რუსეთმა მონაკოს თავადი მოისყიდა

AutoSharing Option

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მონაკოს თავადი ალბერ მეორე 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის არჩევნების წინ რუსეთის წარმომადგენლებისგან ძვირფას საჩუქრებს იღებდა. ასეთი ინფორმაციით გუშინ ბრიტანული პრესა გამოვიდა.

მონაკოს დაზვერვის ყოფილმა საიდუმლო მრჩეველმა რობერტ ერინჯერმა (ფაქტობრივად ამ ადამიანმა შექმნა ამ სახელმწიფოს სპეცსამსახური და სათავეში ედგა მას) წერილი მისწერა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს ჟაკ როგეს და ურჩია მას, ყურადღება მიაქციოს ფაქტებს, რომელიც რუსების მიერ სოკ-ის ერთ-ერთი გავლენიანი წევრის მოსყიდვას ადასტურებს.

ერინჯერი ირწმუნება, რომ ალბერ II პირადად რუსეთის პრემიერ-მინსტრისგან ვლადიმერ პუტინისგან იღებდა

საჩუქრებს. მათ შორის იყო - რუსული ფულით დაფინანსებული პოლარული ექსპედიცია, სადილი კრემლში და ვილა ქალაქგარეთ, რომელიც ალბერ მეორეს კერძო ფერმის ტერიტორიაზე აშენდა.

56 წლის ერგინჯერი ამერიკის მოქალაქეა. კერძო დეტექტივი, ჟურნალისტი და მწერალი მონაკოს თავადზე კალიფორნიიდან მუშაობდა და როგორც ამბობენ, ალბერ მეორეზე უამრავი კომპრომატი შეაგროვა.

ერინჯერი 2002-07 წლებში დაზვერვაში მუშაობდა. სწორედ მაშინ შეამჩნია მან, რომ მონაკოში მყარად იკიდებდნენ ფეხს რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და კორუმპირებული ჩინოვნიკები. ამერიკელი ამტკიცებს, რომ პუტინი "სენატორ" სერგეი პუგაჩოვის დახმარებით აღწევდა საეჭვო საქმიან გარიგებებს ალბერ მეორესთან, თავად პუგაჩოვი კი  ყველაფერს აკეთებდა "მონაკოს მოქალაქეობის შესაძენად". წერილის ავტორის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ თავადზე ზეწოლას ახდენდა რუსული დაზვერვაც.

ახლა ერინჯერი როგესთვის მიწერილ ღია წერილში ითხოვს, რომ სოკ-ის ეთიკის კომისიამ დაიწყოს გამოძიება "ხმის შეძენის" ფაქტთან დაკავშირებით. დეტექტივის მტკიცებით, 2006 წელს თავადმა იმოგზაურა არქტიკაში და ეს ექსპედიცია მთლიანად რუსეთის მიერ იყო დაფინანსებული (ალბერი II პირველი მოქმედი მონარქი გახდა, ვინც ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა), შემდეგ პუტინს კრემლში შეხვდა. ემინჯერის თქმით, ის ურჩევდა თავადს არ შეხვედროდა უცნობ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, რადგან ეს ყველაფერი შეიძლება კამერაზე დაფიქსირებულიყო, რასაც შემდეგ რუსეთის დაზვერვა შანტაჟის მიზნით გამოიყენებდა.

"გადამწყვეტი" ქრთამი აღმოჩნდა აგარაკი ალბერ მეორეს მამულში - ეს მშენებლობა მთლიანად რუსული ფულით იყო დაფინანსებული. ერინჯერს იმედი აქვს, რომ ჩატარდება გამოძიება, რომელიც მომავალში ასეთ ფაქტებს ააცილებს თავიდან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. "თუ გამოძიებაზე უარს იტყვით, მომავალში ყველას ეცოდინება, რომ თურმე ოლიმპიური კომიტეტის წევრების მოსყიდვა შესაძლებელი ყოფილა", - ასე ამთავრებს თავის წერილს ამერიკელი დეტექტივი.

52 წლის ალბერ მეორე ოლიმპიური თამაშების ხუთგზის მონაწილეა - ის ბობსლეიში გამოდიოდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია 1994 წლიდან. თავადი უცოლო გახლავთ, თუმცა ივნისში გამოცხადდა მისი ნიშნობის შესახებ სამხრეთაფრიკელ მოცურავესთან, ოლიმპიურ ჩემპიონ შარლინ უიტსტოკთან. ქორწილი 2011 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული