მონაკოში დიდი ამბებია

AutoSharing Option
გუშინ მონაკოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 127-ე სესიამ, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება. დღის წესრიგშია 40 საკითხი, რისი მეშვეობითაც ოლიმპიური მოძრაობის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს.

ამ ორი დღის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილების მიღება იგეგმება. მაგალითად, გუშინ დადგინდა, რომ გაეზრდებათ უფლებები ცალკეული ოლიმპიადების საორგანიზაციო კომიტეტებს. კერძოდ, მათ შეეძლებათ წამოაყენონ წინადადება - კონკრეტულ თამაშებზე ოლიმპიურ პროგრამაში დაამატონ სპორტის ერთი ან რამდენიმე სახეობა. ამ სახეობების ერთჯერადად დამატების გადაწყვეტილებას ოლიმპიური კომიტეტის სესიებზე მიიღებენ.

გარდა ამისა, სესიაზე გადაწყვიტეს შეზღუდონ ზამთრისა და ზაფხულის თამაშების მონაწილეთა რაოდენობა, აგრეთვე
გასათამაშებელი მედლების კომპლექტთა რიცხვი.

ოლიმპიური კომიტეტის მიერ მოწონებულ რეკომენდაციაში მითითებულია, რომ ზაფხულის ოლიმპიადაზე არ უნდა გამოდიოდეს 10 500 სპორტსმენზე მეტი, ხოლო უნდა გათამაშდეს მედლების 310 კომპლექტი. ზამთრის ოლიმპიადაზე ნავარაუდებია 2900-მდე სპორტსმენის გამოსვლა, რომლებიც გაითამაშებენ მედლების 1000 კომპლექტს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ლონდონში 10 965-მა სპორტსმენმა 26 სახეობაში მედლების 302 კომპლექტი გაითამაშა. 2014 წელს სოჭში 2800 სპორტსმენი შვიდ სახეობაში იბრძოდა მედლების 98 კომპლექტისთვის.

ამიერიდან, განსაკუთრებულ შემთხვევაში ნებადართულია ოლიმპიური თამაშების ნაწილის სტარტების ჩატარება ორგანიზატორი ქვეყნის საზღვრებს მიღმა.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღეს, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვაა.

სესიაზე მოიწონეს ოლიმპიური ტელეარხის შექმნის გადაწყვეტილება. უახლოეს შვიდი წლის განმავლობაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ პროექტის განვითარებისთვის 490 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ტელეარხი მალე ამოიღებს ხარჯს და 6-7 წლის შემდეგ მომგებიანი გახდება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კიდევ ერთი გადაწყვეტილება უკავშირდება იუნიორთა ოლიმპიურ თამაშებს. ამიერიდან ეს შეჯიბრება "არაოლიმპიურ" წლებში ჩატარდება. ასე რომ, 2022 წლის იუნიორთა თამაშები 2023 წელს გადაიტანეს.

ახალი წესი იმოქმედებს ოლიმპიადის ჩატარებაზე განაცხადების შეტანისას. პრეტენდენტმა ქალაქებმა უნდა წარმოადგინონ ზუსტი ბიუჯეტი, რომელიც მოხმარდება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ოლიმპიადის ორგანიზებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული