ჭიდაობაში საეჭვოა, ძიუდოში არა!

AutoSharing Option
ყოველი წლის დასაწყისში სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებთან და მწვრთნელებთან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შეხვედრები და სამომავლო გეგმების ერთობლივად დასახვა, ტრადიციად ჩამოყალიბდა.

გუშინ სეოკ-ის შტაბბინას ძიუდოს, ჭიდაობის, ძალოსნობის, ქართული ჭიდაობისა და სამბოს ფედერაციათა წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მართალია, უკანასკნელი ორი სახეობა არაოლიმპიურია, მაგრამ სეოკ-ს განზრახული აქვს მათზე მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა გამოყოს, თუმცა ქართულ ჭიდაობას სეოკ-ის სოლიდური დაფინანსება არც წინა წლებში აკლდა და ამის
დასტურად ბადიაურისა და პრეზიდენტის თასზე ლენტეხის უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ფალავნობების დასახელებაც საკმარისია.

წელიწადნახევარი თვალის დახამხამებაში გაირბენს და ლონდონის საიუბილეო რიგით XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიც კარს მოგვადგება, მანამდე კი წინ სალიცენზიო ტურნირებია და ამ კუთხით 2011 წელი გარდამტეხი იქნება.

"მაღალი მიღწევების სპორტში ოთხწლეულს ყველა ქვეყნა ოლიმპიური თამაშების შედეგების მიხედვით აჯამებს. რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტიც ამ გრანდიოზული სპორტული ფორუმისთვის სპორტსმენთა ნაყოფიერად მომზადებისთვის ხელის შეწყობა და შემდეგ იქ წარმატებული ასპარეზობაა. მიმდინარე წელი ლიცენზიების განაწილების თვალსაზრისით ძალზედ დატვირთულია და საერთაშორისო სარბიელზე ჩვენც საქმის ნახევარზე მეტი წლეულსვე უნდა მოვამთავროთ", - ასეთი იყო სეოკ-ის პრეზიდენტის, გია ნაცვლიშვილის საერთო პათოსი ფედერაციებთან შეხვედრისას.

"ლონდონი 2012"-ის სალიცენზიო მარათონში პირველი მერცხლები ძალოსნები აღმოჩნდნენ, რომლებმაც შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე 21-ე ადგილი დაიკავეს და დარიცხული ქულებით 3 საგზური მოიპოვეს. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ასანიძის თქმით, წლეულს პარიზში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე, აუცილებელი იქნება იგივე შედეგის გამეორება, რომ მოპოვებული საგზურები შევინარჩუნოთ, რაც წესით, არ უნდა გაჭირდეს.

ძალოსანთა ნაკრები საფრანგეთში მსოფლიოს პირველობაზე სეოკ-ის დაფინანსებით გაემგზავრება.

ჭიდაობის სახეობები და ძიუდო საერთაშორისო სარბიელზე ყოველთვის იყო და არის ქართული სპორტის მთავარი იმედი. ამიტომაც ქართველი გულშემატკივარი მათგან მუდამ მაქსიმუმს ითხოვს. სეოკ-ის ხელმძღვანელები მათთან შეხვედრისას უფრო მომთხოვნები იყვნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება იმ სპორტსმენების მიმართ, რომლებმაც ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიიღეს. მათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა სპორტული კარიერის გაგრძელება. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, კახა გეწაძის თქმით, წინა ოლიმპიადებისგან განსხვავებით, ლონდონის თამაშებზე ლიცენზიების განაწილების სისტემა შეიცვალა. წლეულს ლიცენზიები მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე გათამაშდება, რომელიც სექტემბერში სტამბულში გაიმართება და იქაც პირველი 8 ადგილის ნაცვლად, როგორც ეს ადრე იყო, საგზურს მხოლოდ ექვსი საუკეთესო ფალავანი მიიღებს. გაისად კი ევროპის ჩემპიონატზე და დამატებით ერთ სალიცენზიო ტურნირზე განაწილდება საგზურები.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა მთავარმა მწვრთნელებმა ზაზა თურმანიძემ და ბეგი დარჩიამ აღნიშნეს, რომ საქართველოს ჩემპიონატზე გამოჩნდნენ ახალი სახეები, რაც სხვადასხვა წონებში კონკურენციის ზრდისთვის აუცილებელია. მათი განცხადებით, სამწუხაროა, რომ რამდენიმე ტიტულოვანმა მოჭიდავემ ეროვნულ პირველობას უგანა და ოფიციალურ მიზეზად ტრამვები დასახელდა, თუმცა მათ ბოლო შანსი ზაფხულში კარტოზია-ბალავაძის თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ალბათ კიდევ უნდა მიეცეთ და ამით ყველაფერს ნათელი მოეფინება. თურმანიძემ და დარჩიამ ყველა წონაში ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების პირობა ვერ დადეს, მაგრამ საამისოდ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ. მოჭიდავეებს სტამბულის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობასა და მის წინა შეკრებას სეოკ-ი დაუფინანსებს.

ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის სოსო ლიპარტელიანის განცხადებით, ლონდონის ლიცენზიას აუცილებლად ყველა წონით კატეგორიაში მოიპოვებენ. ბევრი ქართველი კიმონოისტი საერთაშორისო რეიტინგში ისეთ პოზიციაზე იმყოფება, რომ მათ ოლიმპიადაზე მოხვედრა უპრობლემოდ უნდა შეძლონ. რაც შეეხება ქალებს, აქ გია თენაძის თქმით, იმედი მხოლოდ ნინო ოძელაშვილზეა.

ქართული ჭიდაობის ახალარჩეულ ხელმძღვანელთან თემურ გიორგაძესთან შეხვედრისას ნაცვლიშვილმა ყურადღება გაამახვილა შარშან გამართულ პრეზიდენტის თასის გათამაშებაზე, რომელიც აუცილებლად ტრადიციული უნდა გახდეს საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდით, ხოლო სამბოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ იაძემ აღნიშნა, რომ მარტში თბილისში მსოფლიოსა და საქართველოს ნაკრების ოფიციალური შეხვედრის ჩატარება იგეგმება.


სეოკ-ის პრესსამსახური






.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული