თუ, რა თქმა უნდა, ოლიმპიადა სოჭში ჩატარდა და პუტინი კრემლში დაბრუნდა.
ოლიმპიური ქარტიის 69-ე თავის #1.1 განმარტების თანახმად, ოლიმპიადის გახსნის უფლებამოსილება მასპინძელი ქვეყნის მეთაურს ენიჭება.
ოლიმპიურ ქარტიაში, ბევრი სხვა რამეც წერია. მაგალითად ის, რომ ოლიმპიზმის მიზანია "სპორტი ყველგან ემსახურებოდეს მშვიდობიანი სზოგადოების ჩამოყალიბებას და ადამიანის ღირსების დაცვას" "ხელი შეუწყოს მშვიდობიანი და
რასაკვირველია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ-ი) ოლიმპიური ქარტიის უზენაესი პრინციპებით ხელმძღვანელობს, როცა ოლიმპიადის მასპინძლობის მსურველთა განაცხადებს განიხილავს და ამ საკითხზე საბოლოო ვერდიქტი გამოაქვს.
მაგრამ ოლიმპიზმის ისტორიამ სხვა მაგალითებიც იცის, როცა შესაძლებელი გახდა ოლიმპიური თამაშები ჩატარებულიყო ფაშისტურ გერმანიაში (1936, ზაფხულისა და ზამთრის თამაშები), კომუნისტურ საბჭოთა კავშირში (1980) და ტოტალიტარულ ჩინეთში (2008), სადაც ფეხქვეშ ითელება ადამიანის უფლებები. მრავალი საპროტესტო გამოსვლისა და მძაფრი სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირების მიუხედავად, ბერლინში, გარმიშ-პარტენკირხენში, მოსკოვსა და პეკინში დანიშნული თამაშები არავის გაუუქმებია. იყო პროტესტი და ბოიკოტი, მაგრამ შეჯიბრებები მაინც ჩატარდა.
ოლიმპიური ქარტია კატეგორიულად კრძალავს ოლიმპიური მოძრაობის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ სწორედ სოკ-ი იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც 1920 წლის ანტვერპენის ოლიმპიადის წინ, პოლიტიკური მოტივებით, თავად გამოუცხადა ბოიკოტი პირველი მსოფლიო ომის გამჩაღებელ გერმანიას და მის მოკავშირეებს - ავსტრიას, უნგრეთსა და ბულგარეთს. ანტვერპენის თამაშებზე ასევე არ მიუწვევიათ საბჭოთა რუსეთიც, რომლის წინააღმდეგ იმ დროისთვის დაწესებული ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები სპორტის სფეროსაც შეეხო.
უფრო ადრე, სრულიად გასაგები და ობიექტური მიზეზების - პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო, ჩაიშალა 1916, 1940 და 1944 წლების რიგით VI, XII და XIII თამაშები.
მაგრამ ოლიმპიური მოძრაობის ისტორია არ იცნობს თამაშების მასპინძლად ოფიციალურად გამოცხადებული ქალაქისთვის ამ უფლების ჩამორთმევისა და შეჯიბრების რომელიმე სხვა ქვეყნის ქალაქში გადატანის პრეცედენტს.
ამგვარი პრეცედენტი, ვითარებას რელურად თუ შევაფასებთ, არც სოჭის შემთხვევაშია მოსალოდნელი.
ისტორიამ გვაჩვენა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სასტიკად ეწინააღმდეგება ოლიმპიური თამაშების ჩაშლის ყოველგვარ მცდელობას და ბოიკოტმა ფართო მასშტაბებიც რომ მიიღოს, წამყვანმა სპორტულმა ქვეყნებმა, სხვადასხვა მოტივით, სოჭის თამაშებში მონაწილეობაზე უარიც რომ განაცხადონ, საეჭვოა, სოკ-მა უკან დაიხიოს და ოლიმპიადის სხვაგან ჩატარებაზე იფიქროს.
ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ბრძოლას აზრი არა აქვს, ოღონდ კარგად უნდა გავერკვეთ, რა გზებსა და მეთოდებს ვირჩევთ და რა შედეგს ველით ამ ბრძოლისგან, რომელშიც უკვე გამოგვიჩნდნენ რეალური თუ პოტენციური მოკავშირეები - ცალკეული ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. პროტესტანტთა რიგში პირველია საქართველო. ზამთრის XXII ოლიმპიადის სხვაგან გადატანის თაობაზე ყველაზე ხმამაღალი განცხადება სწორედ საქართველომ გააკეთა და ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
საქართველოს მოტივი ყველასთვის ნათელი და გასაგებია: ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მინიჭებული აქვს იმ ქვეყანას, რომელმაც უხეში სამხედრო ძალის გამოყენებით დაარღვია საერთაშორისო ურთიერთობების საყოველთაოდ აღიარებული ნორმები, შეიჭრა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე და დღემდე ოკუპირებული აქვს ამ ტერიტორიის ოცი პროცენტი. ამასთანავე, აგრესორი ქვეყანა შემჩნეულია სეპარატიზმისა და ეთნიკური წმენდის ღია წახალისებაში და ეს ყველაფერი ხდება თამაშების ადგილიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში. ჩვენი შეშფოთება და გულისტკივილი მეტ-ნაკლებად გაზიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, თუმცა გარდა საერთაშორისო სამართლისა და წმინდა ზნეობრივი ასპექტებისა, არსებობს არაერთი სხვა საბაბი თუ მიზეზი საიმისოდ, რომ სოჭში ოლიმპიური თამაშების ჩატარების მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დადგეს.
ვიდრე ამ მიზეზებზე ვისაუბრებდეთ, თვალი გადავავლოთ ოლიმპიურ თამაშებზე პოლიტიკური პროტესტისა და ბოიკოტის ისტორიას. ეს ისტორია გვასწავლის, რომ მართალია, სპორტი ფორმალურად გამიჯნულია პოლიტიკისგან, მაგრამ მას ვერ გავმიჯნავთ სახელმწიფოსგან. სახელმწიფოს ინტერესები, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, სპორტის ინტერესებზე მაღლა დგას. რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ: პოლიტიკური მოტივებით, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა დასავლეთის თითქმის ყველა სახელმწიფომ, მათ შორის - აშშ-მ, კანადამ, იაპონიამ, გფრ-მ და სხვებმა, სულ - 65-მა ქვეყანამ. ოთხი წლის შემდეგ, ლოს-ანჯელესის ოლიმპიადას, ასევე პოლიტიკური მოტივებით, ბოიკოტი გამოუცხადა ე.წ. სოცბანაკის ქვეყნებმა, მათ შორის - სსრ კავშირმა, პოლონეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, ბულგარეთმა და სხვებმა, სულ - 15-მა ქვეყანამ. სეულის ოლიმპიადაზე, კვლავ პოლიტიკური მოტივით, არ ჩასულან ჩრდილოეთ კორეის, კუბის და ეთიოპიის დელეგაციები. უფრო ადრე, 1956 წელს უნგრეთში საბჭოთა ჯარების შეჭრა გააპროტესტა არაერთმა ქვეყანამ, ამ მოტივით კი მელბურნის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ჰოლანდიის და ესპანეთის დელეგაციებმა. სხვადასხვა ფორმისა და მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები და ცალკეული ქვეყნების ბოიკოტი თან სდევდა თითქმის ყველა ოლიმპიურ თამაშს, მათ შორის, პეკინში გამართულ ზაფხულის ბოლო ოლიმპიადას.
საინტერესოა, რომ ოლიმპიადებზე პოლიტიკური პროტესტის პირველი ფაქტი რუსეთს უკავშირდება და ეს ამბავი მოხდა ლონდონში, 1908 წელს. რაკი ფინეთის დიდი სამთავრო იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, ოლიმპიადაზე პირველად მიწვეულმა რუსეთის დელეგაციამ მოითხოვა ფინები რუსეთის სამფეროვანი დროშით გამოსულიყვნენ, მაგრამ როცა უარი მიიღეს, პროტესტის ნიშნად გახსნის ცერემონიალზე საერთოდ არ გამოსულან. მას შემდეგ ასი წელი გავიდა, თუმცა რუსეთი კვლავ რჩება ოლიმპიური თანამეგობრობის თავის ტკივილად. 2014 წლის ოლიმპიადის გარშემო რუსებისთვის უსიამოვნო საუბრები იმ დღიდანვე დაიწყო, როცა სოკ-მა ზამთრის XXII ოლიმპიადის (ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადის რიგითი ნომერიც XXII იყო) მასპინძლად სოჭი შეარჩია. ეს მოხდა გვატემალაში, 2007 წლის 4 ივლისს, სოკ-ის 119-ე სესიაზე. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოკ-ის მაღალჩინოსნების წინაშე პირობა დადო, რომ მომავალი ოლიმპიადა "იქნება უსაფრთხო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი."
არადა, პირველი კითხვები სწორედ უსაფრთხოების თაობაზე გაჩნდა. რუსეთ-საქართველოს ომის, გახშირებული ტერაქტების, ამბოხებული ჩრდილოეთკავკასიური რეგიონების გააქტიურების და ცალკეული ეთნიკური ჯგუფებისა და დიასპორების (ჩერქეზები, ინგუშები, ჩეჩნები) მიერ გაკეთებული გამაფრთხილებელი განცხადებების შემდეგ, ოლიმპიადის უსაფრთხოების თემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მაგალითად, კანადისა და ავსტრალიიის ოლიმპიური კომიტეტები შიშობენ, რომ სოჭის თამაშებში მონაწილეობა შეიძლება სერიოზული რისკის შემცველი აღმოჩნდეს, 2010 წლის 26 მაისს სევასტოპოლში მომხდარი გახმაურებული აფეთქების შემდეგ კი ჟურნალი TIME წერდა, რომ "2014 წლის მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნები ყურადღებით სწავლობენ იმას, თუ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მათი სპორტსმენები (30. 05. 2010)."
ამავე ჟურნალის რესპონდენტის, ვაშინგტონის მსოფლიო უსაფრთხოების ინსტიტუტის რუსული და ევრაზიული პროექტების დირექტორის ნიკოლაი ზლობინის აზრით, "თუ რომელიმე დიდი ქვეყანა ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ამას შეიძლება ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს."
The Globalist-ის ავტორი, მარშალის ფონდის გერმანიის განყოფილების წარმომადგენელი ალინა ინაეჰი ყურადღებას ამახვილებს გახშირებულ ტერორისტულ აქტებზე და იმაზე, რომ ძალადობისა და ახალი ომების გაჩაღების ალბათობა კვლავაც მაღალია: "რუსეთის სამხრეთი და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ორგანიზებული ტრანსნაციონალური კრიმინალის ცენტრია. ეს მხარე ადამიანებით ვაჭრობის, ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო ბრუნვის, ასევე ევროპისკენ მიმავალ გზაზე რადიაქტიული მასალების გასაღების გარდამავალი პუნქტია, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული (03. 03. 2010)." ავტორი ასკვნის, რომ სოჭთან ერთად, ოლიმპიადის "მასპინძლად" შეიძლება იქცეს სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული და ძალადობა.
ცხარე კამათის თემად იქცა ასევე სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები. ავტორიტეტული საერთაშორისო გარემოსდამცველი ორგანიზაციები შეძლებისდაგვარად იბრძვიან სოჭის ნაციონალური პარკის და უზარმაზარი ბუნებრივი ნაკრძალის დასაცავად, მაგრამ ფაქტია, რომ გარემოს უკვე მიადგა აუნაზღაურებელი ზარალი, მათ შორის - აფხაზეთის სანაპირო ზოლში. გაეროს ბუნების დაცვის პროგრამების ანგარიშში მითითებულია, რომ მოსკოვი უგულებელყოფს სოჭში ბუნების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ საფრთხეს, ხოლო უდიდესმა ბუნებისდამცველმა ორგანიზაციებმა - "გრინპისმა" და "უორლდ უაილდლაიფ ფანდმა" საერთოდ შეწყვიტეს რუსეთის მხარესთან თანამშრომლობა, რადგანაც ოლიმპიადის ორგანიზატორები ყურად არ იღებენ მათ რჩევებს.
სამწუხაროა, რომ ასეთ ვითარებაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და გულგრილი მაყურებლის როლში გამოდის. არადა, იმავე ოლიმპიური ქარტიის პირველივე თავის მეორე მუხლის თანახმად, სოკ-ი ვალდებულია "ოლიმპიური თამაშების ორგანიზებისას ყურადღება მიაქციოს გარემოს დაცვისადმი პასუხისმგებლურ დამოკიდებულებას."
რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადის პოლიტიკურ ასპექტებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს ეჭვი ეპარებათ, რომ აშშ და ევროპა ღია ბოიკოტს გამოუცხადებენ ოლიმპიურ თამაშებს, მაგრამ ამავე დროს ხაზს უსვამენ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას. აშშ-ს ატლანტიკის საბჭოს უფროსი მრჩევლის კურტ ვოლკერის აზრით, სოჭის ოლიმპიადა რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტებს გვთავაზობს: "ბოიკოტსა და მონაწილეობას შორის არასასიამოვნო არჩევნის თავიდან ასაცილებლად, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უნდა მოახერხონ მესამე გზის მოძიება - სოჭის ოლიმპიადა იმ გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების კატალიზატორად უნდა იქცეს, რომლითაც კავკასიამ 21-ე საუკუნეში შეაბიჯა. რუსეთი დაინტერესებულია სოჭის ოლიმპიადის წარმატებაში და ამ ინტერესს ჩვენც ვიზიარებთ. სწორედ ეს უნდა გახდეს იმის ძლიერი სტიმული, რომ ისტორიას ჩაბარდეს რუსეთის ნულოვანი თამაშები, რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე - გაყავი და იბატონე კავკასიაში. ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი რეგიონის ქვეყნებისა და ხალხებისათვის, მოსკოვისთვის, სპორტსმენებისა და თავად ოლიმპიური მოძრაობისთვის (Washington Post. 25.05. 2010)."
სტატიის ავტორი დასავლეთის ქვეყნებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს, რათა 2014 წელს მეტად არასასურველი სურათის მოწმენი არ გავხდეთ: "წარმოვიდგინოთ გარემოების პრაქტიკული ასპექტები. მსოფლიოს ყველა ქვეყნის აზრით, გარდა რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუასა და ნაურუსი, აფხაზეთი სუვერენული საქართველოს ნაწილია. უკვე დღეს ოლიმპიური კომპლექსის მშენებლები აფხაზეთში არიან დაბინავებული. 2014 წლისთვის იქ ტურისტებს დააბინავებენ, ისინი ისე გადაკვეთავენ საზღვარს რუსეთსა და საქართველოს შორის, რომ საქართველოს სუვერენიტეტზე მითითებაც არ იქნება. თვალში საცემი გახდება აფხაზეთის "სახელმწიფოებრიობის" სიმბოლოები - დროშები, სამოგზაურო დოკუმენტაცია. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტები" ოლიმპიურ თამაშებს აშშ-სა და ევროპის ლიდერებთან ერთად დაესწრებიან."
სოჭში ოლიმპიადის ჩატარება ვლადიმერ პუტინის იდეა იყო. თავის დროზე პუტინმა დიდი ძალისხმევა გასწია საიმისოდ, რათა საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის მაღალჩინოსნების კეთილგანწყობა მოეპოვებინა და მიზანსაც მიაღწია. სოკ-ის 119-ე სესიიდან ერთი წლის თავზე, პუტინის რუსეთმა საქართველოს ომი გამოუცხადა და ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი მიიტაცა. დღეს რუსეთი ოლიმპიადის სამასპინძლოდ ემზადება, პუტინი კი - გახსნის ცერემონიალზე ისტორიული სიტყვების წარმოსათქმელად. ვიდრე ეს მოხდება, საერთაშორისო თანამეგობრობა ეცდება ისტორიული საქმე გააკეთოს: მოთოკოს რუსეთის იმპერიული ამბიციები და აიძულოს პუტინი, აღიაროს ღია და სამართლიანი თამაშის წესები. თუ ასე არ მოხდა, რუსეთს არ ექნება მორალური უფლება, უმასპინძლოს ოლიმპიურ თამაშებს.
ელგუჯა ბერიშვილი