არავისთვისა არ არის უცხო, რომ დღეს იჭედება ხვალინდელი წარმატება, რომ ოლიმპიური მედლისთვის მხოლოდ სპორტსმენი კი არა, სპორტის მუშაკთა და სპორტის თანამდგომთა მთელი არმია, მთელი ქვეყანა იბრძვის. წავიდა დრო, როცა ოლიმპიადების წინ ფაქტობრივად მოსაჩვენებლად იქმნებოდა შტაბები, ვითომდა მზადების პროცესების ხელშესაწყობად და საკოორდინაციოდ.
ახლა ასეთ, მაგრამ ჭეშმარიტად რეალური
ყოველდღიურად სეოკ-ის სააქტო დარბაზში სპორტის სხვადასხვა ოლიმპიური სახეობების წარმომადგენლების (გაფართოებული ფორმატით) შეხვედრები იმ პროცესის ნაწილია, რომლის მეშვეობით, მზადებით დაწყებული, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიის ჩათვლით, სეოკ-ი ქართული ოლიმპიური სპორტის მაჯისცემაზე იქნება მიყურადებული.
არის თუ არა რეალური ის დაპირებები, რასაც სალიცენზიო ტურნირებთან და უშუალო თამაშებთან დაკავშირებით იძლევიან სპორტული ფედერაციები და მწვრთნელები? ამ კითხვაზე, ცხადია, პასუხს ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ ის, რომ პირობა პასუხისმგებლობაა, ყველას კარგად ესმის. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეებმა, ძიუდოისტებმა, ჩოგბურთელებმა, მძლეოსნებმა, მოფარიკავეებმა, მოფარიკეებმა, სხვებმაც სეოკ-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრებისას განაცხადეს, რომ ყველაფერს აკეთებენ ლონდონში მოსახვედრად. თათბირები სეოკ-ში სულაც არ არის ფორმალური, ერთიანი მოქმედების გზებიც ისახება და მატერიალური თუ მორალური თანადგომისაც. ამ შეხვედრებზე გუშინდელ მიღწევებს (ცხადია, ვისაც ეს აქვს), არა თავმოსაწონად, არამედ მხოლოდ იმისთვის იხსენებენ და აანალიზებენ, რომ ხვალ და ზეგ, ოლიმპიადის ჩათვლით, უკეთეს შედეგებს მიაღწიონ.
პარალელს თუ გავავლებთ, დღეს გაცილებით უკეთ და მობილიზებულად ემზადებიან საქართველოს ნაკრები გუნდები ოლიმპიადისთვის, ეს კი ბევრს ნიშნავს ამ ეტაპზე თუნდაც იმის რწმენის გასამტკიცებლად, რომ ლონდონში ქართული სპორტი საკუთარ ოლიმპიურ ისტორიას უეჭველად შეავსებს ახალი საამაყო ფურცლით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"