ოლიმპიზმი: ეს განაჩენია?

AutoSharing Option
2008 წლის ოლიმპიადაზე მონაწილე 14 რუსი სპორტსმენის დოპინგ-სინჯში აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი. ამ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. ამ ორგანიზაციამ უკვე მიიღო შესაბამისი დოკუმენტები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან.

როგორც ირკვევა, ამ 14 სპორტსმენიდან 11 მძლეოსანია (10 რბენის დისციპლინებიდან და ერთი - ხტომებიდან).

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ხელმეორედ შეამოწმეს პეკინის ოლიმპიადის 454 დოპინგ-სინჯი. შემოწმების შედეგების თანახმად, 12 ქვეყნის 31 სპორტსმენს აუკრძალეს რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა იმ 14 რუსი სპორტსმენის ვინაობა, რომლებიც 2008
წელს, პეკინში აკრძალული პრეპარატით გამოდიოდნენ.

სიაში მოხვდა 10 ოლიმპიური მედალოსანი: იულია ჩერმონსკაია (4x100 მ. ოქროს მედალი ესტაფეტაში), ანასტასია კაპაჩინსკაია (400 მეტრი რბენა, ვერცხლი ესტაფეტაში), ტატიანა ფიროვა (400 მეტრი რბენა, ვერცხლი ესტაფეტაში), მარია აბაკუმოვა (შუბის ტყორცნა, ვერცხლი), მარია შაინოვა (ძალოსნობა, ვერცხლი), დენის ალექსეევი (400 მეტრი რბენა, ბრინჯაო ესტაფეტაში), დენის ნიჟეგოროდოვი (სპორტული სიარული, ბრინჯაო), ეკატერინა ვოლკოვა (3000 მეტრი სტიპლჩეზი, ბრინჯაო), ანა ჩიჩეროვა (სიმაღლეზე ხტომა, ბრინჯაო), ნადეჟდა ევსტიუხინა (ძალოსნობა, ბრინჯაო).

დიდი ალბათობით, ამ სპორტსმენებს 2008 წელს მოპოვებული მედლები ჩამოერთმევათ და რიოს ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ.

* * *
ამასობაში, ჭოკით ხტომაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ელენა ისინბაევა საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს აპირებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუს მძლეოსნებს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვებენ. რუსი მძლეოსნის აზრით, ოლიმპიადის გამოტოვებამ, შესაძლოა, დაღი დაასვას ახალგაზრდა და "დოპინგისგან სუფთა" რუსი ათლეტების კარიერას.

"ჩვენთვის ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში, პირადად წავალ საერთაშორისო სასამართლოში და ვიჩივლებ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო", - განაცხადა ისინბაიევამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული