სოჭი 2014. ჰოკეი: ყველაზე დამაჯერებელი აშშ იყო

AutoSharing Option
ორ ქვეჯგუფში პირველი ტურის მატჩებით გაგრძელდა მამაკაცთა ჰოკეის ტურნირი. ოთხივე მატჩში ფავორიტმა მოიგო, თუმცა ყველაზე დამაჯერებელი შთაბეჭდილება აშშ-ის ნაკრებმა დატოვა; თან მას ყველაზე ძლიერი მეტოქე ჰყავდა, სლოვაკეთის ნაკრების სახით.

სლოვაკებმა პირველ პერიოდში ასე თუ ისე გაძლეს და მხოლოდ ერთი შაიბა მიიღეს საკუთარ კარში (დროის ამ მონაკვეთში აშშ-მ 11-ჯერ დაარტყა ზუსტად ჰალაკის კარში), მეორე პერიოდის სტარტზე კი ანგარიშიც გაათანაბრეს, მაგრამ სჯობდა, ეს არ გაეკეთებინათ. ტატარის გოლმა ძალიან გააბრაზა ამერიკა, რომელმაც 20 წუთში ექვსჯერ აიღო მეტოქის კარი.

მეხუთე გაშვებული გოლის შემდეგ სლოვაკეთმა
მეკარე შეცვალა - ჰალაკმა ადგილი ბუდაის დაუთმო, თუმცა მასაც მოუწია ორჯერ დანებება. არც ერთ გოლში გოლკიპერების დადანაშაულება არ შეიძლება. ძირითადი კითხვის ნიშანი ვუიტეკის გუნდის დაცვის მიმართაა, რომელიც აშშ-ის ბევრის უფლებას აძლევდა.

მესამე პერიოდში მაყურებელს გატანილი შაიბა არ უნახავს. ამერიკა ძალებს ზოგავდა რუსეთთან მატჩის წინ, სლოვაკეთს კი, უბრალოდ, არაფერი გამოსდიოდა. მხოლოდ მატჩის ბოლოს შეეძლო ზდენო ხარას გოლის გატანა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა მეკარე ჯონათან კვიკმა.

რუსეთმაც ისეთი სტარტი აიღო სლოვენიის ნაკრებთან მატჩში, რომ ოლიმპიადების დებიუტანტი განწირული ჩანდა განადგურებისთვის. ოვეჩკინმა და მალკინმა ორშაიბიანი უპირატესობა მოუტანეს საკუთარ გუნდს, პირველ პერიოდში დარტყმების შეფარდება კი 18:4 იყო, მასპინძლების სასარგებლოდ.

მაგრამ მეორე პერიოდში სლოვენიელთა თამაში მთლიანად შეიცვალა. გააქტიურდა მათი ლიდერი ანჟე კოპიტარი და ორჯერ, ეგლიჩის დუბლის წყალობით, სლოვენიამ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა (1:2, 2:3). აუტსაიდერმა მოულოდნელად მოიგო მეორე პერიოდი და თამაშის გადარჩენის შანსი მიიღო, მაგრამ მესამე პერიოდის დასაწყისში რუსების ორმა გოლმა კანონზომიერი შედეგი დააფიქსირა - 5:2.

* * *
რვა გოლი გაუტანა ფინეთის ნაკრებმა ავსტრიას, თუმცა ეს უკანასკნელი არ იმსახურებდა ასეთ წაგებას. უკვე 36-ე წამზე გრაბნერმა გახსნა ანგარიში. ფინეთს გარკვეული ხანი დასჭირდა შოკიდან გამოსასვლელად, შემდეგ კი გრანლუნდის გოლით გაათანაბრა, თუმცა ამას მოჰყვა უნდერპფუნდის კურიოზული გოლი და ავსტრია მეორედ გავიდა წინ: უნდერპფუნდმა ძალიან მახვილი კუთხიდან დაარტყა, შაიბა მაატას ციგურს მოხვდა და ისე შევარდა სკანდინავიელთა კარში.

თუმცა ფინელებმა პირველივე პერიოდში გამოასწორეს სიტუაცია. ორ წუთში ლეპისტომ გაათანაბრა ანგარიში, 20-წუთეულის ბოლოს კი, რვა წამის ინტერვალით, მაატასა და იმონენის გოლებმა ფსიქოლოგიურად გატეხა ავსტრია.

ამ მატჩში დაფიქსირდა ოლიმპიადის პირველი ჰეთ-თრიქი, რომლის ავტორი გახდა გრაბნერი. ასევე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ პირველი პერიოდის შემდეგ ტრავმის გამო ყინულზე გასვლა ვერ შეძლო ფინელმა ვეტერანმა ტეემუ სელიანემ. თუმცა ფორვარდის ტრავმა სერიოზული არ არის და ის შემდეგ მატჩში მოედანზე იქნება.

გაუჭირდა ფავორიტის სტატუსის დამტკიცება კანადის ნაკრებს. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მხოლოდ მეორე პერიოდის შუაში გახსნა ანგარიში ნორვეგიის წინააღმდეგ: მცველი უებერი ჩაერთო კარგად შეტევაში და ძლიერი დარტყმით აჯობა მეკარე ჰაუგენს. ცხრა წუთის შემდეგ კანადელებმა ლამაზი კომბინაციით გაზარდეს უპირატესობა. თავი გამოიჩინა ჯეიმი ბენმა.

ნორვეგიელები არ დანებდნენ და მესამე პერიოდის პირველ წამებზე რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს, თუმცა კანადელთა პასუხმა არ დააყოვნა: გუნდის კიდევ ერთმა მცველმა დრიუ დაუტიმ მცველი და მეკარე მოატყუა და ცხრიანში ზუსტად დაარტყა - 3:1. ანგარიში მატჩის ბოლომდე არ შეცვლილა.

კანადის თამაშს ცუდი არ ეთქმოდა, მაგრამ გუნდს ეტყობა, რომ ჯერ ბოლომდე არ გაუვლია აკლიმატიზაცია.

I ტური
A ჯგუფი

სლოვაკეთი-აშშ 1:7
0:1, 1:6, 0:0
გოლები: 0:1 კარლსონი-1 (კესელი-1, ვან რიმსდიკი-1), 1:1 ტატარი-1 (მარიან ჰოსა-1), 1:2 კესლერი-1 (კეინი-1), 1:3 შჩასტნი-1 (პასიორეტი-1, ოში-1), 1:4 ბეკსი-1 (კესელი-2), 1:5 შჩასტნი-2 (შატენკირკი-1, ოში-2), 1:6 კესელი-1 (კესლერი-1, ვან რიმსდიკი-2), 1:7 ბრაუნი-1 (კარლსონი-1, კეინი-2).

რუსეთი-სლოვენია 5:2
2:0, 1:2, 2:0
გოლები: 1:0 ოვეჩკინი-1 (მალკინი-1, სიომინი-1), 2:0 მალკინი-1 (ოვეჩკინი-1, მედვედევი-1), 2:1 ეგლიჩი-1 (რობარი-1), 3:1 კოვალჩუკი- (მალკინი-2, რადულოვი-1), 3:2 ეგლიჩი-2 (საბოლიჩი-1, კოპიტარი-1), 4:2 ნიჩუშკინი-1 (ტერეშჩენკო-1), 5:2 ბელოვი-1 (ნიკიტინი-1, ტერეშჩენკო-2).

B ჯგუფი
ფინეთი-ავსტრია 8:4
4:2, 2:0, 2:2
გოლები: 0:1 გრაბნერი-1 (რაფლი-1), 1:1 გრანლუნდი-1 (სელიანე-1, ვატანენი-1), 1:2 უნდერპფუნდი- (ვანეკი-1), 2:2 ლეპისტო-1 (იოკინენი-1, ტ. რუუტუ-1), 3:2 მაატა-1 (იოკინენი-2), 4:2 იმონენი-1 (ლეჰტერია-1, ვაანანენი-1), 5:2 იოკინენი-1, 6:2 კონტიოლა-1 (გრანლუნდი-1), 6:3 გრაბნერი-2 (ლებლერი-1, რაფლი-1), 7:3 იმონენი-2 (ბარკოვი-1, ვატანენი-2), 7:4 გრაბნერი-3, გრანლუნდი-2 (ტიმონენი-1, ვატანენი-3).

კანადა-ნორვეგია 3:1
0:0, 2:0, 1:1
გოლები: 1:0 უებერი-1 (პ. ბერჟერონი-1, კიტი-1), 2:0 ბენი-1 (პ. ბერჟერონი-2, დაუტი-1), 2:1 ტორესენი-1 (მ. ოლიმბი-1), 3:1 დაუტი-1 (გეტცლაფი-1, მარლო-1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული