საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური კომიტეტები მემორანდუმს გააფორმებენ

AutoSharing Option
თვალის დახამხამებაში გაირბენს წელიწადნახევარიც და ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიც კარს მოგვადგება.

მომავალი წელწადი ლიცენზიების მოსაპოვებლად ქართველი სპორტსმენებისთვის გარდამტეხი იქნება, მზადების პერიოდში კი ბევრი რამ გასათვალისწინებელია.

ამ დღეებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე დიდი ბრიტანეთის ეოკ-ის ლორდ კოლინ მოინიჰემისა და "ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტის (LOGOG) მიწვევით ინგლისის დედაქალაქს სტუმრობდნენ. ქართული მხარე გულდასმით გაეცნო LOGOG-ის საქმიანობას და გაიზიარა ის გამოცდილება, რაც სამომავლოდ "თბილისი 2015"-ის მზადების პროცესში გამოგვადგება, დაათვალიერეს სპორტული ობიექტები, მოინახულეს ოლიმპიური სოფელი,
სადაც ჯერ კიდევ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ქართული მხარე შეხვდა "ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებსა და თამაშების ყველა მიმართულების კოორდინატორს (ტრანსპორტირება, უსაფრთხოება, ბილეთების გავრცელება, საცხოვრებელი, კვება, ოლიმპიური სოფელი, სამედიცინო მომსახურება და ა.შ.).

გია ნაცვლიშვილმა და მისმა ბრიტანელმა კოლეგამ განიხილეს ორი ქვეყნის ეოკ-ებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი და შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმს ხელი გაისად გაზაფხულზე თბილისში მოეწერება, საქართველოს დედაქალაქში კოლინ მოინიჰემთან ერთად LOGOG-ის წარმომადგენლების სტუმრობისას. ლორდმა კიდევ ერთხელ აღუთქვა სეოკ-ს მხარდაჭერა და გულითადად მიულოცა 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლების მოპოვება. მისი თქმით, ევროპაში ცოტას თუ სჯეროდა, რომ "თბილისი 2015"-ის პროექტი გაამართლებდა, მაგრამ დედაქალაქის მერიისა და სეოკ-ის საქმისადმი პროფესიულმა მიდგომამ და სკურპულოზურმა მუშაობამ ევროპის ქვეყნების უმეტესობას აზრი შეაცვლევინა და საქართველოს დედაქალაქსაც ეს პატივი დამსახურებულად ერგო. ლორდმა, როგორც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასკომის წევრმა, კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ მომავალშიც სეოკ-ის გვერდით იქნება ოლიმპიური პრინციპებისა და იდეალების განმტკიცების საქმეში.

ბოლოს, მკითხველის ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან დეტალზეც შევაჩერებთ. ქართულმა დელეგაციამ ლონდონის ცენტრში შეარჩია შენობა, სადაც ოლიმპიური თამაშების მსვლელობის პერიოდში იფუნქციონირებს "ქართული სახლი" და ლონდონელებსა თუ ოლიმპიადის სტუმრებს, ტურისტებს საშუალება ექნებათ უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ისტორიას, სპორტს, სამზარეულოს, ღვინოს, ჩვენი ქვეყნის წარსულსა და აწმყოს...


სეოკ-ის პრესსამსახური



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული