"ჩვენი ორგანიზაცია იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არ გაითვალისწინა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს რეკომენდაციები, რომელიც რიჩარდ მაკლარენის ანგარიშს ეფუძნებოდა", - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კრეიგ რიდიმ. მისი სიტყვებით, წარმოდგენილმა ანგარიშმა ამხილა რუსეთში სახელმწიფო დონეზე დოპინგის მხარდაჭერის სისტემა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს სპორტის სიწმინდეს.
ამასთან, მსოფლიოს ანტ
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ უფლებამოსილება გაუგრძელა რიჩარდ მაკლარენის კომისიას სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისთვის. ამ სამუშაოებისთვის სააგენტო 1.3 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს.
* * *
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტომაც გააკრიტიკა.
"ბევრმა სუფთა სპორტსმენმა გამოავლინა სითამამე და სულის სიმტკიცე და გამოწვევა ესროლა რუსეთში სახელმწიფო დონეზე დოპინგის მხარდაჭერის კულტურასა და კორუპციას.
დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა ის, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უარი თქვა გამხდარიყო ფლაგმანი ამგვარი გადაწყვეტილების მიღებაში. რუსეთის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება - უდიდესი დარტყმაა სუფთა სპორტსმენებზე. ადრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აცხადებდა, რომ ანტისადოპინგო შემოწმებების ორგანიზაცია აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.
ამის გამო, ძალიან საწყენია ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, კომიტეტმა ესტაფეტა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს გადაულოცა, რომლებსაც, შესაძლოა, არ გააჩნიათ ადეკვატური ექსპერტიზა ან კოლექტიური ნება, რადგან ოლიმპიადის დაწყებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი.
რაც შეეხება იულია სტეპანოვას, მისი არდაშვება ოლიმპიურ თამაშებზე უდიდესი შეცდომაა. ეჭვგარეშეა, ეს ნაბიჯი შეაშინებს იმ პირებს, რომლებიც მამხილებელ ინფორმაციას ფლობენ და ისინი უარს იტყვიან ინიციატივის გამოჩენაზე", - წერია აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელის ტრევის ტაიგარტის განცხადებაში.
პრესაც უკმაყოფილოა
დასავლურმა გამოცემებმაც თითქმის ერთხმად გააკრიტიკეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება.USA TODAY: ოლიმპიურმა კომიტეტმა სული გაყიდა
"იმ დროს, როცა ოლიმპიურ მოძრაობას მხარდაჭერა და მკაცრი ხელმძღვანელობა ესაჭიროება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უკან იხევს და მიმართავს სპორტულ ფედერაციებს თხოვნით - მიიღონს გადაწყვეტილება რუსი სპორტსმენების რიოში გამგზავრებასთან დაკავშირებით. იმ გადაწყვეტილების ნაცვლად, რომელიც მთელს მსოფლიოზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა, ოლიმპიური კომიტეტის დადგენილება - მხოლოდ მსუბუქი სასჯელია. ოლიმპიური კომიტეტი ყოველთვის ცდილობდა მიეტანა ნებისმიერ ადამიანამდე პატიოსანი თამაშისა და სუფთა შეჯიბრებების მნიშვნელობა. ახლა კი ყველა ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია. კვირას, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეალურად გვიჩვენა - ვის მხარეს არის სინამდვილეში".
THE TELEGRAPH: ეს უდიდესი ჩავარდნაა
"ვლადიმირ პუტინსა და ტომას ბახს შორის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც რუსეთმა მაქსიმალურად გამოიყენა სარგებელის მისაღებად - მსოფლიო სპორტის იდეალების დამახინჯების მკაფიო მაგალითია...
ისინი სუსტ კომპრომისამდე მივიდნენ, მთელი მორალური პასუხისმგებლობა ცალკეულ ფედერაციებს გადააბარეს, რომლებსაც მხოლოდ 12 დღე აქვთ, რათა შეამოწმონ რუსი სპორტსმენების დანაღმული ველი...
ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის სერიოზული ჩავარდნა. ეს ამტკიცებს იმას, რომ დღეს მსოფლიოს ხელმძღვანელებს არ ესმით საკუთარი მოვალეობები და არ შეუძლიათ საჭირო დონეზე აკონტროლონ სფეროები, რომელთა ნაწილიც არიან".
DAILY MAIL: ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება - სუფთა სპორტსმენების ღალატია
"კვირას, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაანადგურა ოლიმპიური თამაშები. სირცხვილი რუს სპორტსმენებს, რომლებიც რიოში გემგზავრებიან და იქ მედლებზე ექნებათ პრეტენზია...
ბახი ნამდვილად არ იყო მზად პუტინთან საომრად, რადგან რუსები აქტიურად უჭერდნენ მხარს მის არჩევას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად. ეს ადამიანები - დახურული კლუბის გავლენიანი წევრები არიან, ხოლო ისინი, ვინც გაბედა მათი სპორტულ სფეროში კორუპციის მხილება - ათლეტებიდან დაწყებული, ჩინივნიკებითა და ჟურნალისტებით დამთავრებული - მტრებად განიხილებიან".
THE GUARDIAN: მსოფლიოს კიდევ დიდხანს ემახსოვრება ეს გაშვებული შესაძლებლობა
"იმის ნაცვლად, რომ ძლიერი პოზიცია დაეკავებინა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ქაოსისა და გაუგებრობის დათესვა გადაწყვიტა...
მთელს საღად მოაზროვნე სამყაროში კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ დღე, როცა ოლიმპიურმა კომიტეტმა ხელიდან გაუშვა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა. ერთი ადგილის ტკეპნა მხოლოდ გაზრდის საზოგადოების ცინიზმს ამ მყუდრო წრის მიმართ. ბახმა თქვა, რომ აბსოლუტურად კომფორტულად იგრძნობს თავს, როცა შეხედავს შეჯიბრებებს რუსი სპორტსმენების მონაწილეობით. მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი, სამწუხაროდ, არ გაიზიარებს მის სიმშვიდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"