უნგრელები ამ მუქარას სერიოზულად მოეკიდნენ და შესაბამისი შეტყობინება გაგზავნეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში. უნგრეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ჟოლტ ბორკაის ინფორმაციით, ანალოგიური გაფრთხილებები მიიღეს სხვა ქვეყნის ოლიმპიურმა კომიტეტებმა. მანვე განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნგრულ მხარეს ურჩია - არ გააგზავნოს ოლიმპიური გუნდი სოჭში.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ტერაქტის მუქარის წერილი მიიღო სლოვენიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც. წერილი რუსულ ენაზე იყო შედგენილი.
რუსული და ამერიკული პრესის ინფორმაციით, რუსულმა სპეცსამსახურებმა სოჭში გაავრცელეს ოთხი სავარაუდო კამიკაძე ქალის მონაცემები, რომლებიც, შესაძლოა, ოლიმპიადისთვის ტერაქტებს ამზადებენ.
2014 წლის თამაშებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის მთავრობამ. 22 იანვარს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეს საკითხი თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.
ადრე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოაცხადა, რომ თავის თანამშრომლებს მიავლენს სოჭში, რათა რუს ძალოვანებს დაეხმაროს ოლიმპიადის დროს უსაფრთხოების დაცვაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"