სოჭი 2014: მუქარა სერიოზულია?

AutoSharing Option
უნგრეთისა და სლოვენიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა მიიღეს წერილი, რომელიც სოჭის ოლიმპიადის დროს ტერორისტული მუქარის შესახებ შეიცავს ინფორმაციას.

უნგრელები ამ მუქარას სერიოზულად მოეკიდნენ და შესაბამისი შეტყობინება გაგზავნეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში. უნგრეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ჟოლტ ბორკაის ინფორმაციით, ანალოგიური გაფრთხილებები მიიღეს სხვა ქვეყნის ოლიმპიურმა კომიტეტებმა. მანვე განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნგრულ მხარეს ურჩია - არ გააგზავნოს ოლიმპიური გუნდი სოჭში.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ტერაქტის მუქარის წერილი მიიღო სლოვენიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც. წერილი რუსულ ენაზე იყო შედგენილი.

იანვრის შუაში, ერაყში მოქმედი რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება - "ანსარ ალ-სუნა" ოლიმპიადის მსვლელობისას სოჭში ტერორისტული აქტების მუქარით გამოვიდა. ბოევიკებმა ასევე აიღეს პასუხისმგებლობა 29-30 დეკემბერს, ვოლგოგრადში მომხდარ ორმაგ ტერაქტზე, რამაც 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ექსტრემისტებმა გამოაცხადეს, რომ ეს ტერაქტები ჩრდილოკავკასიელ ბოევიკთა ერთ-ერთი მეთაურის, დოკუ უმაროვის ბრძანებით განახორციელეს.

რუსული და ამერიკული პრესის ინფორმაციით, რუსულმა სპეცსამსახურებმა სოჭში გაავრცელეს ოთხი სავარაუდო კამიკაძე ქალის მონაცემები, რომლებიც, შესაძლოა, ოლიმპიადისთვის ტერაქტებს ამზადებენ.

2014 წლის თამაშებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის მთავრობამ. 22 იანვარს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეს საკითხი თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.

ადრე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოაცხადა, რომ თავის თანამშრომლებს მიავლენს სოჭში, რათა რუს ძალოვანებს დაეხმაროს ოლიმპიადის დროს უსაფრთხოების დაცვაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული