ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: X ოლიმპიური თამაშები

AutoSharing Option
გრენობლი
ქალაქი და კომუნა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში. მსხვილი სამრეწველო, სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ცენტრი ფრანგულ ალპებში. მოსახლეობა შეადგენს 155 100 ადამიანს.

გრენობლი გარშემორტყმულია ალპების სამი მთის მასივით: შარტრიოზით, ბელდონითა და ვერკორით. მდებარეობს ზღვის დონიდან 214 მეტრზე.

ჟან-კლოდ კილის ოლიმპიადა
1960 წლის 30 დეკემბერს საფრანგეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თამაშების ჩატარების მზადყოფნასთან დაკავშირებით და შესაბამისი განაცხადიც შეიტანა სოკ-ში.

რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იყო ის ფაქტორი, რომ თავად გრენობლი იმ გეოგრაფიულ ზონაში მდებარეობს, სადაც მთის მასივები არ არის.
ამიტომაც ფრანგულმა მხარემ საქმეში ჩართო რამდენიმე საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურა, რომლებიც გრენობლის მახლობლად მდებარეობდნენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 61-ე სესიაზე, რომელიც 1964 წელს, ინსბრუკში გაიმართა, ზამთრის X ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი აირჩიეს. პრეტენდენტი ექვსი ქალაქი იყო: კალგარი (კანადა), გრენობლი (საფრანგეთი), ლაჰტი (ფინეთი), ლეიკ-პლესიდი (აშშ), ოსლო (ნორვეგია) და საპორო (იაპონია).

ძირითადი ბრძოლა გაიმართა გრენობლს, კალგარისა და ლაჰტის შორის. გამარჯვებულის გამოსავლენად სამი ტურის ჩატარება გახდა საჭირო; თანაც, მეორე ტურის შემდეგ ლიდერი კალგარი იყო, მაგრამ მესამე ტურში სამი ზედმეტი ხმით გრენობლმა გაიმარჯვა. ხმის მიცემისას გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტის, შარლ დე გოლის ავტორიტეტი მსოფლიო პოლიტიკაში.

თამაშებისადმი მზადება
თამაშებისთვის მზადებისას, ფრანგებმა დიდი ყურადღება მიაქციეს ოლიმპიური ობიექტების მშენებლობას. ეს იყო ბრწყინვალე არქიტექტურული ანსამბლი, რომლის მთავარ ელემენტებს შეადგენდა - ოლიმპიური ცენტრი, ოლიმპიური სოფელი, პრესცენტრი, სტადიონები და სათხილამურო ტრასები. მთავარი სპორტული ობიექტი, რა თქმა უნდა, ოლიმპიური სტადიონი იყო, რომლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს შეადგენდა ოლიმპიური თასი, რომელიც პარიზელი არქიტექტორების მიერ იყო შექმნილი.

ოლიმპიურ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო შეჯიბრებები ციგურებით სირბილში, ფიგურულ სრიალსა და ჰოკეიში.

პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, გრენობლის თამაშებზე განსხვავებული მედლები დაამზადეს სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის.

ზამთრის X თამაშებში მონაწილეობა მიიღო 1158-მა ათლეტმა (211 ქალი და 947 მამაკაცი) 37 ქვეყნიდან. სპორტის 10 სახეობაში გათამაშდა მედლების 35 კომპლექტი. ოლიმპიური პროგრამის ერთადერთი ახალი სახეობა იყო ბიატლონის ესტაფეტა - 4x7.5 კმ. პირველად ზამთრის თამაშებში, მონაწილეობდა ორი გერმანული გუნდი - გფრ და გდრ. გდრ-ის სპორტსმენებისთვის ეს იყო დებიუტი ზამთრის ოლიმპიადაზე. ასევე დებიუტანტი იყო მაროკო.

გახსნის ცერემონია
ზამთრის X თამაშები გახსნა საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა. მას შემდეგ, რაც ფრანგმა სამთო მოთხილამურემ, ლეო ლაკრუამ ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა, ციდან ვერტმფრენით სტადიონზე 30 ათასი წითელი ვარდი გადმოყარეს.

სტარტები
ბიატლონი. როგორც ვთქვით, ბიატლონში დებიუტი ჰქონდა ესტაფეტას, რომელიც საბჭოთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. თუმცა საბჭოელ ბიატლონისტებს დამატებითი სირთულეები შეხვდათ. პარიზში მათ ბარგი დაეკარგათ და ტყვიების გარეშე დარჩნენ, რამაც შეაფერხა მომავალი ჩემპიონების მზადების პროცესი.

ბობსლეი. იტალიელმა ეუჯენიო მონტიმ მესამე ცდიდან (1956 და 1964 წლის თამაშების შემდეგ) მაინც შეძლო ოლიმპიური ოქროს მოგება. შეგახსენებთ, რომ ეს ის სპორტსმენია, რომელიც ოთხი წლის წინ, ინსბრუკში თავის კონკურენტებს ოქროს მედლის მოგებაში დაეხმარა და ამისთვის პიერ დე კუბერტენის სახელობის მედალი მიიღო.

გრენობლში მონტი ორგზის ჩემპიონი გახდა, რადგან ორადგილიანი და ოთხადგილიანი ბობების მესაჭე იყო.

სამთო თხილამურები. საფრანგეთის გმირი გახდა სამთო მოთხილამურე ჟან-კლოდ კილი, რომელიც წარმოშობით სწორედ გრენობლიდან იყო. მან გაიმეორა ტონი ზაილერის მიერ 1956 წელს ნაჩვენები შედეგი, როცა სამივე დისციპლინაში გაიმარჯვა.

სამთო თხილამურებს უკავშირდება ამ ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი სკანდალი: 17 თებერვალს, სლალომში ორი ცდის შემდეგ, ჟან-კლოდ კილიმ საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ მეორე ადგილზე გასულმა ავსტრიელმა კარლ შრანცმა განაცხადა, რომ მეორე ცდის შესრულებისას, მას შავებში გამოწყობილმა უცნობმა მამაკაცმა გზა გადაუჭრა, რის გამოც სპორტსმენს ტემპის დაგდება მოუწია.

ავსტრიელს ცდის გამეორების უფლება მისცეს და მან შეძლო კილის დამარცხება. შეჯიბრების დასრულებიდან ორი საათის შემდეგ მსაჯებმა სატელევიზიო ჩანაწერი შეისწავლეს, შრანცს ოქროს მედალი ჩამოართვეს და ფრანგ მოთხილამურეს გადასცეს. როგორც ჩანაწერმა აჩვენა, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ტრასაზე უცხო მამაკაცი გამოჩნდებოდა, ავსტრიელი, პრაქტიკულად, გამოთიშული იყო ბრძოლას, რადგან ორი კარი გამოტოვა.

ასე გახდა ჟან-კლოდ კილი 1968 წელს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც. იმის გამო, რომ კილის უკვე ჰქონდა მოგებული გიგანტური სლალომი და სწრაფდაშვება, ოლიმპიადის ორგანიზატორებს ძალიან უნდოდათ ჟან-კლოდის მესამე გამარჯვება და გადაწყვიტეს, ნებისმიერი ხერხით შეეშალათ ხელი შრანცისთვის. ეს ისტორიაც მათი მოფიქრებულია.

ამ ვერსიის სასარგებლოდ ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ შრანცის დისკვალიფიკაციას მხარი დაუჭირა სამმა მსაჯმა, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.

ციგურებით სირბილი. ამჯერად გრენობლში თავისი მაღალი კლასი ვერ დაამტკიცეს საბჭოთა მორბენლებმა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი იყო ოლიმპიადისთვის მზადებისას დაშვებული შეცდომები. კერძოდ, მათ გაუგრძელდათ მთაგორიან დავოსში საწვრთნელი შეკრება და გვიან ჩავიდნენ ზღვის დონიდან გაცილებით დაბლა მდებარე გრენობლში.

საფრანგეთში თავისი მეხუთე ოქროს მედლის მოგებას აპირებდა ევგენი გრიშინი, მაგრამ 500 მეტრზე მან მხოლოდ მეოთხე დრო აჩვენა.

გრენობლში საციგურაო მოედანი ახალი ტექნოლოგიით დაიგო. ინჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ დემინერალიზებული წყლისგან ყინული უფრო “სწრაფი” გამოდის. ვარაუდი მართებული გამოდგა: თამაშებზე ბევრი რეკორდი დამყარდა. მაგალითად, 3000 მეტრ დისტანციაზე ერთბაშად ცხრა სპორტსმენმა გააუმჯობესა ოლიმპიური რეკორდი.

ციგურებით სირბილში ყველაზე მეტი ოქროს მედალი ჰოლანდიელებმა დაისაკუთრეს; თითო გამარჯვება ჰქონდათ სსრკ-ს, ფინეთის, ნორვეგიის, გერმანიისა და შვედეთის წარმომადგენლებს.

სათხილამურო რბოლა. ამ სახეობაში დომინირებდნენ ნორვეგიის წარმომადგენლები, რომლებმაც შვიდიდან ოთხი ოქრო აიღეს. ყველა გააკვირვა იტალიელმა ფრანკო ნონესმა. მან 30-კილომეტრიან დისტანციაზე თითქმის წუთი მოუგო ნორვეგიელ ოდ მარტინსონს. ნონესი გახდა პირველი არასკანდინავიელი, ვინც ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობაში გაიმარჯვა.

ქალებს შორის თავი გამოიჩინა 30 წლის შვედმა ტოინი გუსტაფსონმა, რომელსაც ოლიმპიადის წინ ფავორიტებს შორის არ ასახელებდნენ. მან მოიგო ორივე ინდივიდუალური რბოლა და ესტაფეტაში ვერცხლი დაიმსახურა.

ციგაობა. 12 თებერვალს, ქალებს შორის ერთადგილიანი ციგებით ასპარეზობისას, მთლიანად დაიპყრეს პოდიუმი გდრ-ის წარმომადგენლებმა: ორტრუნ ანდერლიაინმა, ანჟელა კნოზელმა და ანა-მარია მიულერმა, მაგრამ მსაჯებს საეჭვოდ ეჩვენათ ის ფაქტი, რომ სამივე პრიზიორს სწრაფი სტარტი და ნელი ფინიში ჰქონდა. შემოწმებამ აჩვენა, რომ უფრო კარგად აჩქარებისთვის გერმანელები ციგის ციგურებს აცხელებდნენ. სამივე პრიზიორს დისკვალიფიკაცია მისცეს.

ჩემპიონად გამოცხადდა იტალიელი ერიკე ლეხნერი, მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს გფრ-ის სპორტსმენებმა.

ტრამპლინიდან ხტომა. X თამაშებზე სენსაცია გახდა საბჭოთა მხტომელის, ვლადიმირ ბელოუსოვის გამოსვლა. 90-მეტრიან ტრამპლინზე მან აჯობა ფავორიტ ჩეხს, ირჟი რაშკას, რომელმაც მანამდე 70-მეტრიან ტრამპლინზე მოიგო ოქრო. ამასთან, ბელოუსოვმა და რაშკამ 100-მეტრზე შორს იფრინეს, რაც ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა.

ბელოუსოვის მიერ მოპოვებული ოქრო დღემდე ერთადერთია საბჭოთა და რუსი სპორტსმენებისთვის.

ფიგურული სრიალი. წყვილებს შორის ზედიზედ მეორედ მოიგეს ოლიმპიური თამაშები ლუდმილა ბელოუსოვამ და ოლეგ პროტოპოპოვმა.

ქალებს შორის ბრწყინვალედ გამოვიდა ამერიკელი პეგი ფლემინგი. აუცილებელი ფიგურების შესრულების შემდეგ ის ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობდა, მაგრამ თავისუფალი პროგრამაც ისე შეასრულა, რომ ცხრავე მსაჯმა პირველი ადგილი მიაკუთვნა. სხვათა შორის, ეს იყო მთლიანად ამერიკული დელეგაციის მიერ მოპოვებული ერთადერთი ოქრო ამ ოლიმპიადაზე.

მამაკაცებში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ავსტრიელმა მოციგურავემ ვოლფგანგ შვარცმა. გრენობლის ოლიმპიადამდე ის მუდმივად მეორე იყო თავისი თანამემამულის, ემერიხ დანცერის შემდეგ - წააგო მასთან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. სპორტიდან წასვლის შემდეგ ავსტრიელი მთლიანად კრიმინალში გადაეშვა.

2002 წელს შვარცი გაასამართლეს და წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთიდან და ლიტვიდან ავსტრიაში გოგონების არალეგალური გაყვანისთვის, რომლებიც ევროპაში პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულნი. მოგვიანებით, შვარცი ციხიდან ვადაზე ადრე გაუშვეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

2005 წელს გაიმართა სასამართლო პროცესი ანალოგიური ბრალდებით, მაგრამ ამჯერად შვარცი უდანაშაულოდ სცნეს. 2006 წელს ოლიმპიურ ჩემპიონს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2005 წლის ოქტომბერში შვარცმა მოიტაცა მდიდარი რუმინელი ბიზნესმენის 19 წლის ქალიშვილი და 3 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი მოითხოვა.

ჰოკეი. ჰოკეის ტურნირში რვა ნაკრები იბრძოდა მედლებისთვის: ჩეხოსლოვაკია, სსრკ, აშშ, კანადა, შვედეთი, ფინეთი, გფრ და გდრ.

ოლიმპიადის წინ ექსპერტები მოკრძალებულად აფასებდნენ მოქმედი ჩემპიონის - სსრკ-ის შანსებს, რადგან ამ გუნდის ლიდერთა უმეტესობა 30 წელს იყო გადაცილებული. მართლაც, საბჭოთა ნაკრების ბედი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მატჩებში გადაწყდა შვედეთისა და კანადის გუნდების წინააღმდეგ.

რვა გუნდი წრიული სისტემით თამაშობდა. საწყის ოთხ ტურში ფავორიტი ოთხეული (სსრკ, კანადა, ჩეხოსლოვაკია და შვედეთი) აუტსაიდერებს ეთამაშებოდა და მხოლოდ ერთი სენსაცია მოხდა: კანადა განადგურდა ფინეთთან - 2:5. მოქმედი ჩემპიონი - სსრკ ამ ოთხ ტურში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა: 8:0, 9:1, 10:2, 9:1 - ასეთი ანგარიშებით მოუგო მან შესაბამისად, ფინეთს, გდრ-ს, აშშ-სა და გფრ-ს.

მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო სირთულეები: სსრკ-მ გაჭირვებით, 3:2 მოუგო შვედეთს, ჩეხოსლოვაკიასთან კი დამარცხდა - 4:5. საერთოდ, იმ წლებში საბჭოელებისთვის ყველაზე მოუხერხებელი მეტოქე სწორედ ჩეხოსლოვაკიის ნაკრები იყო, მაგრამ სსრკ-სგან განსხვავებით, ამ გუნდს წრიული სისტემით ჩატარებულ ტურნირებში სტაბილურობა აკლდა და ამის გამო გამარჯვებული მაინც სსრკ გამოდიოდა. ასე მოხდა ამჯერადაც.

კანადა ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც ჩეხოსლოვაკია ამ ტურნირზე დაამარცხა. შვედეთმა ჩეხებთან ფრეს მიაღწიეს, სსრკ-მ კი ბოლო ტურში კანადა 5:0 გაანადგურა და ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლეგენდარული ანატოლი ფირსოვი, რომელმაც 7 მატჩში 12 შაიბა გაიტანა და ამას 4 შედეგიანი პასი დაუმატა. ამასთან, მან ორი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ერთადერთი მატჩი, რომელშიც მან გოლი ვერ გაიტანა, სწორედ ჩეხოსლოვაკიასთან წაგებული შეხვედრა იყო.

ოლიმპიური ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ: მეკარე - ბროდერიკი (კანადა); მცველი: ჰორეშოვსკი (ჩეხოსლოვაკია); ფორვარდი - ფირსოვი (სსრკ). სიმბოლური ნაკრები კი ასე დაკომპლექტდა: ბროდერიკი - სვედბერგი (შვედეთი), სუხი (ჩეხოსლოვაკია) - ფირსოვი, ჰაკი (კანადა), შევჩიკი (ჩეხოსლოვაკია).

ბიატლონი
20 კმ. მამაკაცები. 1. მაგნარ სოლბერგი (ნორ) - 1:13.45,9 (0); 2. ალექსანდრ ტიხონოვი (სსრკ) - 1:14.40, 4 (2); 3. ვლადიმირ გუნდარცევი (სსრკ) - 1:18.27,4 (2)...
4x7,5 კმ. მამაკაცები. 1. სსრკ (ალექსანდრ ტიხონოვი, ვიქტორ მამატოვი, ნიკოლაი პუზანოვი, ვლადიმირ გუნდარცევი) - 2:13.02,4 (2); 2. ნორვეგია (ოლა ვერჰაუგი, იონ ისტად, ოლავ იორდეტი, მაგნარ სოლბერგი) - 2:14.50,2 (5); 3. შვედეთი (ლარს-გორან არვიდსონი, ჰოლმფრიდ ოლსონი, ოლე პეტრუსონი, ტორე ერიქსონი) - 2:17.26,3 (0)...

ბობსლეი
ორადგილიანი. 1. იტალია-I (ეუჯენიო მონტი, ლუჩიანო დე პაულისი) - 4.41,54; 2. გფრ-I (პენი ბადერი, ჰორსტ ფლოტი) - 4.41,54; 3. რუმინეთი-I (ნიკოლაე ნაგოე, იონ პანტურუ) - 4.44,46...
ოთხადგილიანი. 1. იტალია-I (ეუჯენიო მონტი, ლუჩიანო დე პაულისი, მარიო არმანო, რობერტო ზანდონელა) - 2.17,39; 2. ავსტრია-I (ჰერბერტ გრუბერი, რაინჰოლდ დარნტალერი, ერვინ ტალერი, იოზეფ ედერი) - 2.17,48; 3. შვეიცარია (ჟან ვიკი, ვალტერ გრაფი, ჰანს კანდრიანი, ვილი ჰოფმანი) - 2.18,04...

ციგურებით სირბილი
500 მ. მამაკაცები. 1. ერჰარდ კელერი (გფრ) - 40,3; 2. რიჩარდ მაკდერმოტი (აშშ) - 40,5; 2. მაგნე ტომასენი (ნორ) - 40,5...
1 500 მ. მამაკაცები. 1. კორნელიუს ფერკერკი (ჰოლ) - 2.03,4; 2. არდ სხენკი (ჰოლ) - 2.05,0; 2. ივარ ერიქსენი (ნორ) - 2.05,0...
5 000 მ. მამაკაცები. 1. ფრედ-ანტონ მაიერი (ნორ) - 7.22,4; 2. კორნელიუს ფერკერკი (ჰოლ) - 7.23,2; 3. პეტრუს ნოტეტი (ჰოლ) - 7.25,5...
10 000 მ. მამაკაცები. 1. იუნი ჰიოგლინი (შვედ) - 15.23,6; 2. ფრედ-ანტონ მაიერი (ნორ) -15.23,9; 3. ერიენ სანდლერი (შვედ) - 15.31,8...
500 მ. ქალები. 1. ლიუდმილა ტიტოვა (სსრკ) - 46,1; 2. მერი მეიერსი (აშშ) - 46,3; 2. დიან ჰოლუმი (აშშ) - 46,3; 2. ჯენიფერ ფიში (აშშ) - 46,3...
1000 მ. ქალები. 1. კაროლინა ჰეისენი (ჰოლ) - 1.32,6; 2. ლიუდმილა ტიტოვა (სსრკ) - 1.32,9; 3. დიან ჰოლუმი (აშშ) - 1.33,4...
1500 მ. ქალები. 1. კაია მუსტონენი (ფინ) - 2.22,4; 2. კაროლინა ჰეისენი (ჰოლ) - 2.22,7; 3. კრისტინა კაიზერი (ჰოლ) - 2.24,5...
3000 მ. ქალები. 1. იოჰანა სჰუიტი (ჰოლ) - 4.56,2; 2. კაია მუსტონენი (ფინ) - 5.01,0; 3. კრისტინა კაიზერი (ჰოლ) - 5.01,3...

სათხილამურო ორჭიდი
ინდივიდუალური. მამაკაცები (15 კმ+ტრამპლინი). 1. ფრანც კელერი (გფრ) - 449,04 (50.45,2; 73 მ და 77,5 მ); 2. ალოის კელინი (შვეიც) - 447,99 (47.21,5; 71 და 69,5); 3. ანდრეას კუნცი (გდრ) - 444,1 (49.19,8; 72,5 და 74)...

სათხილამურო რბოლა
15 კმ. მამაკაცები. 1. ჰარალდ გრიონინგენი (ნორ) - 47.54,2; 2. ერო მიანტიურანტა (ფინ) - 47.56,1; 3. გუნარ ლარსონი (შვედ) - 48.33,7...
30 კმ. მამაკაცები. 1. ფრანკო ნონესი (იტა) - 1:35.39,2; 2. ოდ მარტინსენი (ნორ) - 1:36.28,9; 3. ერო მიანტიურანტა (ფინ) - 1:36.55,3...
50 კმ. მამაკაცები. 1. ოლე ელეფსეტერი (ნორ) - 2: 28.45,8; 2. ვიაჩესლავ ვედენინი (სსრკ) - 2:29.02,5; 3. იოზეფ ჰაასი (შვეიც) - 2:29.14,8...
ესტაფეტა (4x10 კმ). მამაკაცები. 1. ნორვეგია (ჰარალდ გრიონინგენი, ოლე ელეფსეტერი, ოდ მარტინსენი, პოლ ტილდუმი) - 2:08.33,5; 2. შვედეთი (ბიარნე ანდერსონი, გუნარ ლარსონი, ასარ რიონლუნდი, იან ჰალვარდსონი) - 2:10.13,2; 3. ფინეთი (ერო მიანტიურანტა, კალევი ლაურილა, კალევი ოიკარაინენი, ჰანუ ტაიპალე) - 2:10.56,7...
5 კმ. ქალები. 1. ტოინი გუსტაფსონი (შვედ) - 16.45,2; 2. გალინა კულაკოვა (სსრკ) - 16.48,4; 3. თ. ალევტინა კოლჩინა (სსრკ) - 16.51,6...
10 კმ. ქალები. 1. ტოინი გუსტაფსონი (შვედ) - 36.46,5; 2. ბერიტ მიორდრი (ნორ) - 37.54,6; 3. იგნერ ოფლესი (ნორ) - 37.59,9...
ესტაფეტა (3x5 კმ). ქალები. 1. ნორვეგია (ბერიტ მიორდრი, იგნერ ოფლესი, ბაბენ ენგერი) - 57.30,0; 2. შვედეთი (ტოინი გუსტაფსონი, ბარბარა მარტინსონი, ბრიტ სტრანდბერგი) - 57.51,0; 3. სსრკ (ალევტინა კოლჩინა, რიტა აშკინა, გალინა კულაკოვა) - 58.13,6...

ტრამპლინიდან ხტომა
K90 ინდივიდუალური (70 მ). მამაკაცები. 1. ირჟი რაშკა (ჩეხ) - 216,5 (79 მ და 72,5 მ); 2. რაინჰოლდ ბახნერი (ავსტრია) - 214,2 (77,5 და 76); 3. ბალდური პრაიმლი (ავსტრია) - 212,6 (80 და 72,5)...
K120 ინდივიდუალური (90 მ). მამაკაცები. 1. ვლადიმირ ბელოუსოვი (სსრკ) - 231,3 (101,5 და 98,5); 2. ირჟი რაშკა (ჩეხ) - 229,4 (101 და 98); 3. ლარს გრინი (ნორ) - 214,3 (99 და 93,5)...

სამთო თხილამურები
კაცები. სლალომი. 1. ჟან-კლოდ კილი (საფ) - 1.39,73; 2. ჰერბერტ ჰუბერი (ავსტრია) - 1.39,82; 3. ალფრედ მატი (ავსტრია) - 1.40,09...
კაცები. გიგანტური სლალომი. 1. ჟან-კლოდ კილი (საფ) - 3.29,28; 2. ვილი ფავრე (შვეიც) - 3.31,50; 3. ჰაინრიხ მესნერი (ავსტრია) - 3.31,83...
კაცები. სწრაფდაშვება. 1. ჟან-კლოდ კილი (საფ) - 1.59,85; 2. გი პერილე (საფ) - 1.59,93; 3. ჟან-დანიელ დეტვილერი (შვეიც) - 2.00,32...
ქალები. სლალომი. 1. მარიელ გუაშელი (საფ) - 1.25,86; 2. ნენსი გრინი (კან) - 1.26,15; 3. ანი ფამოზი (საფ) - 1.27,89...
ქალები. გიგანტური სლალომი. 1. ნენსი გრინი (კან) - 1.51,97; 2. ანი ფამოზი (საფ) - 1.54,61; 3. ფერნანდე ბოშატაი (შვეიც) - 1.54,74...
ქალები. სწრაფდაშვება. 1. ოლგა პალი (ავსტრია) - 1.40,87; 2. იზაბელ მირი (საფ) - 1.41,33; 3. კრისტლ ჰაასი (ავსტრია) - 1.41,41...

ციგაობა
მამაკაცები. ერთდგილიანი. 1. მანფრედ შმიდი (ავსტრია) - 2.52,48; 2. ტომას კიოლერი (გდრ) - 2.52,66; 3. კლაუს ბონზაკი (გდრ) -2.53,33...
მამაკაცები. ორადგილიანი. 1. ტომას კიოლერი/კლაუს ბონზაკი (გდრ) -1.35,85; 2. მანფრედ შმიდი/ევალდ ველში (ავსტრია) - 1.36,34; ვოლფგანგ ვინკლერი/ფრიტც ნაჰმანი (გფრ) - 1.37,29...
ქალები. ერთდგილიანი. 1. ერიკა ლეხნერი (იტა) - 2.28,66; 2. კრისტი შმუკი (გფრ) - 2.29,37; 3. ანჟელიკა დიუნჰაუპტი (გფრ) - 2.29,56...

ფიგურული სრიალი
მამაკაცები. 1. ვოლფგანგ შვარცი (ავსტრია) - 1904,1/13; 2. ტიმოტი ვუდი (აშშ) - 1891,6/17; 3. პატრიკ პერა (საფ) - 1864,5/31;
ქალები. 1. პეგი ფლემინგი (აშშ) - 1970,5/9; 2. გაბრიელა ზაიფერტი (გდრ) - 1882,3/18; 3. ჰანა მაშკოვა (ჩეხ) - 1828,8/31...
სპორტული წყვილები. 1. ლუდმილა ბელოუსოვა/ოლეგ პროტოპოპოვი (სსრკ) - 315,2/10; 2. ტატიანა ჟუკი/ალექსანდრ გორელიკი (სსრკ) - 312,3/17; 3. მარგო გლოკშუბერი/ვოლფგანგ დანი (გფრ) - 304,4/30

ჰოკეი

მამაკაცები. 1. სსრკ (ვიქტორ კონოვალენკო, ვიქტორ ზინგერი, ვიქტორ ბლინოვი, ვიტალი დავიდოვი, ვიქტორ კუზკინი, ალექსანდრ რაგულინი, ოლეგ ზაიცევი, იგორ რომიშევსკი, ანატოლი ფირსოვი, ვიქტორ პოლუპანოვი, ვიაჩესლავ სტარშინოვი, ვლადიმირ ვიკულოვი, ბორის მაიროვი, ევგენი მიშაკოვი, იური მოისეევი, ანატოლი იონოვი, ვენიამინ ალექსანდროვი, ევგენი ზიმინი).

2. ჩეხოსლოვაკია (ვლადიმირ ძურილა, ვლადიმირ ნადრჰალი, იოზეფ ჰორეშოვსკი, იან სუჰი, კარელ მასოპუსტი, ოლდჟიხ მაჰაჩი, ფრანტიშეკ პოსპიშილი, იოზეფ გოლონკა, იან ჰრბატი, ვაცლავ ნედომანსკი, იან ჰაველი, იოზეფ ჩერნი, ფრანტიშეკ შევჩიკი, პეტერ გეიმა, ირჟი ჰოლიკი, იაროსლავ ირჟიკი, ირჟი კოჰტა, იან კლაპაჩი.

3. კანადა (კენ ბროდერიკი, უენს სტივენსონი, მარშალ ჯონსტონი, ბერი მაკენზი, ბრაიან გლენი, პოლ კონლინი, ტერი ო’მელი, ფრენსის ჰაკი, მორის მოტი, როჟე ბურბონე, რაიმონ კადიე, დენი ო’ში, ტედ ჰარგრივზი, გერი დაინინი, სტივენ მონტეისი, ჯერი პინდერი, ბილ მაკმილანი, ჰერბ პინდერი.

ყველა მედალი
ო ვ ბ ს
1. ნორვეგია 6 6 2 14
2. სსრკ 5 5 3 13
3. საფრანგეთი 4 3 2 9
4. იტალია 4 0 0 4
5. ავსტრია 3 4 4 11
6. ჰოლანდია 3 3 3 9
7. შვედეთი 3 2 3 8
8. გფრ 2 2 3 7
9. აშშ 1 5 1 7
10. ფინეთი 1 2 2 5
10. გდრ 1 2 2 5
12. ჩეხოსლოვაკია 1 2 1 4
13. კანადა 1 1 1 3
14. შვეიცარია 0 2 4 6
15. რუმინეთი 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: IX ოლიმპიური თამაშები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული