ქართული სპორტი პროფილსა და ანფასში

AutoSharing Option
სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირს 2010 წლის სპორტული სეზონის შედეგების ერთნიშნად შეფასება. როცა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი არ გვყავს სპორტის არც ერთ ოლიმპიურ სახეობაში, შეუძლებელია, სეზონს წარმატებული უწოდო. პირიქით - ამ კუთხიდან ძალზე წარუმატებელიც იყო, მაგრამ მეორე მხრივ, აღსანიშნავია დამაიმედებელი ტენდენციებიც, რამაც სამომავლოდ უნდა გამოიღოს ნაყოფი: უჩვეულოდ გამოცოცხლდნენ გუნდური სათამაშო სახეობები და იმდენად კარგად იასპარეზეს, ზოგ შემთხვევაში მოლოდინსაც კი გადააჭარბეს; ქართულ სპორტში დაიგეგმა მთელი რიგი რეფორმები; შეიცვალა მიდგომები, ფედერაციებს, სპორტის მმართველ სტრუქტურებსა და სპორტსმენებს შორის, რომელთა ურთიერთობაში გაჩნდა ახალი ტიპის, უფრო
გამკაცრებული ვალდებულება-მოვალეობები... ანუ, მთლიანობაში, გამოიკვეთა რაღაც სტრატეგია, რაც წარმატებისთვის უმთავრესი პირობაა - ამის გარეშე მედლები არ იქნება.

ცხადია, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქართული სპორტის მიერ წლეულსვე მოპოვებული გლობალური მნიშვნელობის წარმატება - თბილისმა გაიმარჯვა 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის ბრძოლაში. ეს სულ სხვა სიმაღლეა - მისი მნიშვნელობა სცილდება სპორტის ფარგლებს და ქვეყანას გაცილებით მნიშვნელოვან დივიდენდებს პოლიტიკური კუთხით ჰპირდება.

საბედნიეროდ, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში წლეულს ძალიან დიდი წარმატებები მოვიპოვეთ იმ სახეობებში, სადაც უფროსებში ყველაზე დიდი ჩავარდნა გვაქვს - ჭიდაობებსა და ძიუდოში. მოგეხსენებათ, ამ სახეობებში წლეულს ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობებში ორი გამარჯვებული გვყავს - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ძიუდოში და დავით ხუციშვილი (74) თავისუფალ ჭიდაობაში. ასეთი დუბლი ყოველთვის არ ხდება, თუმცა ამით წლევანდელი მწარე მარცხის რეაბილიტაციას არ ვცდილობთ. უბრალოდ, ეს ფაქტიც დამაიმედებელია სამომავლოდ, როგორც კარგი რეზერვის მანიშნებელი, თუმცა ახალგაზრდებში მოპოვებული წარმატება უფროსებშიც იგივე შედეგის გამეორების გარანტია სულაც არაა. საამისოდ მიზანმიმართული, სწორი და დაუღალავი მუშაობაა საჭირო, თორემ ეს ტალანტი ისე უცებ გაიფლანგება, უკან მოხედვასაც ვერ მოვასწრებთ.

ყველაზე მწარე მარცხი მაინც საჭიდაო სახეობების წარუმატებლობა იყო - ქართული სპორტის ძნელბედობიდან გამომდინარე ხომ ბოლო წლებში სხვებზე დიდი წარმატებები ამათ ჰქონდათ. მათი მარცხით ყულაბა მნიშვნელოვნად დაგვიცარიელდა.

საჭიდაო სახეობებიდან უფრო მეტად კიდევ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ივარგეს. მათ ევროპის ჩემპიონატზე სამი, მსოფლიოზე კი ორი მედალი მოიპოვეს. ევროპულთაგან ორი ვერცხლია, რომლებიც მალხაზ ზარქუამ (60) და გიორგი გოგშელიძემ (96) მოიპოვეს, რასაც ოთარ თუშიშვილმა (66) ბრინჯაო დაამატა. მოსკოვში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ჩვენი გუნდის ორივე ჯილდო ბრინჯაოა. ერთი ისევ გუნდის ლიდერმა გოგშელიძემ მოიპოვა, მეორე კი ახალგაზრდა დებიუტანტმა ლევან ბერიანიძემ (120) მოგვიტანა. ეს ბიჭი დიდი კონკურენციის გამო წლეულს ახალგაზრდულ ნაკრებში ვერ მოხვდა (ესეც კიდევ ერთი დამაიმედებელი ტენდენცია), მაგრამ ეროვნულ გუნდში გამოსვლა სამართლიანად დაიმსახურა, მწვრთნელებიც ენდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა.

სამწუხაროდ, ბევრად უფრო მწირია ძიუდოისტთა და ბერძენ-რომაელთა წლევანდელი მონაგარი. სკანდალებით დაღლილმა ძიუდოისტთა ერთ დროს საამაყო ნაკრებმა მსოფლიოს პირველობა უმედლოდ ჩაამთავრა, ევროპიდან კი ერთადერთი ჯილდო - ვალერი ლიპარტელიანის (90) ვერცხლი ჩამოიტანა. მსოფლიო უმედლოდ მოამთავრეს ბერძენ-რომაელებმაც, ევროპაზე კი იმათაც ერთი მედალი ირგუნეს, ოღონდ - ბრინჯაოსი, რომელსაც დებიუტანტი სოსო ჯაბიძე (96) დაეუფლა.

ამათ გარდა, სხვა სახეობებში ეროვნულ ნაკრებთა დონეზე წარმატებები თითქმის არ ყოფილა. თუმცა ერთი მიღწევა აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ - მართლაც რომ ლეგენდარული ტყვიის მსროლელი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე კარიერაში მეცხრედ დაეუფლა მსოფლიოს თასს. სალუქვაძე მოქმედ ქართველ სპორტსმენთა შორის ხომ ყველაზე ტიტულოვანია, ის მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაშიც რეკორდსმენია ოლიმპიადებში მონაწილეობის მხრივ - სეულიდან მოყოლებული, დღემდე ექვს თამაშში გამოვიდა.

ეჭვიც არ გვეპარება, რომ 2012-ში ლონდონში თავის მეშვიდე ოლიმპიადაზეც იასპარეზებს და ამ უპირატესობას კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა სალუქვაძე რეკორდსმენი არა მხოლოდ საქართველოშია - იგი მოპოვებულ მსოფლიოს თასთა რაოდენობით მსოფლიოშიც საუკეთესოა. მას კვალში ჩინელი და სერბი ოლიმპიური ჩემპიონები - ტაო ლუნა და იასნა სეკარიჩი უდგანან, რომელთაც ეს ჯილდო ექვს-ექვსჯერ მოუპოვებიათ. სალუქვაძის მორიგი მსოფლიოს თასი არცთუ კარგად ჩატარებული სეზონის ერთგვარი კომპენსაცია იყო - წლეულს სალუქვაძემ ევროპის პირველობაც წააგო და მსოფლიოსიც. მართალია, ორივე შემთხვევაში მიზეზი ობიექტური იყო - ევროპაზე ნორვეგიელებმა მასპინძელ ქალაქში სასტუმრო ვერ იპოვეს და სპორტსმენები შვედეთში დააბინავეს, იქიდან კი სასროლეთზე დროულად ვერ გადაიყვანეს, ხოლო მსოფლიოზე ჯანმრთელობამ შეუშალა ხელი, მაგრამ ეს მაინც მიზეზებია, ისტორიას კი შედეგი რჩება.

სეზონის მწირი შედეგებიდან კიდევ ერთი უნდა გამოვარჩიოთ აუცილებლად - იანვარში მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ რანგის ტურნირებზე ეს ჩვენი პირველი ჯილდოა ანუ გედევანიშვილმა ისტორიას დაუდო სათავე.

სამწუხაროდ, ოლიმპიური სახეობებიდან ეროვნულ ნაკრებთა დონეზე სხვას ბევრს ვერაფერს ჩამოვთვლით. საუბედუროდ, წლეულს არც სამარცხვინო სკანდალები დაგვკლებია და ზოგიერთ წარმატებულ სახეობაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მაგალითად, ძალოსნობამ ცალკე პოლიტიკის, ცალკე კი დოპინგის გამო ორი ლიდერი დაკარგა ანუ ბურჯი გამოეცალა - არსენ კასაბიევი ოს სეპარატისთა მუქარამ აიძულა, საქართველო დაეტოვებინა, ალბერტ კუზილოვი კი დისკვალიფიცირებულია. კრივმა წარმატებები ვერ მოიპოვა - ეს ერთი, მეორე უარყოფითი კი ისაა, რომ ვერ არეგულირებს ურთიერთობას პროფესიულსა და სამოყვარულო კრივს შორის, რაც საერთო საქმეს ვნებს.

სამწუხაროდ, სერიოზული გარღვევა ვერც წლეულს ვიხილეთ ფედერაციათა უმეტესობაში - ისინი კვლავაც ერთ ადგილს ტკეპნიან. სერიოზული ჩავარდნაა ცურვაში, წინსვლა არაა მძლეოსნობაში, ფარიკაობაში, თანამედროვე ხუთჭიდში და სხვაგან.

ახლა კი დადებითსა და სასიხარულოზეც ვთქვათ. უპირველესად, გუნდური სახეობების გამოცოცხლება უნდა დავასახელოთ. მორაგბეთა წარმატებას და მსოფლიოს თასზე მორიგ გასვლას ველოდით კიდეც. "ბორჯღალოსნებმაც" არ გაგვაწბილეს და ქართველი ქომაგის სამსხვერპლოზე კიდევ ერთხელ, ამჯერადაც ადრინდელივით უშურველად დადეს მთელი ჯიგარი; ველოდით, რომ გაგვახარებდნენ კალათბურთელებიც, თუმცა მთლად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას - არა (სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამაში დიდწილად გათამაშების ფორმატის შეცვლაც დაგვეხმარა - მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა), მაგრამ სასიამოვნო მოულოდნელობა იყო საფეხბურთო ნაკრების "მკვდრეთით აღდგომა". დღემდე კვიპროსელთათვის დამაშვრალი თემურ ქეცბაია გახდა ის კაცი, ვინც ქართველი ქომაგი სტადიონზე დააბრუნა და იმედი ჩაუსახა. ფეხბურთელთა ნაკრები სეზონს წაუგებლად ამთავრებდეს და წარმატების შანსი ჰქონდეს, ეს უკვე სენსაციის სფეროდანაა. წლეულსვე სასიკეთო ძვრები დაიწყო წყალბურთში, რასაც აღორძინებაც შეიძლება დავარქვათ. ჯერჯერობით ამ ანსამბლში კვლავაც ჩამორჩენილია ხელბურთი, თუმცა ვიდრე იქ შიდადაპირისპირება არ აღმოიფხვრება და მართვის სტილი არ შეიცვლება, საეჭვოა, პროგრესი იყოს.

საბედნიეროდ, ზოგიერთ სახეობაში უკვე მიხვდნენ, რომ მართვის თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, უცხოელ სპეციალისტთა მოწვევა საჭიროა და ამ მხრივ პრაქტიკული ნაბიჯებიც გადადგეს - უცხოელი მწვრთნელ-კონსულტანტები ჩამოიყვანეს ძიუდოში, ტაეკვანდოში, წყალბურთში; იგივე რაგბისა და კალათბურთში ეს ბევრად ადრე გააკეთეს; სავარაუდოდ, იანვრიდან მშვილდოსანთა ნაკრებსაც კორეელი გაწვრთნის. არანაირად არ ვაკნინებთ ადგილობრივი მწვრთნელების არც კომპეტენციას და არც მათ მიერ გაწეულ სამუშაოს, მაგრამ ვარჯიშების თანამედროვე სტანდარტებს რომ ჩამოვრჩით, ესე ფაქტია. ამის დანახვა ძალზე იოლად შეიძლება იმ მოწვეული სპეციალისტების მუშაობაზე მცირე ხნით დაკვირვებითაც. უდაოდ აღსანიშავი ფაქტია, რომ ქართულ ძალოსნობას ვანო გრიქუროვი უბრუნდება! ამ რანგის მწვრთნელს ნებისმიერ ქვეყანაში სანთლით ეძებენ.

სასიამოვნო ტენდენციად უნდა მივიჩნიოთ ახალგაზრდულ ასპარეზზე მოპოვებული წარმატებებიც, რაც მართლაც თვალსაჩინოა იგივე ძიუდოში, თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში, ბატუტზე ხტომაში, წყალში ხტომაში, კრივში, ძალოსნობაში და სხვაგან. ამ ახალგაზრდების ნაწილი, სავარაუდოდ, ლონდონის ოლიმპიადაზეც მოხვდება, უმეტესობას კი 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში ვიხილავთ.

ამ ცალკეული ტენდენციების გარდა, წლეულს სხვა მხრივაც გამოკეთდა ვითარება - შეიცვალა მიდგომები, დამოკიდებულება კონკრეტული ფაქტისადმი, შეინიშნება დისციპლინის უფრო მეტად მოთხოვნა, რის ინიციატორებადაც სპორტის მმართველი სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურები მოგვევლინენ. როგორც იქნა, წლეულს სამთავრობო დონეზე დარეგულირდა სოციალური საკითხები - ხელფას-პრემიები უკვე სახელმწიფო დოკუმენტის საფუძველზე ინიშნება და ნებისმიერი სპორტსმენი იღებს იმდენს, რასაც იმსახურებს. გარდა იმისა, რომ ამით სუბიექტურობა გამოირიცხა (ადრე სპორტის მაღალჩინოსანთან რაც ახლოს იყავი, მით მეტი გენიშნებოდა), სახელმწიფოსაც ზემოქმედების მექანიზმი გაუჩნდა - ვინც არ იჭიდავებს, ვთქვათ, საქართველოს, ევროპის პირველობას და ასე შემდეგ, იმ ტურნირის ჩემპიონისთვის განკუთვნილი ხელფასი ავტომატურად ჩამოაკლდება.

იგივე ხდება წარუმატებლად გამოსვლის შემთხვევაშიც, წარუმატებლობა კი სიზარმაცეს მოსდევს. რაც მთავარია, სპორტის სამინისტრომაც და ოლიმპიურმა კომიტეტმაც ტონი გაიმკაცრეს ფედერაციების, ნაკრებებისა და ცალკეული სპორტსმენების მიმართაც. ეკონომიკური სანქციები ძალაში ძირითადად ნაახალწლევს შევა, ახალი სახელფასო ნუსხის დაწერის შემდეგ, მაგრამ მწვრთნელებს წლეულსაც მისცეს პირობითი ვადა წარუმარტებლობის გამო. საქართველოში ნეპოტიზმი ასე უცებ არ აღმოიფხვრება, მაგრამ ასეთი ახლებური მიდგომა მაინც კარგია, როცა ვიღაცამ იცის, შედეგისთვის პასუხს მოსთხოვენ.

ვფიქრობთ, ქართული სპორტისთვის ძალიან კარგი საქმე იქნება იმ სამედიცინო ცენტრის შექმნა, რასაც სეზონის ბოლოს დაგვპირდნენ. თანამედროვე სპორტი დიდწილად მედიცინაა, სადაც მხოლოდ ტალანტით უკვე ბევრს ვერაფერს მიაღწევ და მსგავსი ცენტრის შექმნა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ასევე აუცილებელია ოლიმპიური მზადებისა და სამეცნიერო ცენტრების შექმნა - პირველი სავარჯიშოდ, მეორე კი სპორტული მეცნიერების გასავითარებლად, მაგრამ ეს საქართველოსთვის შორეული პერსპექტივაა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული