მასთან სასაუბროდ ბევრი თემა არსებობს - სოჭის მოახლოებული ოლიმპიადა; სეოკ-ის შექმნის მეოთხედსაუკუნოვანი იუბილე; მზადება "თბილისი-2015"-ის ფესტივალისთვის, დოპინგი და ქართული სპორტის სხვა საჭირბოროტო საკითხები...
სტუმარი ჩვენს იდეასაც მიესალმა, 25-წლოვან თარიღთან დაკავშირებით ყოფილ გამომცემლობა "სამშობლოს" შენობაზე გაკეთდეს მემორიალური დაფა იმის აღსანიშნავად, რომ აქ იწყებოდა დამოუკიდებელი ქართული ოლიმპიზმის ისტორია ჯერ კიდევ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე... ზენაიშვილთან საუბარიც ამ თემით დავიწყეთ.
- საინტერესოა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ დაიწყო საქართველოში
- უპირველესად, დიდი მადლობა მოწვევისთვის იმ გაზეთს, რომელმაც ქართულ სპორტთან ერთად იარა მთელი ეს გზა და მისი წარმატებების მემატიანე იყო და არის.
ოლიმპიური მოძრაობა საქართველოში "ლელომ" და ლელოელებმა დაიწყეს იმხანად ჯერ კიდევ თითქოს გაუგებარი, აბსტრაქტული, გაფრენილი იდეების პრაქტიკული ხორცშესხმით, ხშირად პესიმისტური განწყობის ფონზე, მაგრამ საბოლოოდ იდეამ გაიმარჯვა.
ამ იდეებმა მაშინ პირველად გაიკაფეს გზა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მერე ბევრმაც მოგვბაძა. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, იმ საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც ეს გააკეთა - ამით წინ წავიგდეთ საქმე და ძალიან ბევრს გავუსწარით. სპორტს ყოველთვის ახასიათებს ეროვნულობა და ამ ტრადიციებს ოლიმპიურმა მოძრაობამაც აუბა მხარი, რის გამოც დღემდე შემოინახა თავდაპირველი ეროვნული მუხტი.
ცხადია, იმ პერიოდში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ჩამოყალიბება ძალიან რთული იყო - ეს ხდებოდა 1989 წელს, ჯერ კიდევ კომუნიზმის ხანაში, როცა ჯერ ისევ არსებობდა საბჭოთა კავშირი, ცეკა, სხვადასხვა სტრუქტურა და "როგორ შეიძლება" მენტალობა, მაგრამ სწორედ ამ ფონზე შევძელით ამის გაკეთება... თან ეს იყო ძიების პროცესი - არც გამოცდილება გვქონდა და არც ამდენი საკომუნიკაციო საშუალება არსებობდა - კომპიუტერი, მობილური ტელეფონები თუ სხვა.
ამიტომ დავდიოდით სხვა ქვეყნებში, ვიკვლევდით და ვეძებდით საჭირო ინფორმაციებს. რასაც დღეს 10 წუთი სჭირდება, მაშინ ამისთვის უზარმაზარი მუშაობა გვიწევდა. ეს დიდი სამუშაო იყო, რომლის წარმოდგენაც დღევანდელ თაობას გაუჭირდება. ეს კეთდებოდა დიდი ძალისხმევის, ღამის თევის, ნერვიულობის და რისკის ხარჯზე. ოლიმპიური კომიტეტი წლეულს დაარსების 25 წლისთავს იზეიმებს და იქ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ამ პერიპეტიებს.
- რა პერსპექტივას ხედავდით მაშინ?
- მაშინ უკვე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ საბჭოთა რესპუბლიკებმა უნდა იპოვონ საკუთარი ადგილი ოლიმპიურ მოძრაობაში. ეს საკავშირო მთავრობისგან დათმობის ერთ-ერთი თემა იყო.
- საინტერესოა, ვის ეკუთვნის საბჭოთა კავშირის პერიოდში მოპოვებული ოლიმპიური მედლები?
- ამ თემაზე გამოსულ ყველა სტატისტიკურ ცნობარში 1952-1992 წლებში მოპოვებული ოლიმპიური მედლები საბჭოთა კავშირისაა, თუმცა ბარსელონას თამაშების ჯილდოები უკვე გაერთიანებული გუნდის საკუთრებაა, 1994-ის ზამთრისა და 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადებიდან მოყოლებული კი ცალკეულ რესპუბლიკებს ეთვლებათ. თუმცა საბჭოთა პერიოდში მედლები ქართული ტრადიციებით ნაკვებმა, ქართული გენით დაჯილდოებულმა ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. ამიტომ დამსახურებულად ვამაყობთ მათი მედლებით.
შეიძლება მათ შორის რუსებიც იყვნენ, აფხაზებიც, ოსებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, მაგრამ ყველანი ქართული სპორტის აღზრდილები იყვნენ. ოლიმპიური მედლების რაოდენობით საქართველო მსოფლიოს 25 ქვეყანას შორის მოიხსენიება, ხოლო თუ ამას ტერიტორიის ან მოსახლეობის რაოდენობით დავითვლით, ბევრად უფრო წინ ვიქნებით.
- ბოლო წლებში ერთგვარი ვიწრო წრე შეიქმნა იმ სახეობებისა, რომლებიც ოლიმპიადის ლიცენზიებსა და მედლებს იღებენ. ახალი სახეობები თუ გამოჩნდნენ, რომლებმაც, შეიძლება, ანალოგიურ წარმატებას მიაღწიონ?
- ჩვენთვის ყოველთვის საამაყო იყო ოლიმპიური მედლების ფართო გეოგრაფია - 21 სახეობაში მოგვიპოვებია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ჯილდოების მომტანი რამდენიმე სახეობაა. ძირითადად ესაა საჭიდაო სახეობები, რასაც პერიოდულად კიდევ რომელიმე ემატება.
პერსპექტიული სახეობებიდან ფარიკაობას დავასახელებ, სადაც კარგი თაობა მოდის. ვიმედოვნებ,
ოლიმპიადაზე ისინიც მოხვდებიან, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ მომხდარა. პერსპექტივას ვხედავ თანამედროვე ხუთჭიდსა და ტრიათლონში. გასაოცარია, რატომ არ ვითარდება ქალთა ჭიდაობა! მით უფრო, ოლიმპიადაზე მათ ორი წონა დაემატათ.
ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამსახურება ისაა, რომ თავის დროზე ძიუდოს ფედერაციასთან ინტენსიური მუშაობით მივაღწიეთ ქალთა ძიუდოს განვითარებას და უკვე შედეგებიც გვაქვს. ჭიდაობაშიც უნდა ავიღოთ ქალებზე აქცენტი. თუ ჭიდაობენ სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთში, ჩრდილო კავკასიაში, რატომ არ უნდა იჭიდაონ ჩვენებმა? ან ძიუდოში, კარატეში და სხვაგან თუ არიან ქალები, რატომ არ უნდა გვყავდნენ ჭიდაობებში?
- სოჭის ოლიმპიადა კარს მოგვადგა. ბოლო დღეებში რამე საინტერესო ინფორმაცია ხომ არ გაჟღერებულა უსაფრთხოების თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით?
- სოჭში წასვლის გადაწყვეტილება მთელმა ქართულმა სპორტულმა სამყარომ მიიღო - ამ საკითხს ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. მეც მიმაჩნია, რომ ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა საზოგადოების ნაწილს მაინც აქვს კითხვები, რაც ბუნებრივია.
ჩვენ შევეცადეთ, მათზე გვეპასუხა საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში ინტეგრირების კუთხით. ამ თამაშებს ატარებს სოკ-ი და არა რუსეთი - სოჭი მასპინძლად სწორედ სოკ-მა აირჩია.
თავის დროზე, ჩვენმა წინა ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი სოჭში ოლიმპიადის ჩატარებას, იმდროინდელი პრეზიდენტი მიესალმა ამას, რაც ჩვენი მხრიდან გარკვეული ვალდებულებაცაა. მართალია, მერე აგვისტოს ომმა ბევრი რამე შეცვალა, თუმცა მას შემდეგ რუსეთში ყველა საერთაშორისო შეჯიბრებაზე ჩავდიოდით და ახლა რატომ ატყდა ასეთი ამბავი? გასაგებია, რომ ოლიმპიადა სხვა სიმაღლეა, მაგრამ ბოიკოტს არავინ მოგვიწონებდა და გარკვეულწილად, გარიყულები აღმოვჩნდებოდით.
- რა მდგომარეობაა ბაზებთან დაკავშირებით, მოესწრება მათი აშენება-რემონტი?
- თავის დროზე ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი მეც დამეკითხა ამაზე და ვუპასუხე, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიების სამასპინძლოდ მზად არ ვიყავით. არც მქონდა იმედი, რომ იმ ბრძოლაში გავიმარჯვებდით, მაგრამ სწორი მუშაობით ნაცვლიშვილმა მაინც მოახერხა ეს, რისთვისაც მადლობა მას.
ეს დიდ დივიდენდს მოუტანს ქართულ სპორტს - პროგრამაში შეტანილ მარტო ამ 9 სახეობაზე, სპორტსმენების, მწვრთნელების, ექიმების ხელფასებს თავი რომ დავანებოთ, წელიწადში მილიონ-ნახევარი ლარი იხარჯება. ფაქტობრივად, 4 წლის განმავლობაში ამ სახეობებზე დაახლოებით 6 მილიონი დაიხარჯება, რაც დიდი ფუფუნებაა.
ამ მზადების ფარგლებში სპორტის ბევრი სახეობა "აფეთქდა", რაც ასევე დიდი საქმეა. ფესტივალზე იქნებ მედლებში სათანადო შედეგს ვერ მივიღებთ, მაგრამ სხვა მხრივ გააჩნია დიდი პლუსები. მაგალითად, ხელბურთში მონაწილეობა იმ თაობას უწევს, რომელმაც 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს.
ახლა მთავარი ამ ფესტივალის სათანადოდ ჩატარებაა, რაც ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის, თუმცა ამავდროულად, ძნელი საქმეცაა, ვინაიდან ინფრასტრუქტურა მზად არაა. თუმცა ეს თამაშები ბევრ კარგ ინფრასტრუქტურულ საქმეს "წამოიკიდებს" - შენდება ოლიმპიური სოფელი, რომელსაც მერე ქალაქი გამოიყენებს; აშშ-ის საელჩოს ტერიტორიას შეემატება მინი-სპორტული ქალაქი; გვექნება მძლეოსნობის ახალი ბაზა, საცურაო აუზი, ფრენბურთის ორდარბაზიანი არენა, დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობაც.
უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიდამოებში შენდება ხელბურთის დარბაზი, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იგეგმება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რემონტდება სპორტული ბაზები - დიდუბის მძლეოსნობის მანეჟი, ვერის ბაღის კალათბურთის სასახლე და სხვები.
უკვე ცნობილია ყველა სახეობაში სატესტო ღონისძიებების თარიღები, 14-17 აპრილს კი მონიტორინგის მორიგი ჯგუფი გვეწვევა ევროპიდან, რომელსაც ჩამოჰყვება ფესტივალში მონაწილე ცხრავე სახეობის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური დამკვირვებელი, ისინი შეხვდებიან თავიანთ აქაურ კოლეგებს და დაიგეგმება ყველაფერი სპორტულ-ორგანიზაციულ ნაწილში.
- დოპინგი სერიოზულ პრობლემად გვექცა... რამდენად მონაწილეობს სეოკ-ი მის პრევენციაში?
- დოპინგი მხოლოდ ჩვენი კი არა, მსოფლიოს თავსატეხად იქცა. სამწუხაროდ, ჩვენთან სპორტული მედიცინა ვერ დგას სათანადო სიმაღლეზე - არაა ბაზა, რასაც ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი 20 წელიწადია, გაჰყვირის. ამას სპორტსმენთა თვითნებობაც ემატება, რომელთათვისაც გაზრდილი საპრიზო ისეთი საცდურია, ექიმს არ უჯერებს და თვითნებურად იღებენ პრეპარატებს. გაუმართლებლად რისკავენ, რასაც ზოგჯერ მოაქვს შედეგი, მაგრამ უმეტესად - არა.
რაც შეგვიძლია, ყველანაირად ვეხმარებით სათანადო სტრუქტურებს ამ ბრძოლაში. მაგალითად, ჩვენ დავუთმეთ ოფისი საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს, ვუტარებთ სემინარებს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, სპორტსმენებთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ისევ ფედერაციებმა და მწვრთნელებმა უნდა იაქტიურონ. სპორტსმენები ახლა ისე დაისაჯნენ, იმედია, გამოფხიზლდებიან... პირადმა მწვრთნელებმაც მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
კატასტროფული ფაქტია: სოკ-მა ასე ადრიანად გამოგვიყო ოლიმპიური სტიპენდია ხუთ სპორტსმენზე და აქედან 2 დოპინგზე ჩავარდა. თან პირველად ერთს რომ აღმოუჩინეს, ვთხოვეთ და სხვა ათლეტით შევცვალეთ, მაგრამ ისიც ჩავარდა! სირცხვილია ასეთი ფაქტი. არადა, ორი კრიტერიუმიდან ერთი ის იყო, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო გამორიცხული დოპინგის შანსიც კი.
- დასასრულ, ოლიმპიურ ხეივანზეც გკითხავთ, რომელიც აქამდეც უნდა გახსნილიყო...
- კარგი შეკითხვაა... ეს საქმე 10 წლის წინათ დაიწყო, მაგრამ პოლიტიკური პრობლემების გამო პროექტი შეჩერდა. წლეულს სეოკ-ის ოფისში, მაჩაბლის ქუჩაზე ლევან ვარდოსანიძის ავტორობით გაკეთდება ოლიმპიურ ჩემპიონთა ვარსკვლავები, მაგრამ ხეივნის საკითხიც დავძარით. თუ მოხერხდა, გვინდა, 2015-ის ფესტივალის ფარგლებში მოესწროს ოლიმპიური პარკის გახსნა, რომელიც იქნება "ოდა ქართულ სპორტს". იქ შეიძლება, მოეწყოს ოლიმპიელთა გაცილება, ფიცის დადება და ამგვარი ღონისძიებები. ვფიქრობ, მოესწრება ეს ფესტივალამდე.
აქვე გეტყვით, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პირველად გამოვა საბავშვო ოლიმპიური ენციკლოპედია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"