დღეს ქართველ ოლიმპიელთა პირველი, დიდი ჯგუფი რიოში გაფრინდა

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გამგზავრების წინ
ამ დილით საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ბრაზილიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ზაფხულის 31-ე ოლიმპიადაში.

ჩვენები რიო დე ჟანეიროში რამდენიმე ეტაპად მიდიან, თუმცა ეს ყველაზე დიდი ნაწილია, სადაც ოლიმპიური გუნდის უმეტესობა წავიდა - ძიუდო, ტყვიის სროლა, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა, ტანვარჯიში, ფარიკაობა და ძალოსანთა ნაწილი.

ჯერჯერობით საქართველოში რჩებიან მოჭიდავეები, ძალოსანთა მეორე ნაწილი, ჩოგბურთი და კანოე, თუმცა ამათგან უმეტესობას თითოოროლა მონაწილე ჰყავს, მოზრდილი გუნდი მხოლოდ მოჭიდავეებისაა, 11 კაცი.

ჩვენი გუნდი "ლუფტჰანზათი" გაფრინდა ფრანკფურტში, იქიდან კი რამდენიმე
საათში რიო დე ჟანეიროში გადაფრინდება. სპორტსმენებს წინ ლამის მთელი დღის მომქანცველი გზა უდევთ, თუმცა თამაშები 5 აგვისტოს იწყება და დასასვენებლად დრო საკმარისი აქვთ.

ზოგადად, ჩვენი დელეგაცია ბრაზილიაში ადრიანად გაემგზავრა, რათა ადგილზე გაიარონ აკლიმატიზაცია. შესაბამისად, ყველა გუნდი რიოში გაივლის დასკვნით შეკრებას.

ყველაზე ადრე თამაშებში მშვილდოსნები ჩაებმებიან, რომლებსაც 4 აგვისტოს ოფიციალური ვარჯიში ექნებათ, 5-ში კი, ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე, საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. 6-დან თამაშებში ძიუდოისტები, ტყვიის მსროლელები და ჩოგბურთელები ჩაებმებიან. ოლიმპიადაც სწორედ ამ დღეს "გახურდება" და მოიქოქება.

სამშობლოში დარჩენილი ჩვენი სხვა სპორტსმენები ბრაზილიაში ორ ეტაპად გაფრინდებიან: 4 აგვისტოს წავლენ "ბერძენ-რომაელები", ძალოსნები და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, 8 აგვისტოს - თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და კანოეთი მოასპარეზე ზაზა ნადირაძე. სხვათა შორის, კანოეში დამოუკიდებელ საქართველოს ოლიმპიური დებიუტი ექნება, როგორც - მარათონში და ქალთა ძიუდოში, სულ კი სპორტის 13 სახეობაში გამოვალთ.

ვნახოთ, მოახერხებს თუ ვერა სარეკორდო გუნდი (39 მონაწილე გვყავს) წინა თამაშების სარეკორდო შედეგის გაუმჯობესებას. შეგახსენებთ, რომ ლონდონში ჩვენებმა 7 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 3-3 ვერცხლ-ბრინჯაო. სხვათა შორის, მაშინდელი ჩემპიონი - ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73) ამ თამაშებზეც იასპარეზებს, ოღონდ ტრავმირებული წავიდა ბრაზილიაში - ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა.

თუმცა ის 8 აგვისტოს იჭიდავებს, იქამდე კი საკმაო დროა და, იმედია, გამოჯანმრთელებასაც მოასწრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები მინდა გისურვოტ ყველას, დარწმუნებული ვართ თქვენ თავდადებაში და ვიცით ბოლომდე დაიხარჯებით. თითებზე ვითვლი დაწყებამდე დარჩენილ დღეებს და აბა თქვენ იციტ არ გაგვაწბილოთ ჩვენო გოგო-ბიჭებო, უფალს ებარებოდეთ და შეგეწიოთ მისი ძალა და მადლი. ა მ ი ნ !!!!!!!!!!!!!!!!!
gela
19:18 26-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული