სოჭი 2014: ჩემპიონი ოლიმპიადაზე ვერ მიდის

AutoSharing Option
სლალომში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფრანგი ტესა ვორლი გამოტოვებს სოჭის ოლიმპიურ თამაშებს. მიზეზი გახდა მარჯვენა მუხლის ტრავმა, რომელიც მან 17 დეკემბერს, კურშეველში მსოფლიოს თასის ეტაპის დროს მიიღო.

ვორლი სლალომში პირველი ცდის შესრულებისას დაეცა ტრასაზე, რის შემდეგაც ის ლიონის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს სამედიცინო შემოწმებისთვის. გამოკვლევის შედეგები არადამაიმედებელი აღმოჩნდა: ვორლმა მენისკი და ჯვარედინი მყესები დაიზიანა, რის გამოც ვერ მოასწრებს სოჭის ოლიმპიადისთვის მწყობრში ჩადგომას.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მოთხილამურემ გასულ უქმეებზე, შვეიცარიის სანკტ-მორიტცში მოიგო სლალომის ეტაპი.

რაც შეეხება კურშეველში გამართულ გუშინდელ სლალომს, ის მოიგო ავსტრიელმა
მარლიზ შილდმა, რომელმაც ორი ცდის ჯამში 0.33 წამით აჯობა შვედ ფრიდა ჰანდსდოტერს და 1.22 წამით თავის დას - ბერნადეტ შილდს.

მაკარტნის მეუღლე სოჭში არ მიდის
ლეგენდარული "ბითლზის" წევრის, სერ პოლ მაკარტნის ყოფილმა მეუღლემ ჰიზერ მილსმა ტრავმის გამო უარი თქვა სოჭის პარალიმპიურ თამაშებში გამოსვლაზე.

მილსმა, რომელსაც მუხლს ქვემოთ ამპუტირებული აქვს მარცხენა ფეხი, აგვისტოში ახალ ზელანდიაში შეასრულა საკვალიფიკაციო მინიმუმი, რაც საკმარისი იყო ბრიტანეთის სამთო თხილამურებით პარალიმპიურ ნაკრებში მოსახვედრად.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მილსი მთელი საკვალიფიკაციო ტურნირის მსვლელობისას ებრძოდა ტრავმებს. ლონდონის პროთეზირების ცენტრმა მოახერხა პროთეზის მყარად დამაგრება, მაგრამ ახალმა მოწყობილობამ ბრიტანელ მოთხილამურეს ტკივილი გაუძლიერა, ხოლო ფეხისა და პროთეზის შეერთების ადგილას ანთება და სისხლჩაქცევები გაჩნდა.

პოლ მაკარტნი და ჰიზერ მილსი 2002 წელს შეუღლდნენ. 2006 წელს მუსიკოსმა განქორწინებაზე განცხადება შეიტანა და 2008 წელს ქორწინება გაუქმდა.

ესტაფეტამ კაცი იმსხვერპლა
ტრაგიკულად დასრულდა სოჭის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მორიგი ეტაპი. ერთ-ერთმა მეჩირაღდნემ, 73 წლის ვადიმ გორბენკომ თავისი ეტაპი გაირბინა, რის შემდეგაც გულის არეში ტკივილი იგრძნო. ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გორბენკოს ადრეც ჰქონდა გადატანილი გულის შეტევა. მანვე დააზუსტა, რომ ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობისთვის საჭირო არ არის ჯანმრთელობის ოფიციალური ცნობა.
ვადიმ გორბენკო რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი იყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; აგრეთვე, გახლდათ ოლიმპიური რეზერვის სკოლის დირექტორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოლიმპიზმი. სოჭი 2014: ნაწილობრივი ბოიკოტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული