სოჭი 2014: ბიატლონი - მას ვერავინ შეაჩერებდა

AutoSharing Option
ქალებს შორის გამოდევნებით რბოლაში ფავორიტებს ორი დღით ადრე, სპრინტში შელახული პრესტიჟის აღდგენა მართებდათ. პირველ რიგში, ეს ითქმოდა ბელორუს დარია დომრაჩევაზე და ნორვეგიელ ტურა ბერგერზე. როგორც ცნობილია, გამოდევნებაში სპორტსმენები სპრინტში ნაჩვენები შედეგების მიხედვით იღებენ სტარტს. ამიტომაც 11 თებერვლის რბოლის მთავარ ფავორიტად მაინც სლოვაკი ანასტასია კუზმინა რჩებოდა, რომელიც ბევრს უგებდა უკვე ნახსენებ დომრაჩევასა და ბერგერს.

ბელორუსი ბიატლონისტის სერიოზული განწყობა პირველ კილომეტრებზე გამოჩნდა - მან პირველ სასროლეთზე მისვლამდე შეძლო კუზმინას დაწევა და ამ დუეტმა პირველი ხუთი გასროლა ერთად შეასრულა. მათ ყველა ტყვია მიზანში
მოახვედრეს და მეორე სასროლეთზეც ერთად მივიდნენ. აქ კი კუზმინამ ერთი შეცდომა დაუშვა, დომრაჩევამ ისევ ზუსტად ისროლა და რბოლის ფავორიტი გახდა.

რაც შეეხებათ სპრინტში მეორე და მესამე ადგილებზე გასულ რუს ოლგა ვილუხინასა და უკრაინელ ვიტა სემერენკოს, მათ ამჯერად ვერ შეძლეს მედლებისთვის ბრძოლა. სემერენკო ორჯერ შეცდა სროლისას, ვილუხინა - ერთხელ, თან მასპინძელს რბოლისას დაბალი ტემპი ჰქონდა. თუმცა უკრაინელებს მაინც შეეძლოთ ამ რბოლაში მედლის მიღება.

ვიტა სემერენკოს ტყუპისცალი - ვალენტინა ბოლო მომენტამდე რჩებოდა საპრიზო სამეულში მოხვედრის პრეტენდენტად. მან ბოლო სასროლეთზე ხუთი ტყვია მიზანში მოახვედრა და მეორე წავიდა დისტანციაზე, მაგრამ უკრაინელმა ვერ შეინარჩუნა უპირატესობა - მას ბერგერმა, გრეგორინმა და სოუკალოვამ გაუსწრეს და სემერენკო მეხუთე მივიდა ფინიშთან.

ეს სპორტსმენები მხოლოდ მეორე-მესამე ადგილებისთვის იბრძოდნენ, რადგან იმ დღეს ოქროს მედალს ვერავინ შეეცილებოდა დარია დომრაჩევას. ის მესამე სასროლეთზეც უშეცდომო იყო, მეოთხეზე კი თავს უფლება მისცა, ერთხელ აეცილებინა მიზნისთვის, მაგრამ მაინც მოუგო უახლოეს მდევარს 37 წამი. ბელორუსმა კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

მეორე ადგილზე გავიდა ტურა ბერგერი, რომელმაც, ტრადიციულად, ბოლო კოლომეტრები ძალიან სწრაფად გაირბინა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სლოვენიელმა ტეია გრეგორინმა, რომელმაც გაუძლო გაბრიელა სოუკალოვას მხრიდან შეტევას.

დარია დომრაჩევა
დაიბადა: 3 აგვისტო, 1986
სიმაღლე: 1.68 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, 10 კმ. გამოდევნება
ბრინჯაო - ვანკუვერი 2010, 15 კმ. ინდივიდუალური
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, 3-გზის ვერცხლის პრიზიორი, ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი; 14 გამარჯვება და 50 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული