დოპინგი: მკაცრი ამერიკა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ტრავის ტაიგარტმა "ნიუ იორკ თაიმსში" საკუთარ ბლოგში განაცხადა, რომ გრიგორი როდჩენკოვის ბრალდებებზე მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გამოძიებამ მთელი რუსული სპორტი უნდა მოიცვას. ტაიგარტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარი ორგანიზაციის პოზიციას: "სუფთა" სპორტსმენების დასაცავად, რუსეთის მძლეოსნობის ნაკრები არ უნდა დაუშვან რიო-დე-ჟანეირო ოლიმპიადაზე.

ტაიგატმა თავად მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოც გააკრიტიკა. მისი სიტყვებით, ამ ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2010 წელს, ვიტალი სტეპანოვის ბრალდებების წყალობით იცოდა რუსეთში არსებული მსხვილმასშტაბიანი სადოპინგო სისტემის შესახებ.

გარდა ამისა, ტაიგარტმა აღნიშნა, რომ რიჩარდ მაკლარენის დამოუკიდებელი
კომისიის მანდატი მეტად შეზღუდულია. მისი სიტყვებით, თუ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო დაამტკიცებს რუსული სპორტის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს, რუსეთის მთლიანი ოლიმპიური გუნდი უნდა მოიკვეთოს არა მხოლოდ რიოს ოლიმპიური თამაშებიდან, არამედ ყველა საერთაშორისო ტურნირიდან.

* * *
აგრეთვე რუს მძლეოსნებს უტევს ბრიტანელი შუბის მტყორცნელი გოლდი სეიერსი. მან განაცხადა, რომ გამოტოვებს რიოს ოლიმპიადას იმ შემთხვევაში, თუ რუს ათლეტებს ზაფხულის თამაშებზე დაუშვებენ.

"ვფიქრობ, რუსეთის მძლეოსანთა ნაკრების დისკვალიფიკაცია ძალაში უნდა დარჩეს. მზად ვარ არ გავემგზავრო რიოში, თუ რუსეთის ნაკრებს სასჯელს მოუხსნიან. მესმის, რომ ამ ნაბიჯით, თავად მოვპარავ საკუთარ თავს კიდევ ერთი ოლიმპიადას", - განაცხადა სეიერსმა.

33 წლის ბრიტანელმა, შესაძლოა, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი მიიღოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუს მარია აბაკუმოვას დისკვალიფიკაციას მისცემენ. პეკინის თამაშების დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ, აბაკუმოვას დოპინგის მოხმარება დაუმტკიცდა.

"ჩემი კარიერა, შესაძლოა, სულ სხვაგვარად წასულიყო, რვა წლის წინ მედალი რომ მომეპოვებინა. ამაში ეჭვი არ მეპარება. ეს სულ სხვა რამეა, ვიდრე მედლის ფოსტით მიღება", - ამბობს ბრიტანელი.

გოლდი სეიერსი ბრიტანეთის რეკორდსმენია შუბის ტყორცნაში (66.17 მეტრი).

ბელარუსებიც გარეულები არიან?
საფრანგეთის პოლიცია გამოძიებას ატარებს ნიჩბოსნობაში ბელარუსის ნაკრებზე, რომელიც გაზაფხულზე ლე-ტამპლ-სიუტ ლოტში მართავდა შეკრებას.

საფრანგეთის ანტისადოპინგო სააგენტომ 26 მარტს, სპორტსმენებისგან რვა დოპინგ-სინჯი აიღო, რომელთანაგაც ოთხმა დადებითი შედეგი აჩვენა მელდონიუმზე. 12 აპრილს, გუნდისგან კიდევ 17 სინჯი აიღეს და აქედან ერთი იყო დადებითი შედეგის.

იმავე დღეს, სასტუმროში, სადაც ბელარუსი სპორტსმენები გაჩერდნენ, ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციამ აღმოაჩინა აკრძალული პრეპარატები, აგრეთვე მოწყობილობა დოპინგის მისაღებად. რამდენიმე სპორტსმენმა აღიარა, რომ აკრძალულ პრეპარატებს იყენებდნენ.

ცნობილია, რომ დოპინგზე დადებითი სინჯი ჩააბარეს პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებმა - ანდრეი და ალექსანდრ ბოგდანოვიჩებმა.

საფრანგეთში შეკრების შემდეგ, ბელარუსმა კანოისტებმა 21-22 მაისს, დუისბურგში მსოფლიოს თასის ეტაპში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის იმათმა, ვინც დოპინგის მიღება აღიარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული