ქართული ცეცხლი და ოლიმპიურ ჩემპიონთა ცრემლი ბელგრადში

AutoSharing Option
ქართული დელეგაცია გუშინ გამთენიისას დაბრუნდა ბელგრადიდან, სადაც ევროპის ოლიმპიურ კომიტეტთა გენერალურ ასამბლეაზე ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა - თბილისი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლად აირჩიეს. ჩვენი მეტოქე ჩეხური ბრნო იყო, ფარული წილისყრის შედეგები კი ასეთია - 26:21 თბილისის სასარგებლოდ. გუშინვე დელეგაციის ხელმძღვანელობამ ოლიმპიური კომიტეტის ოფისში პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი და ამ გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორი გია ნაცვლიშვილი უძღვებოდა.

ჟურნალისტებთან შეხვედრაც პრეზიდენტის მილოცვით დაიწყო: ”მინდა, ეს გამარჯვება მივულოცო მთელ საქართველოს, ვეტერან სპორტსმენებს და თქვენ - სპორტულ ჟურნალისტებს, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიისას
დაგეგმილ ყველა ღონისძიებას ფართოდ და კარგად აშუქებდით. ამ წარმატებით თქვენც ბევრი და კარგი სამუშაო გეძლევათ, რადგან უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში საქართველო დატვირთული იქნება ისეთი ღონისძიებებით, რაც აქამდე არ ყოფილა. ამიერიდან ოლიმპიური კომიტეტი და ქალაქის მერია საკმაოდ დაძაბულ და რთულ მუშაობას ვიწყებთ. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად - თქვენც, სპორტული მედიაც”.

პრესკონფერენციაზე ნაცვლიშვილმა ის დამხმარე გუნდიც გაამხილა, რომელიც ბელგრადში წარსადგენ საპრეზენტაციო პროგრამაზე მუშაობდა. მისი თქმით, ამ თემაზე ინფორმაციას შეგნებულად ასაიდუმლოებდნენ - თურმე ეშინოდათ, გარკვეული დეტალები ინტერნეტში არ მოხვედრილიყო და ამ გზით კონკურენტებს არ ჩავარდნოდა ხელში. პრეზენტაცია დავით დოიაშვილმა და კოტე ფურცელაძემ დადგეს, რომლის წამყვანადაც ცნობილი ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე მოგვევლინა, ქორეოგრაფიული ნომრები კი ანსამბლ ”კავკასიონის” ბავშვებმა შეასრულეს (ხელმძღვანელი ანგული ქავთარაძე). ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები დავით გობეჯიშვილი (სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტიცაა) და ნინო სალუქვაძე.

ასამბლეაზე ფრანგულ ენაზე სპეციალური მიმართვა გააკეთა პარლამენტის ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის ქალიშვილმა ანა ბარამიძემ, რაც თურმე ერთ-ერთი ემოციურად გამორჩეული მომენტი გახდა - ამ მიმართვამ მონაწილეებზე ისე იმოქმედა, ზოგს თვალებზე ცრემლიც კი მოადგაო. მათ შორის გობეჯიშვილს და სერბეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, უცნობილეს კალათბურთელ ვლადე დივაცს, რომლის ცხოვრებაშიც ერთი გამორჩეული შტრიხია - ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ატეხილი სამოქალაქო ომის შედეგად დაობლებულ ბავშვს ზრდის. ატირებულმა დივაცმა თურმე პარალელი შვილობილთან გაავლო, ანას პერსონალურად გადაუხადა მადლობა და უთხრა, შენი გამოსვლის გამო მხარს თბილისს დავუჭერო.

პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდა ჩვენი სახელოვანი დუეტი ”ჯორჯია” მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილე თავის ნომერს ცოცხლად ასრულებდა, რაც სრული მოულოდნელობა და ძალზე ეფექტური აღმოჩნდა ასამბლეის მონაწილეებისთვის. თურმე ევროპელები იქით ანა ბარამიძის მიმართვამ აატირა, აქეთ - ”კავკასიონის” ბავშვების მიერ დანთებულმა საცეკვაო ცეცხლმა მოახდინა ფურორი და ოვაციები არ დაიშურეს, იქით - რუსა მორჩილაძის მუსიკასა და ბიბი კვაჭაძის ტექსტზე შექმნილმა ფესტივალის ჰიმნმა (კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო), რომელიც დუეტმა ”ჯორჯიამ” შეასრულა. პრეზენტაცია ახალი სიტყვა აღმოჩნდა ანალოგიურ ღონისძიებებში და დიდწილად განსაზღვრა გამარჯვებულის ვინაობა. ცერემონიალის შემდეგ თურმე ევროპელები ამბობდნენ, მსგავსი რამე დიდ ოლიმპიადებზეც არ გვინახავსო და თან ამატებდნენ, თქვენ ამით მეტოქე მოკალითო. ამ პროგრამის პრემიერა წილისყრის წინა დღესაც შემდგარა, როცა საქართველოს წარდგინება ხდებოდა, და მაშინაც დიდი მოწონება დაუმსახურებია. ქვეყნის წარდგინების ცერემონიალმაც დიდი აჟიოტაჟით ჩაიარა - ქართული ცეკვა-სიმღერის გარდა, ევროპელებმა ქართული ღვინოებიც დააჭაშნიკეს.

ასამბლეის მონაწილეებზე დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკური ელიტის აქტიურობამ - ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირდაპირმა მიმართვამ, დედაქალაქის მერ გიგი უგალავას თუ გიორგი ბარამიძის ჩასვლამ. სამივე მათგანის სიტყვას ძალზე დიდი ფასი დაედო, რადგან ეს სახელმწიფო დონეზე გაცემული გარანტიების ტოლფასია, რაც ფესტივალის ღირსეულად ჩატარების წინაპირობაა. ბარამიძის ჩასვლას რუსთა მითქმა-მოთქმაც გამოუწვევია, რადგან კარგად ახსოვდათ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით და ამ თემაზე ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადებები.

ეტყობა, რუსთა გულისწყრომა ჩვენი სეოკ-ის ხელმძღვანელებისა და რუსეთის ეოკ-ის პრეზიდენტ ალექსანდრ ჟუკოვის შეხვედრამ გაანელა, რომელიც რუსეთის ვიცე-პრემიერიცაა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ მოლაპარაკებას მოჰყვა რუსეთის ოფიციალური განცხადება, რომ ბელგრადში მხარს თბილისის კანდიდატურას დაუჭერდნენ. ნაცვლიშვილის სიტყვებით, ეს იყო წმინდა სპორტული თემატიკის შეხვედრა და პოლიტიკაზე ლაპარაკი არ ყოფილაო, თუმცა დასძინა, რომ თავის დროზე საქართველომ მხარი დაუჭირა სოჭის კანდიდატურას, მაგრამ შედეგად აგვისტოს ომი მივიღეთო. ამის მიუხედავად, მან ჟუკოვი მაინც მოიწვია საქართველოში და თანხმობაც მიიღო, თუმცა ზუსტი ვადები ჯერ არაა ცნობილი. ნაცვლიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს წლებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მოწესრიგდება.

”მიმაჩნია, რომ ევროპამ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და ევროკავშირისკენ კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი სპორტმა გადადგა, რაც, ალბათ, ლოგიკურია, რადგან სხვა სფეროებთან შედარებით, ყველაზე დიდი წარმატებები გააჩნია. თუმცა ეს გამარჯვება არა მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის ან დღევანდელი სპორტსმენების წარმატებაა, არამედ იმ ვეტერანებისა, რომლებმაც ქართული სპორტის ისტორია შექმნეს. ამის გარეშე მსგავსი მიღწევა გაგვიჭირდებოდა და მადლობა ვეტერანებს იმ სპორტული მატიანესთვის” - თქვა ნაცვლიშვილმა. მან არც ის დამალა, რომ ცოტა მეტ ხმას ელოდა, მაგრამ რამდენიმე ქვეყანამ ”გადაგვაგდო”, თუმცა რაკიღა მოვიგეთ, ახლა ამას მნიშვნელობა არც აქვს.

ნაცვლიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერ ქვეყანას, განსაკუთრებით კი სომხეთსა და აზერბაიჯანს. თურმე ის შიშობდა, რომ მეზობლები თავს შეიკავებდნენ, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ უახლოეს ათწლეულში კავკასია მსგავს კომპლექსურ ღონისძიებას ვერ მიიღებს ანუ თუ მათაც სურდათ რაღაც ასეთის მასპინძლობა, ამ სურვილზე ხელი უნდა აეღოთ. ამის მიუხედავად, ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ორივემ დაგვიჭირა მხარი და სანაცვლოდ არც ჩვენ დარჩებით ვალში, თუ მათ ოდესმე საქართველოს ხმა დასჭირდებათ. ცხადია, პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ასპექტს და განაცხადეს, რომ ეს სააქართველოს ახალ პერსპექტივებს უქადის ევროკავშირისკენ, ევროპული სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ნაცვლიშვილმა ისიც თქვა, რომ თავიდან მათ შანსებს ექსპერტები მხოლოდ 10%-ით აფასებდნენ და ისიც იზიარებდა ამ შეფასებას.

რაც შეეხება ახალ სპორტულ ბაზებს, მათი ნაწილი უკვე მწყობრშია და საერთაშორისო ექსპერტების მოწონებაც დაიმსახურა, ნაწილი კი უნდა შერემონტდეს და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს. ეს ყველაფერი აუცილებლად გაკეთდება. მით უფრო, დედაქალაქი ორმაგად ამოიღებს დანახარჯს, მაგრამ ფინანსებზე უფრო მნიშვნელოვნად მათ დღევანდელი ვაკუუმის გარღვევა მიაჩნიათ, რაც თავისთავად მოჰვება ამ ფესტივალს. წინასწარი გათვლებით, თბილისში 20 ათასამდე ევროპელი ჩამოვა, რომლებიც გაეცნობიან ქართულ კულტურას, წარმოდგენას შეიქმნიან ჩვენს ქვეყანაზე...

როგორც იცით, ამ ფესტივალის პროგრამაში ცხრა სახეობაა - კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ცურვა, ჩოგბურთი, ძიუდო, ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა. საზოგადოებისთვის საინტერესო თემაზე - რატომ არ შევიდა ფეხბურთი თამაშების პროგრამაში, ნაცვლიშვილმა უპასუხა, რომ ამის უფლებას ზემდგომნი არ იძლევიან, თორემ მათ წყალბურთისა და ჭიდაობის შეტანაც სურდათ, სადაც წარმატების იმედი ჰქონდათ, მაგრამ უარი მიიღეს.

იგეგმება ოლიმპიური სოფლის აშენებაც - ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი სტუდენტური ქალაქის აშენებას აპირებს, რომლის თავდაპირველი დანიშნულებაც ოლიმპიური სოფლის ფუნქცია იქნება, ხოლო მისი დასრულების შემდეგ საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსით გააგრძელებს ცხოვრებას, რაც სპორტულ ბაზებთან ერთად, ასევე დიდი შენაძენი იქნება ქალაქისთვის.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 1 /
სრულიად საქარტველოს ვულოცავ ამ წარმატებას... ირაკლი თუ შეგიძლია პრეზენტაციის ვიდეო დადო?
intereli
17:00 30-11-2010
0

სიახლეები პოპულარული