ვატიკანს და ამერიკას ოლიმპიადა უნდათ

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ იტალიის დედაქალაქი რომი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობას მიიღებს, ვატიკანი მზად არის, ორგანიზება გაუწიოს მშვილდოსნების შეჯიბრებას. ტურნირი შეიძლება გაიმართოს რომის პაპის საზაფხულო რეზიდენციის - კასტელგანდოლფოს ბაღებში.

"ჩემი აზრით, ეს შესანიშნავი იდეაა, - განაცხადა კარდინალმა ჟოზე სარაივამ. - ეკლესია ყოველთვის განიხილავდა სპორტს, როგორც ჯანსაღი ღირსებების გამომუშავების საშუალებას".

აღვნიშნავთ, რომ გასულ კვირას საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ახალი წესი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ოლიმპიადების დროს სპორტის ზოგიერთ სახეობაში მედლები შეიძლება გათამაშდეს ოლიმპიადის ორგანიზატორი ქალაქის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებულ შემთხვევაში - სხვა ქვეყანაშიც კი.

ამერიკა ბრძოლისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქალაქი იქნება წარდგენილი კანდიდატად. პრეტენდენტები არიან: ბოსტონი, ლოს ანჯელესი, სან ფრანცისკო და ვაშინგტონი. კანდიდატ ქალაქზე საბოლოო გადაწყვეტილებას იანვარში მიიღებენ.

ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატები ზაფხულის ოლიმპიადას 1996 წელს, ქალაქ ატლანტაში მასპინძლობდა. ამის შემდეგ განაცხადები ჰქონდათ შეტანილი ჩიკაგოსა და ნიუ იორკს, მაგრამ წააგეს არჩევნები.

ამ მომენტისთვის 2024 წლის ზაფხულის თამაშების ორგანიზების სურვილი უკვე გამოთქვა რომმა. ასევე აპირებენ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადების შეტანას სტამბული, ბაქო, ბუდაპეშტი, პარიზი და რომელიმე აფრიკული ქალაქი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2015 წლის 15 სექტემბერი. 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს 2017 წელს აირჩევენ.

რიოში დიდი ანტისანიტარიაა
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი სუპერბაქტერიებთან საბრძოლველად, რომელიც რიოს ნაპირებთან წყალში აღმოაჩინეს. ეს ის ტერიტორიაა, სადაც 2016 წლის თამაშებზე აფროსნობასა და ვინდსერფინგში უნდა გაიმართოს სტარტები.

მთავრობამ უკვე გააფრთხილა მოსახლეობა იმის შესახებ, რომ ქალაქის ზოგიერთი პლაჟით სარგებლობისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. დაბინძურების მიზეზით უკვე არაერთხელ დაიკეტა ერთ-ერთი უმსხვილესი პლაჟი - ფლამენგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული