მართალია, მშენებარე კომპანია ახლაც იძლევა გარანტიას, რომ შენობას დათქმულ ვადებში ჩააბარებს, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტმა არ გარისკა და სათადარიგო ვარიანტზე გადაერთო.
მხოლოდ დასრულებაც ბევრს არაფერს ნიშნავს (თუმცა საკითხავია, ასე ნაჩქარევად აშენებულის ხარისხიც რამდენად სანდო იქნება), რადგან შენობის შიდა ინტერიერის კეთილმოწყობასაც დიდი დრო უნდა და რაც მთავარია, დასამონტაჟებელია
ვაიდა, მუშა პროცესში, ტესტირებისას რაღაც გადაუჭრელი ხარვეზი აღმოჩნდეს, მერე სხვა ობიექტზე გადასასვლელად, განა გადასაწყობად დროც აღარ რჩება. ამიტომ საორგანიზაციო კომიტეტის არგუმენტებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი სამთავრობო კომისიაც დაეთანხმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც და ამ ფესტივალთან დაკავშირებული სხვა მმართველი სტრუქტურებიც.
თავდაპირველად საორგანიზაციო კომიტეტს სათადარიგო ვარიანტად "არენა" ჰქონდა, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობაც საეჭვო იყო. ეს ეჭვიც დადასტურდა და ხელბურთის ტურნირი არა იქ, არამედ სპორტის სასახლეში ჩატარდება, ანუ იქ გამწესებულ სახეობებს ჩაანაცვლებს.
ახლა სწორედ ეს პროცესი მიდის - თავიდან გადაანაწილონ სახეობები ბაზების მიხედვით.
ხელბურთის დარბაზთან და საცურაო აუზთან დაკავშირებით პრეტენზიები ყოველთვის არსებობდა, თუმცა უფრო პრობლემური ხელბურთის ბაზა იყო.
მშენებლობის დაგვიანებაზე, მის ნელ ტემპზე ერთნაირად საუბრობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სპეციალისტები. აღსანიშნავია, რომ ორივე ბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იყო და ლევან ყიფიანთან სპორტის საპარლამენტო კომიტეტის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ეს ბაზებიც იყო. არადა, სამინისტროს მათ ასაშენებლად საჭირო თანხა თურმე ჯერ კიდევ 2013 წლის მეორე ნახევრიდან ედო ანგარიშზე.
საცურაო აუზი ჯერჯერობით ისევ რჩება ფესტივალის მასპინძელი ბაზების ნუსხაში, თუმცა ჯერ არც მისი მშენებლობა დასრულებულა. საბედნიეროდ, ვადებში ჩატევა უკვე აღარაა საეჭვო, მაგრამ მას არ გაუვლია პრაქტიკული შემოწმება. არადა, გარკვეული შიშები მასთან დაკავშირებითაც არსებობს.
იმედია, ეს მაინც არ გამართლდება და მეორე ბაზის ჩანაცვლება არ გახდება საჭირო.