საქართველოში ოლიმპიურ მსაჯთა კავშირი დაფუძნდა

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოში ახალი ფედერაცია დაფუძნდა, რომელსაც ჯერჯერობით ოლიმპიურ მსაჯთა კავშირი ეწოდება, თუმცა უახლოეს ერთ თვეში, ვიდრე რეგისტრაციას გაივლიან, სახელწოდება ცოტათი შეიცვლება.

სამაგიეროდ, უცვლელი დარჩება მიზანი - დაეხმაროს ახალგაზრდა მსაჯებს დაოსტატებაში, დააინტერესოს ახალი თაობა ამ პროფესიით, იზრუნოს მსაჯთა უფლებების დაცვაზე.

"ქორთიარდ მარიოტში" გამართულ დამფუძნებელ ყრილობას 42 დელეგატი ესწრებოდა, საპატიო სტუმრების სტატუსით კი იყვნენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე იან სნაიდერსი და ბერნ ახილესი.

ყრილობას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და საქართველოს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, სპორტული ფედერაციების წარმომადგენელი მსაჯები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ წამყვან უცხოურ შეჯიბრებებში.

დელეგატებმა პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს ამ იდეის ავტორი, ძიუდოში უმაღლესი კატეგორიის მსაჯი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი ვლადიმერ ნუცუბიძე.

ვიცე-პრეზიდენტებად ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი დავით სახვაძეს (ფარიკაობა), მევლუდ მიმინოშვილს (ფეხბურთი), მერაბ რატიშვილს (კალათბურთი) და ვლადიმერ ახალკაცს (კრივი), გენერალურ მდივნად - რუსუდან ხოფერიას (ბატუტზე ხტომა).

აირჩიეს 10-კაციანი სათათბიროც, რომელიც იქნება ფედერაციის მმართველი, ანუ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. სათათბიროში შევიდა დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თამაზ თევზაძეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული