ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია

AutoSharing Option
სპორტსმენებისგან ხშირად გვსმენია, ფსიქოლოგიურად წავაგეო. Sportall.ge შეეცადა გაერკვია, რამდენად დიდი როლი აქვს ფსიქოლოგიას სპორტსმენის წარმატებაში და რამდენად აქვთ პრობლემები ამ მხრივ ქართველ სპორტსმენებს. ამასთან დაკავშირებით, ვრცლად საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი გვესაუბრა.

სპორტსმენის მოსამზადებლად 5 ძირითადი რამაა საჭირო...
უნივერსიტეტში სტუდენტებს ლექციებს ვუკითხავ და ვასწავლი, რომ სპორტსმენის მოსამზადებლად 5 ძირითადი რამაა საჭირო: ტაქტიკა, ტექნიკა, ფიზიკა, ფუნქცია და ფსიქოლოგია.

ფსიქოლოგად პირველად 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე ვიმუშავე და სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს ურთულესი და შრომატევადი საქმეა. ნებისმიერი შეჯიბრის წინ მზად უნდა
იყო, უნდა იცოდე სპორტსმენის უარყოფითი მხარეები, მავნე ჩვევები, განწყობა. ამაში კი, ცხადია, თავად სპორტსმენმაც უნდა შეგიწყოს ხელი და ისეთივე გულახდილი უნდა იყოს, როგორც აღსარების თქმის დროს არის ადამიანი. აუცილებლად უნდა ჰქონდეს შეცდომის აღიარების უნარი.

მწვრთნელები კარგი ფსიქოლოგებიც უნდა იყვნენ
მიმაჩნია, რომ მთავარი მწვრთნელი ყველაფერთან ერთად კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რადგან ძალიან ხშირად განწყობის მიცემა სპორტსმენისთვის სწორედ მას შეუძლია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ექიმს სპორტსმენთან ახლოს ყოფნის უფლება არ აქვს. ის მატჩამდე განაწყობს მას, მაგრამ მოედანსა თუ ტატამზე უკვე მწვრთნელი მოქმედებს.

მწვრთნელი უნდა ესწრებოდეს ფსიქოლოგის და სპორტსმენის საუბარს. შესაძლოა, სპორტსმენზე ერთმა "ჯადოსნურმა" სიტყვამ იმოქმედოს და მან ეს უნდა იცოდეს. მაგალითს მოგიყვანთ: ამას წინათ შტაბში ფსიქოლოგი ვახტანგ უკლება ავიყვანეთ. ერთ-ერთი ორთაბრძოლისას დამირეკა და მკითხა: ესა და ეს სპორტსმენი აგებს და რა სიტყვა უნდა ვუთხრაო? ასეა, ყველა სპორტსმენს აქვს თავისი "ჯადოსნური" სიტყვა, რომლის გაგონება მძიმე წუთებში მოტივაციას მატებს.

სხვათა შორის, ვახტანგ უკლება სწორედ Sportall.ge-ს მეშვეობით აღმოვაჩინეთ და თქვენი ძალიან დიდი მადლობელი ვარ. რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" მისი კითხვა საუკეთესოდ მიიჩნია ვალერი ლიპარტელიანმა. შემდეგ ვნახე ეს კითხვა, მომეწონა და მასთან შეხვედრა ვისურვე. გარდა იმისა, რომ ძიუდო უყვარს, ძალიან კარგი ადამიანიც გამოდგა და შტაბში მივიღეთ. 

ხატი და პირჯვარი
ბევრი უცხოელი მწვრთნელი ჩამოსულა საქართველოში და როგორც სპეციალისტს, მართლაც იდეალურად უმუშავია, მაგრამ ხომ გაგონილი გაქვთ, სადაც უნდა წახვიდე, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო... ეს მწრთნელსაც ეხება.

ძალიან ბევრი ჩვენი სპორტსმენი რელიგიურად ცხოვრობს: ეკლესიაში დადის, იცავს მარხვას... მწვრთნელი რომ შევა ოთახში, ხატს დაინახავს და ამრეზით შეხედავს, სპორტსმენზე ეს აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უცხოელი მწვრთნელები სარწმუნოებასთან ჩვენს დამოკიდებულებას აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ.

შესაძლოა, ხატისგან, სანთლისა თუ ლოცვისგან ძალიან ბევრს იღებდეს სპორტსმენი და ამ ყველაფრის აკრძალვამ მასზე ცუდად იმოქმედოს. ახლა პირჯვრის გადაწერას კრძალავენ ძიუდოში და სპორტის სხა სახეობებშიც. თუკი ირანელს აქვს უფლება ალაჰს ევედრებოდეს, რატომ არ აქვს პირჯვრის გადაწერის უფლება ქართველს?

ვფიქრობ, ასეთი აკრძალვების შემოღება არასწორია. თუნდაც ცეკვის აკრძალვა... გამარჯვების შემდეგ იმიტომ ცეკვავენ, რომ უხარიათ და ანახებენ სხვებს, რომ ბრძოლა და გამარჯვება შეუძლიათ... ამით ხომ შენი ქვეყნის სიყვარულს გამოხატავ და რა არის ამაში ცუდი?!

სხვათა შორის, ძალიან ხშირად სპორტსმენებს შეკრებებსა თუ ტურნირებზე თავ-თავიანთი ოჯახებიდან ჩურჩხელა, ნიგოზი, ქიშმიში მოაქვთ... ამ შემთხვევაში ამას სხვა დატვირთვა აქვს - სხვა მადლია და მოძღვრის გამოტანებული ხატისა არ იყოს, ასეთ რამეს ვერ დაუშლი და არც ვუკრძალავთ სპორტსმენებს.

აი, აქაა სწორედ სპორტსმენის ფსიქოლოგია!
აღსანიშნავია მიზნობრივი ვარჯიშიც. სულ ვამბობ, რომ ყველა ტრავმის მიზეზი არასწორად დაგეგმილი ვარჯიშია. ვთქვათ, თუ ერთ დღეს სპორტსმენი სავარჯიშოდ განწყობილი არ არის, ცუდად ეძინა, შეყვარებულს დაშორდა, ოჯახში პრობლემა აქვს და ა.შ. არ უნდა დამალოს... უნდა თქვას, რომ რაღაც ცუდი მოხდა მის თავს და ვარჯიში სხვა დროისთვის გადაიდოს, რადგან შესაძლოა, იმ წუთში მობილიზება დაკარგოს და ტრავმა მიიღოს.

ზოგი სპორტსმენი ტრავმას განგებ მალავს. ჩვენს ბიჭებს ძალიან ხშირად უჭიდავიათ ნეკნგატეხილს, თითმოტეხილს, მუხლნატკენს და ა.შ. ასეთ დროს პრობლემა უნდა დამალო და არ უნდა შეგატყოს მოწინააღმდეგემ, რომ რაღაც გაწუხებს... აქ უკვე ყველაფერი თავად სპორტსმენებზეა დამოკიდებული და სწორედ აქ მუშაობს ფსიქოლოგია: შენ, ექიმი, კი აძლევ წამალს, ტკივილს უყუჩებ ნემსით, მაგრამ დანარჩენს მაინც თვითონ ასრულებს. მან თუ არ მოინდომა ტკივილის დაძლევა, არაფერი გამოვა.

მაგალითად ლაშა შავდათუაშვილს, გიორგი ასანიძეს, მანუჩარ კვირკველიას, რევაზ მინდორაშვილს და კიდევ ბევრს მოგიყვანთ. ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლამდე ორი დღით ადრე მაჯის ტრავმა ჰქონდა და ეს არავინ იცოდა. მან გვითხრა ამის შესახებ და მცირე დროში სწორი დასკვნები გამოვიტანეთ. ასანიძეს ვუთხარი, მოდი, 1 დღე ნემსი გავუკეთოთ, მეორე დღეს კი დავასვენოთ, რომ წამალმა ეფექტი იქონიოს-მეთქი. ასეც მოვიქეცით და კი ნახეთ, ორ დღეში რა შედეგიც ჰქონდა ტალახაძეს...

სპორტსმენს ფსიქოლოგთან მუშაობა თავად უნდა სურდეს. საერთოდ, არის ადამიანების გარკვეული ნაწილი, ვისაც არ ხიბლავს ფსიქოლოგთან ურთიერთობა, მაგრამ თუკი არსებობს ადამიანი, რომელიც თუნდაც 1%-ით გაგაძლიერებს, რომც არ გჭირდებოდეს, უარი არ უნდა თქვა.

მედიცინის ცენტრი გვჭირდება
ამას წინათ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს ვესაუბრე, რომ გვჭირდება სპორტული მედიცინის ცენტრი. ვფიქრობთ, რომ მისი არსებობა ბევრ რამეს შეუწყობს ხელს. სპორტსმენი პატარა ასაკიდანვე საჭიროებს ფსიქორეაბილიტაციას...

წეღანაც ვთქვი, ყველა სპორტსმენს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. არ შეიძლება, 60-კილოგრამიანი და მძიმეწონოსანი ერთნაირად იკვებოს. არ გვაქვს სპეციფიკური ოლიმპიური მომზადების ცენტრი. ყოველთვის სხვადასხვა სასტუმროში გვიწევს ყოფნა და მომსახურე პერსონალისთვის იმის ახსნა, რომელ სპორტსმენს რა სჭირდება.

დევიზი "უკეთ ვიდრე რიოში" მხოლოდ სიტყვები არ უნდა იყოს - შეცდომები, რომლებიც გვაქვს, უნდა ვაღიაროთ და 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე უკეთესად უნდა წარვდგეთ. თუ გვინდა 7-8 მედლის მოპოვება, აქედანვე უნდა დავიჭიროთ თადარიგი - საუბარია მატერიალურ-ტექნიკურ ბაზებზე, ანუ რაშიც ჩამოვრჩებით ევროპელებს.

პრობლემა არ მაქვს სპორტის სამინისტროს ან ვინმეს მიმართ, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ სპორტი არის ქვეყნის წარმოჩენისთვის საჭირო, ხელშეწყობასაც ვითხოვ. დრო მალე გადის... 4 წელი პატარა დროა. ფსიქოლოგი ყველა სპორტსმენს ინდივიდუალურად უნდა იცნობდეს და მე არ უნდა მირეკავდეს. თუ ეს ცენტრი არ გაკეთდა, ალბათ შევწყვეტ საქმიანობას. მე თუ ვერ შევძელი საქართველოში სპორტული მედიცინის წინ წაწევა, გამოდის, რომ მეც თანამონაწილე ვარ იმ წარუმატებლობების.

ჩვენი პრობლემა ფიზმომზადება და ფსიქოლოგიაა
ჩვენს სპორტში რა პრობლემებიც შემხვედრია, მეტწილად სწორედ ფიზმომზადებასა და ფსიქოლოგიასთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით მწვავედ ფსიქოლოგების ნაკლებობას განვიცდით. ხაზს ვუსვამ, სპორტული ფსიქოლოგების, რადგან ამ შემთხვევაში ფსიქოლოგმა სპორტი აუცილებლად უნდა იცოდეს. გვჭირდება ასეთი ხალხი, მოგვმართონ. გვექნება ღია კარის დღეები და შევახვედრებთ მწვრთნელებს.

მართლა გვსურს, ტოკიოში ჩვენი დროშა უფრო მეტჯერ აიწიოს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაც შეეხება ზურაბ კახაბრიშვილს, საქართველოში ერთ ერთ საუკეთესო სეციალისტად მიმაჩნია, რომელიც სხვათაშორის კარგად ერკვევა სპორტის ნიუანსებში, ასეთები კი ბევრი არ არის რომ არ დავაფასოთ, წარმატებებს ვუსურვებ ზურაბს.
davit bliadze
11:36 10-01-2017
0
მართალია, ეს სამთავრობო დონეზე უნდა მოხდეს, წავიდა კოლმეურნეობის ხანა და ტირილი თანხების უქონლობაზე, თუ რამე შედეგია ისიც ინდივიდუალურ ნიჩის ხარჯზე, სპორტსმენი რომ განაწყო მისი ყველა პრობლემა უნდა იცოდე, ოჯახური თუ ფიზიკური კონდიციების, მწვრტნელი აუცილებლად უნდა მუშაობდეს ექიმსა და ფსიქოლოგდან ერთად საერთო აზრის გამოსატანად.
davit bliadze
11:27 10-01-2017
0

სიახლეები პოპულარული