ლონდონი-2012 კარდიფში დაიწყება

AutoSharing Option

ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბილეთების პირველი პარტიის რეალიზაციამდე ერთი თვით ადრე მომავალი ზაფხულის თამაშების კალენდარი გამოაქვეყნეს. გაისად ოლიმპიადა 27 ივლისს დაიწყება და 12 აგვისტომდე გაგრძელდება. სულ გათამაშდება მედლების 302 კომპლექტი.

პროგრამაში ძირითადი ცვლილებებიდან აღსანიშნავია ის, რომ ცურვის ფინალები საღამოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამერიკული ტელევიზიების ინტერესებიდან გამომდინარე პეკინში მედლები დილით თამაშდებოდა. ლონდონში იქნება ახალი დისციპლინები - პროგრამას ემატება ქალთა კრივი და ჩოგბურთში შერეულ წყვილთა თანრიგი.

ყველაზე იაფი ბილეთი 20 ფუნტი ეღირება, იმ დროს, როცა მამაკაცებს შორის 100 მეტრი გარბენის ფინალში საუკეთესო ადგილზე

ბილეთის ფასი 725 ფუნტი იქნება. ამავდროულად, უფასო იქნება იმ სტარტებზე დასწრება, რომლებიც ქალაქის ქუჩებში გაიმართება (საგზაო ველორბოლა, ტრიატლონი, მარათონი).

მძლეოსნობაში ტურნირი 3-12 აგვისტოს გაიმართება, 100 მეტრზე ქალებისა და მამაკაცების ფინალი შესაბამისად 4 და 5 აგვისტოს არის დანიშნული. ამავე დღეებში ჩატარდება გადამწყვეტი მატჩები ჩოგბურთის ერთეულთა თანრიგში.

ოლიმპიადაზე პირველი სპორტული შეჯიბრი კარდიფში გაიმართება - გახსნის ცერემონიამდე ორი დღით ადრე ლონდონიდან 240 კილომეტრის მოშორებით ქალთა საფეხბურთო ტურნირი აიღებს სტარტს. საფეხბურთო მატჩებს აგრეთვე ქოვენთრი და გლაზგო უმასპინძლებენ. გახსნის ცერემონიამდე ფეხბურთის გარდა გაიმართება წინასწარი შეჯიბრებები მშვილდოსნობაში.

 

ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე დატვირთული დღე 4 აგვისტო იქნება.

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული