ-პარტენკირხენსა და ინსბრუკს. ეს უკანასკნელი მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ფინალურ კენჭისყრაში 30:32 დამარცხდა.

ამ გადაწყვეტილების გამო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მკაცრად გააკრიტიკეს: პირველ რიგში, რთული კლიმატური პირობებისა და სათხილამურო და სამთო-სათხილამურო ტრასების რთული რელიეფის გამო, თავად სქვო-ველის ძალიან მოუხერხებელი მდებარეობისა და თითქმის არარსებული ინფრასტრუქტურის გამო. მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა.

თამაშებისთვის მზადება
უნდა ითქვას, რომ ქაშინგმა ძალიან მოინდომა და პრაქტიკულად, ნულიდან ააშენა ზამთრის ოლიმპიური ცენტრი. აიგო გადახურული სტადიონი, რომლის ტრიბუნებიდან მოჩანდა არა მხოლოდ ჰოკეის არენა, არამედ მოციგურავეთა მოედანი, ტრამპლინი და ყველა სამთო-სათხილამურო ტრასა. არენა ექსპლუატაციაში 1959 წელს შევიდა. ეს იყო ძალიან ლამაზი და თანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც 8500 მაყურებელზე იყო გათვლილი, მაგრამ, როცა იქ გაიმართა ჰოკეის მატჩები აშშ-სა და სსრკ-ს, ასევე, აშშ-სა და ჩეხოსლოვაკიას შორის, ტრიბუნებზე 10 ათასი მაყურებელი დაეტია.

სტადიონის სახელწოდება იყო - Blyth Memorial Arena და მისი შემქმნელები 1958 წელს არქიტექტურის დარგში კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.

მთავარი არენის გვერდით დააგეს 400-მეტრიანი ხელოვნური საციგურაო ბილიკი. სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ბობსლეის ტრასაზე ფულის ეკონომია გადაწყვიტეს, რადგან ამ სახეობაში გამოსვლის სურვილი მხოლოდ რვა ქვეყანამ გამოთქვა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბობსლეი არ შეიტანეს ოლიმპიურ პროგრამაში.

ზამთრის თამაშების ისტორიაში პირველად, სქვო-ველიში აშენდა ოლიმპიური სოფელი - თანამედროვე საცხოვრებელი მიკრორაიონი, რომლის ძირითადი ნაწილი იყო ათლეტთა ცენტრი (საცხოვრებელი, სტადიონები, სასადილო და კაფეტერია, ტელეგრაფი, ფოსტა, ბანკი, საუნა, თეატრის დარბაზი, ადმინისტრაციული ოფისები, თარჯიმანთა ბიურო, საინფორმაციო და სამედიცინო ცენტრები, ქიმწმენდა, საპარიკმახერო, სილამაზის სალონი, მაღაზიები და ა. შ.).

ეს იყო ერთიანი არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ახლოს მდებარეობდა სპორტულ ობიექტებთან. 30 ქვეყნის დელეგაციებისთვის (დაახლოებით 1200 ადამიანი) აშენდა ოთხი სამსართულიანი სასტუმრო (ერთ-ერთი სასტუმრო ქალებისთვის იყო განკუთვნილი).

ასევე, სქვო-ველიში პირველად დანერგეს საინფორმაციო სისტემა გამოთვლითი ტექნიკის საფუძველზე, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ოლიმპიადის ჩატარება.

მონაწილე ქვეყნები და სახეობები
VIII ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 665-მა სპორტსმენმა (144 ქალი, 521 მამაკაცი) 30 ქვეყნიდან. სპორტის რვა სახეობაში გათამაშდა მედლების 27 კომპლექტი.

პირველად ზამთრის თამაშების ისტორიაში, ოლიმპიურ პროგრამაში მოხვდა ბიატლონი. უკვე ვთქვით იმის შესახებ, რომ არ გამართულა ბობსლეის სტარტები. პირველად ისტორიაში, სტარტზე ვიხილეთ ციგურებით მორბენალი ქალები - მათ მედლები გაითამაშეს 500, 1000, 1500 და 3000 მეტრზე.

ჩირაღდნის ესტაფეტა
ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა სკანდალით აღინიშნა. პირველად მოხდა თავდასხმა ოლიმპიურ ცეცხლზე. სოდა სპრინგსში უცნობებმა გაძარცვეს ესტაფეტის თანმხლები მანქანა, მაგრამ მთავარი ჩირაღდანი იქ არ აღმოჩნდა და მძარცველებმა თან წაიღეს ოთხი სათადარიგო ჩირაღდანი, აგრეთვე, კინოფირი, რომელზეც ასახული იყო ესტაფეტის მიმდინარეობა.

რაც შეეხება მთავარ ოლიმპიურ ცეცხლს, ის სასტუმროში ინახებოდა, რის შესახებაც მძარცველებმა არაფერი იცოდნენ.

გახსნის ცერემონია
გახსნის გრანდიოზული ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა. ზეიმის ორგანიზება დაევალა ჰოლივუდის ლეგენდარულ კინოპროდიუსერს, მიკი მაუსის "მამას" უოლტ დისნეის, რომლის ფანტაზიასაც საზღვარი არ ჰქონდა. შოუს მუსიკალურ გაფორმებას უზრუნველყოფდა 2645 მომღერალი და 1285 მუსიკალური ინსტრუმენტი.

ასევე, პროგრამაში გათვალისწინებული იყო 2000 მტრედის გაშვება, ოლიმპიური ფოიერვერკი და რვა არტილერიული გასროლა (მერვე ოლიმპიური თამაშების საპატივცემულოდ). სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი მეიდ ლოურენსმა მიიტანა - ის მთიდან დაეშვა რვა მოთხილამურის თანხლებით.

სტადიონზე მთავარი ოლიმპიური ცეცხლი ოსლოს 1952 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა, მოციგურავე კენეტ ჰენრიმ დაანთო. ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა 20 წლის კეროლ ჰეისმა, რომელიც შემდეგ ჩემპიონი გახდა ფიგურულ სრიალში.

თამაშები გახსნა აშშ-ის 37-ე პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა. სხვათა შორის, მან დააგვიანა გახსნის ცერემონიაზე. საქმე ისაა, რომ სქვო-ველის ოლიმპიადის ჩატარებას საფრთხე დაემუქრა, რადგან მთელი ზამთარი კურორტზე თოვლი არ იყო, მაგრამ გახსნის ცერემონიის წინ ძლიერი ციკლონი გავრცელდა და სქვო-ველიში დიდი რაოდენობით თოვლი მოვიდა, რამაც გადაადგილების პრობლემა შეუქმნა ნიქსონს.

1958 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაამტკიცა ოფიციალური ოლიმპიური ჰიმნი და ის პირველად სწორედ სქვო-ველიში შესრულდა.

სტარტები
სამთო თხილამურები. სამთო თხილამურებში ყველაზე დრამატული იყო შეჯიბრება სწრაფდაშვებაში მამაკაცებს შორის. სქვო-ველიში ხან სითბო იყო, ხან კი დიდი რაოდენობით თოვლი მოდიოდა, რის გამოც ორგანიზატორებს რამდენიმეჯერ მოუწიათ ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება ტრასებზე ზვავის ჩამოწოლის თავიდან ასაცილებლად.

ფრანგი მოთხილამურე ჟან ვიუარნე გახდა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც არა ხის, არამედ მეტალის თხილამურებით გამოდიოდა და ტრასა იქამდე ყველასთვის უცნობი აეროდინამიკური დგომით გაიარა, რომელსაც შემდეგ "კვერცხი" უწოდეს. ტრასის ცალკეულ მონაკვეთებზე ფრანგი იმ დროისთვის სარეკორდო სიჩქარეს (115 კმ/სთ) ანვითარებდა, რითაც, სხვათა შორის, არღვევდა შტატის კანონს, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე საათში 100 კილომეტრს უდრიდა. ვუარნეს საჯაროდ ბოდიშის მოხდაც კი მოუწია საგზაო წესების დარღვევისთვის!

თავად ფრანგს მიაჩნდა, რომ მის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი მწვრთნელმა ითამაშა. თურმე, მათ მოილაპარაკეს, რომ მწვრთნელი დათქმულ ადგილას მკვეთრი ფერის ქურთუკში გამოწყობილი გარკვეულ პოზაში იდგებოდა. თუ დგომა ჩვეულებრივი იქნებოდა, ე. ი. ვიუარნე გრაფიკის გადაჭარბებით მოძრაობდა და რისკი საჭირო არ იყო. მაგრამ მწვრთნელმა მოატყუა შეგირდი და ჩაიმუხლა, რაც სიჩქარის მომატების აუცილებლობას ნიშნავდა. შედეგი - ოლიმპიადის ოქროს მედალი.

საინტერესოა, რომ სამთო თხილამურების წყალობით, 1960 წელს დაიბადა სატელევიზიო გამეორების იდეა. სლალომში ერთ-ერთი მოთხილამურის გამოსვლისას, მსაჯები დარწმუნებულნი არ იყვნენ - გამოტოვა თუ არა სპორტსმენმა ერთ-ერთი კარი. ამიტომაც მათ დახმარებისთვის ტელეკომპანია CBC-ის მიმართეს და ჩანაწერის ნახვა ითხოვეს. ამის შემდეგ ვიდეოგამეორებების პრაქტიკა ნორმა გახდა.

ბიატლონი. როგორც ვთქვით, ბიატლონი პირველად იყო შეტანილი ოლიმპიურ პროგრამაში. გათამაშდა მედლების ერთადერთი კომპლექტი მამაკაცებს შორის 20 კილომეტრზე.

ჩემპიონი გახდა შვედი კლას ლესტანდენი, რომელმაც უშუალოდ სათხილამურო რბოლაში მხოლოდ მე-14 დრო აჩვენა, მაგრამ ოცივე გასროლა მოარტყა მიზანში და ამის წყალობით მოიგო ოქროს მედალი.

ციგურებით სირბილი. ისევე, როგორც ოთხი წლის წინ კორტინა დ’ამპეცოში, ამჯერადაც ფურორი მოახდინეს საბჭოთა მორბენლებმა - რვა დისციპლინიდან ექვსში მათ ოქროს მედლები მოიპოვეს.

ევგენი გრიშინმა ისევ მოიგო 500 და 1000-მეტრიანი დისტანციები და ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 20 წლის ლიდია სკობლიკოვამ კი სწორედ აქედან დაიწყო თავისი გზა ყველა დროის საუკეთესო მორბენლამდე. მან ორი ოქრო მოიპოვა 1500 და 3000 მეტრებზე, თანაც, ერთხელ მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა.

საბჭოელმა ქალებმა მხოლოდ 500 მეტრზე ვერ მოიგეს - პირველობა დაუთმეს გერმანელ ჰელგა ჰაააზეს. კაცებში კი ერთადერთი არასაბჭოთა ჩემპიონი იყო შვედი კნუტ იოჰანსენი, რომელმაც 10 ათას მეტრზე მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა.

თამაშების დახურვის დღეს გაიმართა საჩვენებელი გამოსვლები "რეკორდების გაუმჯობესებაზე". გრიშინმა არა მარტო გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი 500 მეტრზე, არამედ ისტორიაში პირველად გამოვიდა 40 წამიდან (39.6 წამი).

სათხილამურო რბოლა. სპორტის ამ სახეობაში გათამაშდა მედლების ექვსი კომპლექტი და საუკეთესოები გახდნენ შვედი მოთხილამურეები, რომლებმაც 2 ოქრო, 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

ყველა განაცვიფრა ფინელმა ვეიკო ჰაკულინენმა - ოსლოსა და კორტინა დ’ამპეცოს ჩემპიონმა. თავის მესამე ოლიმპიადაზე 35 წლის მოთხილამურემ კოლექცია სამი მედლით შეავსო - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მისი ფინიში ესტაფეტაში. ბოლო, მეოთხე ეტაპზე ის ლიდერ ნორვეგიელთან, ჰააკონ ბრუსვენისთან 20-წამიანი ჩამორჩენით გაეშურა, მაგრამ ფინიშამდე 100 მეტრით ადრე გაუსწრო კონკურენტს და პირველობა მოიპოვა.

ფიგურული სრიალი. ისევე, როგორც ოთხი წლის წინ, ინდივიდუალურ სრიალში, ამერიკელმა მოციგურავეებმა მოიგეს ოქროს მედლები, წყვილებში კი კანადელები იყვნენ საუკეთესონი.

ამერიკელმა მოციგურავემ დევიდ ჯენკინსმა ძმისგან - ჰეიზ ალან ჯენკინსისგან (1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი) ჩაიბარა ესტაფეტა და ჩემპიონი გახდა.

ქალებს შორის ბრწყინავდა ამერიკელი კეროლ ჰეისი - 1956 წლის ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორი. სწორედ მან წარმოთქვა ოლიმპიური ფიცი სქვო-ველის ოლიმპიადაზე. თავისი გამოსვლისთვის ჰეისმა ცხრავე მსაჯისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.

საინტერესოა, რომ 1956 წლის ოლიმპიადის შემდეგ ჰეისი მოყვარულებიდან პროფესიულ შოუში გადასვლას აპირებდა, მაგრამ დედამისმა, რომელიც მძიმედ იყო ავად, 1956 წელს, სიკვდილის წინ, ქალიშვილს სამოყვარულო სპორტში დარჩენა და მისთვის ოქროს მედლის მოგება სთხოვა.

კეროლ ჰეისი ჰეიზ ალან ჯენკინსის მეუღლე გახლდათ. სამოყვარულო სპორტიდან წასვლის შემდეგ მან მთავარი როლი ითამაშა ფილმში - Snow White and the Three Stooges.

ჰოკეი. სქვო-ველიში ჰოკეის ტურნირი ისეთივე ფორმატით გაიმართა, როგორც ოთხი წლის წინ, კორტინა დ’ამპეცოში. ცხრა გუნდი სამ ჯგუფად დაიყო და ორ-ორი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გადიოდა.

A ჯგუფში გაიმარჯვეს კანადამ და შვედეთმა, იაპონიამ კი თავისი მატჩები საერთო ანგარიშით - 1:38 წააგო. B ჯგუფიდან შემდეგი ეტაპის საგზურები მოიპოვეს სსრკ-მ და გერმანიამ. მათ ფინეთს აჯობეს. C ჯგუფში, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი და მეორე ადგილები აშშ-მ და ჩეხოსლოვაკიამ მიიღეს, ავსტრალიამ კი მათთან წააგო საერთო ანგარიშით - 2:30.

ფინალურ რაუნდში ექვსმა საუკეთესო გუნდმა ერთი ჯგუფი შეადგინა და მათ წრიული სისტემით ითამაშეს. გერმანიამ ყველა მატჩი წააგო. შვედეთმა ქულები აართვა სსრკ-ს (2:2), მაგრამ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა ჩეხოსლოვაკიასთან (1:3). საპრიზო სამეული შეადგინეს კანადამ, სსრკ-მ და აშშ-მ. მოქმედმა ჩემპიონმა სსრკ-მ წააგო კანადასთან (5:8) და ამერიკასთან (2:3). ოქროს მედლებისთვის ბრძოლა აშშ-მ მოიგო, რომელმაც მთავარ მატჩში კანადას 2:1 მოუგო და პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ: აშშ-ის მეკარე ჯეკ მაკკარტენი, სსრკ-ის ნაკრების მცველი ნიკოლაი სოლოგუბოვი და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი ნისე ნილსონი. საუკეთესო ბომბარდირი გახდა კანადელი ფრედ ეტჩერი - 21 ქულა (9+12).

ბიატლონი
20 კმ. მამაკაცები. 1. კლას ლესტანდენი (შვეიც) - 1:33.21,6 (0); 2. ანტი ტირვიაინენი (ფინ) - 1:33.57,7 (4); 3. ალექსანდრ პრივალოვი (სსრკ) - 1:34.54,2 (6)...

ციგურებით სირბილი
500 მ. მამაკაცები. 1. ევგენი გრიშინი (სსრკ) - 40,2; 2. უილიამ დისნეი (აშშ) - 40,3; 3. რაფაელ გრაჩი (სსრკ) - 40,4...
1 500 მ. მამაკაცები. 1. ევგენი გრიშინი (სსრკ) - 2.10,4; 1. როალდ ოსი (ნორ) - 2.10,4;3. ბორის სტენინი (სსრკ) - 2.11,5...
5 000 მ. მამაკაცები. 1. ვიქტორ კოსიჩკინი (სსრკ) - 7.51,3; 2. კნუტ იოჰანსენი (ნორ) - 8.00,8; 3. იან პესმანი (ჰოლ) - 8.05,1...
10 000 მ. მამაკაცები. 1. კნუტ იოჰანსენი (ნორ) - 15.46,6; 2. ვიქტორ კოსიჩკინი (სსრკ) - 15.49,2; 3. კიელ ბიოკმანი (შვედ) - 16.14,2...
500 მ. ქალები. 1. ჰელგა ჰააზე (გერ) - 45,9; 2. ნატალია დონჩენკო (სსრკ) - 46,0; 3. ჯინ ეშუაორტი (აშშ) - 46,1...
1000 მ. ქალები. 1. კლარა გუსევა (სსრკ) - 1.34,1; 2. ჰელგა ჰააზე (გერ) - 1.34,3; 3. ტამარა რილოვა (სსრკ) - 1.34,8...
1500 მ. ქალები. 1. ლიდია სკობლიკოვა (სსრკ) - 2.25,2; 2. ელვირა სეროჟინსკა (პოლ) - 2.25,7; 3. ჰელენ პილეიჩიკი (პოლ) - 2.27,1...
3000 მ. ქალები. 1. ლიდია სკობლიკოვა (სსრკ) - 5.14,3; 2. ვალენტინა სტენინა (სსრკ) - 5.16,9; 3. ევი ჰუტონენი (ფინ) - 5.21,0...

სათხილამურო ორჭიდი
ინდივიდუალური. მამაკაცები (15 კმ+ტრამპლინი). 1. გეორგ ტომა (გერ) - 457,952 ქულა (59.23,8; 69 მ და 67,5 მ); 2. ტორმოდ კნუტსენი (ნორ) - 453 (59.31,0; 64,5 და 67); 3. ნიკოლაი გუსაკოვი (სსრკ) - 452 (58.29,4; 64,5 და 66)...

სათხილამურო რბოლა
15 კმ. მამაკაცები. 1. ჰააკონ ბრუსვენი (ნორ) - 51.55,5; 2. სიქსტენ იენრბერგი (შვედ) - 51.58,6; 3. ვეიკო ჰაკულინენი (ფინ) - 52.03,0...
30 კმ. მამაკაცები. 1. სიქსტენ იენრბერგი (შვედ) - 1:51.03,9; 2. როლფ რემგორდი (შვედ) - 1:51.16,9; 3. ნიკოლაი ანიკინი (სსრკ) - 1:52.28,2...
50 კმ. მამაკაცები. 1. კალევი ჰიამიალიაინენი (ფინ) - 2:59.06,3; 2. ვეიკო ჰაკულინენი (ფინ) - 2:59.26,7; 3. როლფ რემგორდი (შვედ) - 3:02.46,7...
ესტაფეტა (4x10 კმ). მამაკაცები. 1. ფინეთი (ტოიმო ალატალო, ერო მიანტირანტა, ვიაინო ჰუტალა, ვეიკო ჰაკულინენი) - 2:18.45,6; 2. ნორვეგია (ჰალგეირ ბრენდენი, ჰარალდ გრიონინგენი, აინარ ოსტბი, ჰააკონ ბრუსვენი) - 2:18.46,4; 3. სსრკ (ანატოლი შელიუხინი, გენადი ვაგანოვი, ალექსეი კუზნეცოვი, ნიკოლაი ანიკინი) - 2:21.21,6...
10 კმ. ქალები. 1. მარია გუსაკოვა (სსრკ) - 39.46,6; 2. ლიუბოვ ბარანოვა-კოზირევა (სსრკ) - 40.04,2; 3. რადია ეროშინა (სსრკ) 40.06,0
ესტაფეტა (3x5 კმ). ქალები. 1. შვედეთი (ბრიტ სტრანდბერგი, ირმა იოჰანსონი, სონია ედსტრიომი) - 1:04.21,4; 2. სსრკ (ლიუბოვ ბარანოვა-კოზირევა, მარია გუსაკოვა, რადია ეროშინა) - 1:05.02,6; 3. ფინეთი (ევა რუოპა, ტოინი პიოისტი, სირი რანტანენი) - 1:06.27,5...

ტრამპლინიდან ხტომა
K90 ინდივიდუალური (70 მ). მამაკაცები. 1. ჰელმუტ რეკნაგელი (გერ) - 227,2 ქულა (93,5 მ და 84,5 მ); 2. ნიილო ჰალონენი (ფინ) - 222,6 (92,5 და 83,5); 3. ოტო ლეოდოლტერი (ავსტრია) - 219,4 (88,5 და 83,5)... 9. კობა წაქაძე (სსრკ) - 211,1 (89 და 79,5)...

სამთო თხილამურები
კაცები. სლალომი. 1. ერნსტ ჰინტერზეერი (ავსტრია) - 2.08,9; 2. მატიას ლაიტნერი (ავსტრია) - 2.10,3; 3. შარლ ბოზონი (საფ) - 2.10,4...
კაცები. გიგანტური სლალომი. 1. როჟე შტრაუბი (შვეიც) - 1.48,3; 2. იოზეფ შტიგლერი (ავსტრა) - 1.48,7; 3. ერნსტ ჰინტერზეერი (ავსტრია) - 1.49,1...
კაცები. სწრაფდაშვება. 1. ჟან ვიუარნე (საფ) - 2.06,0; 2. ჰანს-პეტერ ლანიგი (გერ) - 2.06,5; 3. გაი პერიია (საფ) - 2.06,9...
ქალები. სლალომი. 1. ენი ჰეგტვეიტი (კან) - 1.49,6; 2. ბესტი სნაიტი (აშშ) - 1.52,9; 3. ბარბი ჰენებერგერი (გერ) - 1.56,6...
ქალები. გიგანტური სლალომი. 1. ვიიონ რიუეგი (შვეიც) - 1.39,9; 2. პენელოპა პიტუ (აშშ) - 1.40,0; 3. ჯულიანა მინუცო კენალი (იტა) - 1.40,2...
ქალები. სწრაფდაშვება. 1. ჰაიდი ბიბლი (გერ) - 1.37,6; 2. პენლოპა პიტოუ (აშშ) - 1.38,6; 3. ტრუდ ჰეჰერი (ავსტრია) - 1.38,9...

ფიგურული სრიალი
მამაკაცები. 1. დევიდ ჯენკინსი (აშშ) - 1440,2/10; 2. კაროლ დივინი (ჩეხოსლოვაკია) - 1414,3/22; 3. დონალდ ჯექსონი (კან) - 1401/31...
ქალები. 1. ტენლი ოლბრაიტი (აშშ) - 169,67/12; 2168,02/21; 3. ინგრიდ ვენდლი (ავსტრია) - 159,44/39...

1. კეროლ ჰეისი (აშშ) - 1490,1/9; 2. შაუკი დეიქსტრა (ჰოლ) - 1424,8/20; 3. ბარბარა როულსი (აშშ) - 1414,9/26...
სპორტული წყვილები. 1. ელიზაბეტ შვარცი/კურტ ოპელტი (ავსტრია) - 11,31/14; 2. ფრენსის დეფო/ნორის ბოუდენი (კან) - 11,32/16; 3. მარიანა ნადი/ლასლო ნადი (უნგრეთი) - 11,03/32...

1. ბარბარა ვაგნერი/რობერტ პაული (კან) - 80,4/7; 2. მარიკა კილიუსი/ჰანს-იურგენ ბოიმლერი (გერ) - 76,8/19; 3. ნენსი ლადინგტონი/რონალდ ოთლმნგირნ (ყშთ) - 76,2/27,5...

ჰოკეი
მამაკაცები. 1. აშშ (ჯეკ მაკკარტენი, ლორენს პალმერი, ჯონ კირეინი, რობერტ ოუენი, როდნი პავოლა, უილიამ ქლირი, უილიამ კრისტიანი, როჯერ კრისტიანი, ტომას უილიამსი, რობერტ კლირი, პოლ ჯონსონი, უელდონ ოლსონი, რობერტ მაკვი, რიჩარდ როდენჰაიზერი, იუჯინ გრაცია, რიჩარდ მერედიტი); 2. კანადა (დონალდ ჰედი, ჰაროლდ ჰარლი, ჰარი სინდენი, ჯეკ დუგლასი, მო ბენუა, დერილ სლაი, ფრედ ეტჩერი, რობერტ ეტერსლი, ჯორჯ სამოლენკო, ფლოიდ მარტინი, რობერტ რუსო, ჯეიმს კონელი, დონალდ როუპი, რობერტ ფორენი, კენეტ ლოფმენი, კლიფ პენინგტონი, რობერტ მაკნაიტი);

3. სსრკ (ნიკოლაი პუჩკოვი, ევგენი იორკინი, ჰენრიხ სიდორენკოვი, ალფრედ კუჩევსკი,იური ბაულინი, ნიკოლაი სოლოგუბოვი, ნიკოლაი კარპოვი, ვენიამი ალექსანდროვი, იური ციცინოვი, ვლადიმერ გრებენიკოვი, ევგენი გროშევი, ალექსანდრ ალმეტოვი, ვიქტორ იაკუშევი, მიხაილ ბიჩკოვი, კონსტანტინ ლოკტევი, სტანისლავ პეტუხოვი, ვიქტორ პრიაჟნიკოვი).

ყველა მედალი
ო ვ ბ ს
1. სსრკ 7 5 9 21
2. გერმანია 4 3 1 8
3. აშშ 3 4 3 10
4. ნორვეგია 3 3 0 6
5. შვედეთი 3 2 2 7
6. ფინეთი 2 3 3 8
7. კანადა 2 1 1 4
8. შვეიცარია 2 0 0 2
9. ავსტრია 1 2 3 6
10. საფრანგეთი 1 0 2 3
11. პოლონეთი 0 1 1 2
11. ჰოლანდია 0 1 1 2
13. ჩეხოსლოვაკია 0 1 0 1
13. იტალია 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: VII ოლიმპიური თამაშები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული