ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: IX ოლიმპიური თამაშები

AutoSharing Option
ინსბრუკი
ქალაქი ავსტრიაში, ტიროლის ფედერალური მიწის დედაქალაქი. მდებარეობს ავსტრიის დასავლეთით, მდინარე ინის სანაპიროზე. მოსახლეობა 117 ათასი ადამიანი. მსხვილი სამრეწველო, ტურისტული, კულტურული და სპორტული ცენტრი.

ქალაქი ორჯერ მასპინძლობდა ოლიმპიურ თამაშებს - 1964 და 1976 წლებში. 1968 წელს მიიღო ზამთრის V უნივერსიადა.

2005 წელს აქ ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჰოკეიში, გაიმართა ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ორი შეხვედრა.

2012 წელს ინსბრუკმა უმასპინძლა ზამთრის პირველ იუნიორთა ოლიმპიურ თამაშებს.

პირველად ავსტრიაში
ავსტრიის წარმომადგენლები ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ოლიმპიური მოძრაობისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მუშაობაში და
იმედი ჰქონდათ, რომ ინსბრუკი ჯერ კიდევ 1960 წელს მიიღებდა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლებას. ამისთვის მათ დაიწყეს ყინულის ახალი დარბაზის, საციგურაო მოედნის, სამთო თხილამურებში საბაგიროების და ტრამპლინების მშენებლობა. ასევე ანვითარებდნენ ინფრასტრუქტურას - აშენებდნენ გზებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და ხიდებს. 1960 წელს, ამერიკული სქვო-ველის გამარჯვების შემდეგ, ავსტრიაში ძალიან განაწყენდნენ, მაგრამ არ დანებდნენ და მზადება გააგრძელეს.

საბოლოოდ, სოკ-ის 55-ე სესიაზე 1964 წლის ოლიმპიადის მასპინძლად აირჩიეს ინსბრუკი - ტიროლის მხარის დედაქალაქი. ავსტრიული ქალაქის კონკურენტები იყვნენ კანადური კალგარი და ფინური ლაჰტი. მათ, შესაბამისად, 12 და ერთი ხმა მიიღეს, ინსბრუკმა კი - 55.

თამაშებისადმი მზადება
ინსბრუკი შესანიშნავად მოემზადა თამაშებისთვის, მაგრამ თბილმა ამინდმა მკვეთრად გაართულა სიტუაცია. საჭირო გახდა სამხედროების დახმარება, რომლებმაც 15 ათასი კუბომეტრი თოვლი საციგაო, ბობსლეისა და სამთო-სათხილამურო ტრასებზე გადაიტანეს.

1964 წლის თამაშებმა მაყურებელთა სარეკორდო რაოდენობა შეკრიბა - 12 დღის განმავლობაში ინსბრუკის სპორტულ ობიექტებს მილიონ ადამიანზე მეტი ეწვია.

ეს ოლიმპიადა ყველაზე მსხვილი გახდა ისტორიაში. მასში მონაწილეობა მიიღო ათასზე მეტმა სპორტსმენმა (მათ შორის, 197 ქალი) 37 ქვეყნიდან. პირველად ჩავიდნენ ზამთრის ოლიმპიადაზე მონღოლეთის, ინდოეთისა და ჩრდილოეთ კორეის გუნდები. გდრ-ისა და გფრ-ის ნაკრებები ერთ გუნდად გამოდიოდნენ.

პირველად ზამთრის ოლიმპიადის პროგრამაში შეტანილი იყო ციგაობა, დაბრუნდა თამაშებში ბობსლეი. სულ გათამაშდა მედლების 34 კომპლექტი სპორტის 10 სახეობაში.

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა
პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, ოლიმპიური ცეცხლი დაინთო ოლიმპოს მთაზე. ეს მოხდა 1964 წლის 22 იანვარს. ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში ინახებოდა, შემდეგ ის ათენის აეროპორტში მიიტანეს და იქიდან თვითმფრინავით ვენაში ჩაიტანეს.

1964 წლის 24 იანვარს ოლიმპიური ცეცხლი ინსბრუკში ჩავიდა. ოლიმპიური სტადიონი მორთული იყო 36 მონაწილე ქვეყნის დროშებით.

გახსნის ცერემონია
IX ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონია 1964 წლის 29 იანვარს ჩატარდა. საზეიმო სიტყვა წარმოთქვა ადოლფ შერფმა - ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

მონაწილე გუნდების აღლუმის შემდეგ გაისმა სოკ-ის ჰიმნი, აღიმართა ოლიმპიური დროშა და ცენტრალურ სტადიონზე დაანთეს ოლიმპიური ცეცხლი. ამის შემდეგ ავსტრიელმა ბობსლეისტმა პოლ ასტემ ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია დაახლოებით საათნახევარი გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა მიიღო 1200-მა ადამიანმა.

სტარტები
ბიატლონი. სპორტის ამ სახეობაში მედლების ერთი კომპლექტი გათამაშდა და გამარჯვებული გახდა საბჭოთა სპორტსმენი ვლადიმირ მელანინი. მან 20-კილომეტრიან დისტანციაზე არც ერთი სროლა არ ააცილა.

უშუალოდ რბოლაში საუკეთესო შედეგი აჩვენა თხილამურებით სირბილში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სახელგანთქმულმა ფინელმა, 39 წლის ვეიკო ჰაკულინენმა, მაგრამ სროლაში ექვსმა აცილებამ ის მე-15 ადგილზე გადაისროლა. იმ დროს თითო აცილებისთვის სპორტსმენს 2 საჯარიმო წუთი ენიჭებოდა.

ბობსლეი. ბობსლეისტების ტურნირი პირველად იმართებოდა ხელოვნურ ტრასაზე, რის გამოც სპორტის ეს სახეობა უფრო მეტად სახიფათო გახდა.

სენსაციურად დასრულდა შეჯიბრება ორადგილიანი ბობებით. ბრიტანეთში ბობსლეის ტრასა არ არსებობდა, მაგრამ ოლიმპიური ოქრო სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიგეს - ენტონი ნეშმა და რობინ დიქსონმა. მათ დაამარცხეს მთავარი ფავორიტი - 1956 წლის თამაშების ორგზის ვერცხლის პრიზიორი, იტალიელი ეუჯენიო მონტი.

მონტიმ კეთილშობილური საქციელით აჩუქა ოქრო ბრიტანელებს. მეოთხე ცდის წინ ბრიტანულმა ეკიპაჟმა შეიტყო, რომ მათ ბობს სამაგრი ჭანჭიკი მოსძვრა, სათადარიგო კი არ ჰქონდათ. იტალიელმა მათ საკუთარი მანქანის დეტალი შესთავაზა. ნეშმა და დიქსონმა გაიმარჯვეს, მონტი კი ბრინჯაოს დასჯერდა. მოგვიანებით მას გადასცეს იშვიათი და ძალიან ღირებული ჯილდო - პიერ დე კუბერტენის სახელობის მედალი. მონტი მისი პირველი მფლობელი იყო.

სამთო თხილამურები. აქ დაიწყეს წამის მეასედების დაფიქსირება, რითაც თავიდან აიცილეს ერთნაირი შედეგების მიღება.

სულ გათამაშდა მედლების ექვსი კომპლექტი და ის თანაბრად გაიყვეს ორი ქვეყნის - ავსტრიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა.

სამთო თხილამურებში შეჯიბრებას კოლორიტული ელფერი შესძინა ფრანგი დების - გუაშელების დუელმა. სლალომში გაიმარჯვა უფროსმა დამ კრისტინმა, 18 წლის მარიელმა კი მეორე ადგილი დაიკავა. ორი დღის შემდეგ კი უმცროსმა დამ მოიპოვა ოქრო გიგანტურ სლალომში და კრისტინამ - ვერცხლი.

ციგურებით სირბილი. ინსბრუკში საბჭოთა მოციგურავეებმა კვლავ დაამტკიცეს მაღალი კლასი. თამაშების მთავარი გმირი გახდა ლიდია სკობლიკოვა. ოთხი დღის განმავლობაში, მან ოთხივე დისტანციაზე გაიმარჯვა - 500, 1000, 1500 და 3000 მეტრზე, თანაც, სამჯერ განაახლა ოლიმპიური რეკორდი. ეს უნიკალური მიღწევა დღემდე ვერავინ გაიმეორა.

სათხილამურო რბოლა. სპორტის ამ სახეობაში მთავარი მოქმედი პირი გახდა შვედი სიქსტენ იერნბერგი. თავის მესამე ოლიმპიადაზე მან ბრინჯაო მოიპოვა 15 კილომეტრზე და ორი ოქრო 50 კილომეტრსა და ესტაფეტაში. საერთო ჯამში, ის ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

თამაშების კიდევ ერთი გმირი იყო ფინელი ერო მიანტიურანტა, რომელმაც ინსბრუკში ინდივიდუალური რბოლები მოიგო 15 და 30-კილომეტრიან დისტანციებზე, რითაც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის, მიანტიურანტა პირველი ფინელი სპორტსმენია, რომელიც დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს. 1972 წელს, ფინეთის ჩემპიონატის დროს, მის სინჯში ამფეტამინის კვალი აღმოაჩინეს, მაგრამ ტესტის შედეგები დამალეს.

საპოროს ოლიმპიადის შემდეგ ეს ფაქტი გამჟღავნდა, მაგრამ მიანტიურანტა ყველაფერს უარყოფდა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ ჰორმონებს იღებდა, რადგან ეს მაშინ აკრძალული არ იყო. თუმცა ინსბრუკში ფინელის მიღწევებს ეს არ ეხება. მიანტიურანტას გამარჯვება 1964 წელს ეჭვქვეშ არავის დაუყენებია.

ციგაობა. ინსბრუკში ზამთრის თამაშებზე დებიუტი ჰქონდა ციგაობას. თამაშდებოდა მედლების სამი კომპლექტი: ერთადგილიანი მამაკაცებსა და ქალებში და ორადგილიანი მამაკაცებში.

ტრასის სირთულის გამო ოლიმპიადა ტრაგედიით დასრულდა - ვარჯიშის დროს დაიღუპა ინგლისელი კაზიმეჟ სკშიპეცკი. ასევე, ხშირი იყო ტრავმები.

ფიგურული სრიალი.
სპორტის ამ სახეობაში პირველად გამოვიდნენ საბჭოთა სპორტსმენები და სპორტულ წყვილებში გამარჯვება მოიპოვეს ლუდმილა ბელოუსოვამ და ოლეგ პროტოპოპოვმა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გერმანელებმა - მარიკა კილიუსმა და ჰანს-იურგენ ბაუმლერმა. ორი წლის შემდეგ მათ დისკვალიფიკაცია მისცეს და მედლები ჩამოართვეს, რადგან გაირკვა, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე სპორტსმენებმა პროფესიული კონტრაქტი გააფორმეს და ამით დაარღვიეს მოყვარული სპორტსმენის კოდექსი.

21 წლის შემდეგ გერმანელებმა დაამტკიცეს, რომ 1964 წლის ოლიმპიადამდე ისინი არ გამოდიოდნენ პროფესიულ ტურნირებში. 1987 წლის დეკემბერში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მათ დაუბრუნა მედლები.

ჰოკეი. ტურნირში გამოსვლის სურვილი გამოთქვა ქვეყნების სარეკორდო რაოდენობამ - 16, ამიტომაც საჭირო გახდა საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარება. 16 გუნდი რვა წყვილად დაიყო და გამარჯვებულები ფინალურ ტურნირში გადავიდნენ. ბოლო ეტაპი წრიული სისტემით ჩატარდა.

კანადა, ჩვეულებრივ, ოლიმპიადაზე რომელიმე სამოყვარულო კლუბს აგზავნიდა, მაგრამ ბოლო ტურნირებზე წარუმატებლობების გამო კანადის ჰოკეის ფედერაციამ მოყვარულთა ძლიერი ნაკრები შეკრიბა, რომელმაც ექვსი წელი იარსება. ეს დაუჯერებელი შემთხვევა იყო კანადური ჰოკეის ისტორიაში, რადგან მოყვარულები განსაკუთრებულად იყვნენ დაინტერესებულნი NHL-ში მოხვედრით.

ფინალური ეტაპის პირველივე ტურებიდან გამოჩნდა, რომ მედლებისთვის ბრძოლა გაიმართებოდა კანადას, შვედეთს, ჩეხოსლოვაკიასა და სსრკ-ს შორის. ბოლო ტურის წინ ასეთი მდგომარეობა იყო: სსრკ-ს 12 ქულა ჰქონდა, კანადასა და ჩეხოსლოვაკიას - 10-10, შვედეთს - 8.

გადამწყვეტი აღმოჩნდა შეხვედრა კანადასა და სსრკ-ს შორის, რომელიც საბჭოელებისთვის რთულად მიმდინარეობდა. ისინი აგებდნენ 0:1-ს, 1:2-ს და მხოლოდ 39-ე წუთზე ვიაჩესლავ სტარშინოვმა გაათანაბრა ანგარიში, მესამე პერიოდის დასაწყისში კი ვენიამინ ალექსანდროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 3:2 და სსრკ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა კანადელი მარტინი, საუკეთესო მცველი - ჩეხოსლოვაკიელი ტიკალი, საუკეთესო ფორვარდი კი - ბორის მაიოროვი. სიმბოლურმა ნაკრებმა ასეთი სახე მიიღო: მარტინი (კანადა) - რაგულინი (სსრკ), სეილინგი (კანადა) - ბურბონე (კანადა), ჩერნი (ჩეხოსლოვაკია), იაკუშევი (სსრკ).

ბიატლონი
20 კმ. მამაკაცები. 1. ვალერი მელანინი (სსრკ) - 1:20.26,8 (0); 2 ალექსანდრ პრივალოვი (სსრკ) - 1:23.42,5 (0); 3. ოლე იორდეტი (ნორ) - 1:24.38,8 (2)...

ბობსლეი
ორადგილიანი. 1. ბრიტანეთი-I (რობინ დიქსონი, ენტონი ნეში) - 4.21,90; 2. იტალია-II (სერჯო ზარდინი, რომანო ბონაგურა) - 4.22,02; 3. იტალია-I (ეუჯენიო მონტი, სერჯო სიორპესი) - 4.22,63...
ოთხადგილიანი. 1. კანადა-I (პეტერ კირბი, ვიქტორ ემერი, ჯონ ემერი, დუგლან ენეკინი) - 4.14,46; 2. ავსტრია-I (რეინჰოლდ დარნტალერი, ადოლფ კოკსედერი, იოზეფ ნაირცი, ერვინ ტალერი) - 4.15,48; 3. იტალია-II (ეუჯენიო მონტი, ბენიტო რიგონი, გილდო სიორპესი, სერჯო სიორპესი) - 4.15,60...

ციგურებით სირბილი
500 მ. მამაკაცები. 1. რიჩარდ მაკდერმოტი (აშშ) - 40,1; 2. ევგენი გრიშინი (სსრკ) - 40,6; 2. ალი გიესტვანგი (ნორ) - 40,6; 2. ვლადიმირ ორლოვი (სსრკ) - 40,6...
1 500 მ. მამაკაცები. 1. ანტს ანტსონი (სსრკ) - 2.10,3; 2. კოონელიუს ფერკერკი (ჰოლ) - 2.10,6; 3. ვილი ჰაუგენი (ნორ) - 2.11,2...
5 000 მ. მამაკაცები. 1. კნუტ იოჰანსენი (ნორ) - 7.38,4; პერ ივარ მოე (ნორ) - 7.38,6; 3. ფრედ ანტონ მაიერი (ნორ) - 7.42,0...
10 000 მ. მამაკაცები. 1. იონი ნილსონი (შვედ) - 15.50,1; 2. ფრედ ანტონ მაიერი (ნორ) - 16.06,0; 3. კნუტ იოჰანსენი (ნორ) - 16.06,3...
500 მ. ქალები. 1. ლიდია სკობლიკოვა (სსრკ) - 45,0; 2. ირინა ეგოროვა (სსრკ) - 45,4; 3. ტატიანა სიდოროვა (სსრკ) - 45,5;
1000 მ. ქალები. 1. ლიდია სკობლიკოვა (სსრკ) - 1.33,2; 2. ირინა ეგოროვა (სსრკ) - 1.34,3; 3. კაია მუსტონენი (ფინ) - 1.34,8...
1500 მ. ქალები. 1. ლიდია სკობლიკოვა (სსრკ) - 2.22,6; 2. კაია მუსტონენი (ფინ) - 2.25,5; 3. ბერტა კოლოკოლცევა (სსრკ) - 2.27,1...
3000 მ. ქალები. 1. ლიდია სკობლიკოვა (სსრკ) - 5.14,9; 2. ვალენტინა სტენინა (სსრკ) - 5.18,5; 2. ჰან-პილ ხვა (ჩ. კორ) - 5.18,5...

სათხილამურო ორჭიდი
ინდივიდუალური. მამაკაცები (15 კმ+ტრამპლინი). 1. ტორმოდ კნუტსენი (ნორ) - 469,28 (50.58,6 ; 74 მ და 72 მ); 2. ნიკოლაი კისილიოვი (სსრკ) - 453,04 (51.49,1; 70 და 70); 3. გეორგ ტომა (გერ) - 452,88 (52.31,2; 73 და 71)...

სათხილამურო რბოლა
15 კმ. მამაკაცები. 1. ერო მიანტიურანტა (ფინ) - 50.54,1; 2. ჰარალდ გრიონინგენი (ნორ) - 51.34,8; 3. სიქსტენ იენრბერგი (შვედ) - 51.42,2...
30 კმ. მამაკაცები. 1. ერო მიანტიურანტა (ფინ) - 1:30.50,7; 2. ჰარალდ გრიონინგენი (ნორ) - 1:32.02,3; 3. იგორ ვორონჩიხინი (სსრკ) - 1:32.15,8...
50 კმ. მამაკაცები. 1. სიქსტენ იენრბერგი (შვედ) - 2:43.52,6; 2. ასარ რიონლუნდი (შვედ) - 2:44.58,2; 3. არტო ტიაინენი (ფინ) - 2:45.30,4...
ესტაფეტა (4x10 კმ). მამაკაცები. 1. შვედეთი (კარლ აკე ასპი, სიქსტენ იენრბერგი, ასარ რიონლუნდი, იანე სტეფანსონი) - 2:18.34,6; 2. ფინეთი (კალევი ლაურილა, ერო მიანტიურანტა, არტო ტიაინენი, ვიაინო ჰუტალა) - 2:18.42,4; 3. სსრკ (იგორ ვორონჩიხინი, გენადი ვაგანოვი, ივან უტრობინი, პაველ კოლჩინი) - 2:18.46,9...
5 კმ. ქალები. 1. კლავდია ბოიარსკიხი (სსრკ) - 17.50,5; 2. მირია ლეჰტონენი (ფინ) - 17.52,9; 3. ალევტინა კოლჩინა (სსრკ) - 18.08,4...
10 კმ. ქალები. 1. კლავდია ბოიარსკიხი (სსრკ) - 40.24,3; 2. ევდოკია მეკშილო (სსრკ) - 40.26,6; 3. მარია გუსაკოვა (სსრკ) - 40.46,6...
ესტაფეტა (3x5 კმ). ქალები. 1. სსრკ (ალევტინა კოლჩინა, ევდოკია მეკშილო, კლავდია ბოიარსკიხი) - 59.20,2; 2. შვედეთი (ბრიტ სტრანდბერგი, ტოინი გუსტაფსონი, ბარბარა მარტინსონი) - 1:01.27,0; 3. ფინეთი (მირია ლეჰტონენი, ტოინი პიოისტი, სენია პუსულა) - 1:02.45,1...

ტრამპლინიდან ხტომა
K90 ინდივიდუალური (70 მ). მამაკაცები. 1. ვეიკო კანკონენი (ფინ) - 229,9 (80 მ და 79 მ); 2. ტორალფ ენგენი (ნორ) - 226,3 (78,5 და 79); 3. ტორგერ ბრანდტცეგი (ნორ) - 222,9 (79 და 78)...
K120 ინდივიდუალური (90 მ). მამაკაცები. 1. ტორალფ ენგენი (ნორ) - 230,7 (93,5 და 90,5); 2. ვეიკო კანკონენი (ფინ) - 228,9 (95,5 და 90,5); 3. ტორგერ ბრანდტცეგი (ნორ) - 227,2 (90 და 87)... 27. კობა წაქაძე (სსრკ) - 195,6 (87 და 80,5)...

სამთო თხილამურები
კაცები. სლალომი. 1. იოზეფ შტიგლერი (ავსტრია) - 2.11,13; 2. უილიამ კიდი (აშშ) - 2.11,27; 3. ჯეიმს ჰუეგა (აშშ) - 2.11,52...
კაცები. გიგანტური სლალომი. 1. ფრანსუა ბონლიო (საფ) - 1.46,71; 2. კარლ შრანცი (ავსტრია) - 1.47,09; 3. . იოზეფ შტიგლერი (ავსტრია) - 1.48,05...
კაცები. სწრაფდაშვება. 1. ეგონ ციმერმანი (ავსტრია) - 2.18,16; 2. ლეო ლაკრუა (საფ) - 2.18,90; 3. ვოლფგანგ ბარტელსი (გერ) - 2.19,48...
ქალები. სლალომი. 1. კრისტინ გუაშელი (საფ) - 1.29,86; 2. მარიელ გუაშელი (საფ) - 1.30,77; 3. ჯეინ ზაუბერი (აშშ) - 1.31,36...
ქალები. გიგანტური სლალომი. 1. მარიელ გუაშელი (საფ) - 1.52,24; 2. კრისტინ გუაშელი (საფ) - 1.53,11; 2. . ჯეინ ზაუბერი (აშშ) - 1.53,11...
ქალები. სწრაფდაშვება. 1. კრისტლ ჰაასი (ავსტრია) - 1.55,39; 2. ედიტ ციმერმანი (ავსტრია) - 1.56,42; 3. ტროდლ ჰეჰერი (ავსტრია) - 1.56,66...

ციგაობა
მამაკაცები. ერთდგილიანი. 1. ტომას კიოლერი (გერ) - 3.26,77; 2. კლაუს ბონზაკი (გერ) - 3.27,04; 3. ჰანს პლენკი (გერ) - 3.30,15...
მამაკაცები. ორადგილიანი. 1. იოზეფ ფაისტმანტლი/მანფრედ შტენგლი (ავსტრია) - 1.41,62; 2. რენჰოლდ სენი/ჰელმუტ ტალერი (ავსტრია) - 1.41,91; 3. სიგესფრედო მაირი/ვალტერ აუსენდორფერი (იტა) - 1.42,87...
ქალები. ერთდგილიანი. 1. ორტრუნ ენდერლიაინი (გერ) - 3.24,67; 2. ელზა გაისლერი (გერ) - 3.27,42; 3. ჰელენა ტურნერი (ავსტრია) - 3.29,06...

ფიგურული სრიალი
მამაკაცები. 1. მანფრედ შნელდორფერი (გერ) - 1916, 9/13; 2. ალან კალმა (საფ) - 1876,5/22; 3. სკოტ ალენი (აშშ) - 1873,6/26...
ქალები. 1. შაუკიე დეიქსტრა (ჰოლ) - 2018,5/9; 2. რეგინა ჰეტცერი (ავსტრია) - 1945,5/22; 3. პეტრა ბურკი (კან) - 1940/25...
სპორტული წყვილები. 1. ლუდმილა ბელოუსოვა/ოლეგ პროტოპოპოვი (სსრკ) - 104,4/13; 2. მარიკა კილიუსი/ჰანს იურგენ ბოიმლერი (გერ); 3. დები უილკსი/გი რეველი (კან) - 98,5/35...

ჰოკეი
მამაკაცები. 1. სსრკ (ვიქტორ კონოვალენკო, ბორის ზაიცევი, ალექსანდრ რაგულინი, ედუარდ ივანოვი, ვიქტორ კუზკინი, ვიტალი დავიდოვი, ოლეგ ზაიცევი, კონსტანტინ ლოკტევი, ვიქტორ იაკუშევი, ვიაჩესლავ სტარშინოვი, ბორის მაიროვი, ვენიამინ ალექსანდროვი, ლეონიდ ვოლკოვი, ანატოლი ფირსოვი, ალექსანდრ ალმეტოვი, ევგენი მაიროვი, სტანისლავ პეტუხოვი).
2. შვედეთი (ჩიელ სვენსონი, ლენარტ ჰიგრუტი, გერტ ბლუმე, როლანდ სტოლტცი, ბერტ-ულა ნურდლანდერი, ნილს იოჰანსონი, სვენ იოჰანსონი, ულფ სტერნერი, ანდერს ანდერსონი, რონალდ პეტერსონი, ეილერტ მეეტია, ლარკ-ერიკ ლუნდვალი, უნო ერლუნდი, ნილ ნილსონი, კარლ-იორან ებერგი, ლენარტ იოჰანსონი, ჰანს მილდი).
3. ჩეხოსლოვაკია (ვლადიმირ ნადრჰალი, ვლადიმირ ძურილა, რუდოლფ პოჩი, ფრანტიშეკ გრეგორი, ფრანტიშეკ ტიკალი, ლადისლავ შმიდი, სტანისლავ სვენტეკი, ირჟი დოლანა, იოზეფ ჩერნი, იაროსლავ ვალტერი, იოზეფ გოლონკა, მიროსლავ ვლახი, ირჟი გოლიკი, იაროსლავ ირჟიკი, ვლასტიმილ ბუბნიკი, იან კლაპაჩი, სტანისლათ პრილი).

ყველა მედალი
ო ვ ბ ს
1. სსრკ 11 8 6 25
2. ავსტრია 4 5 3 12
3. ნორვეგია 3 6 6 15
4. ფინეთი 3 4 3 10
5. საფრანგეთი 3 4 0 7
6. შვედეთი 3 3 1 7
7. გერმანია 3 2 3 8
8. აშშ 1 2 3 6
9. ჰოლანდია 1 1 0 2
10. კანადა 1 0 2 3
11. ბრიტანეთი 1 0 0 1
12. იტალია 0 1 3 4
13. ჩრ. კორეა 0 1 0 1
14. ჩეხოსლოვაკია 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: VIII ოლიმპიური თამაშები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული