წლეულს, აპრილში ნორვეგიის ქალაქ ფორდეში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ანასტასიამ ორჭიდში 249 (113+136) კილოგრამი მოაგროვა - მხოლოდ კილოგრამით ჩამორჩა სომეხ ჰრიპსიმე ხურშუდიანს - 250 (113+137) და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მსგავს წარმატებას მიაღწია ივნისის მიწურულს თბილისში გამართულ ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს პირველობაზე: ანასტასიამ მთავარ კონკურენტს - ტაილანდელ დუანგსკრონ ჩაიდეს,
მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, ანასტასია გოტფრიდი გაემგზავრებოდა თუ არა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. და აი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრები სრული შემადგენლობით მოიხსნა რიოს ოლიმპიური თამაშებიდან და დარჩენილი ლიცენზიები 8 ქვეყანაზე გადანაწილდა.
ამ სიაში მოხვდა საქართველოც და, ოფიციალურად, ანასტასია გოტფრიდი რიოს ოლიმპიადის მონაწილე გახდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომელიც ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება:
"სასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ - ანასტასია გოტფრიდი მონდომებული, მიზანდასახული სპორტსმენია, რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს წინსვლა და მან რიოში გამოსვლა დაიმსახურა.
ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვეგონა, რომ გოტფრიდმა ეს ლიცენზია ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილით მიიღო, მაგრამ მოგვიანებით გვითხრეს, რომ მხოლოდ სამი ლიცენზია გვაქვს და სამივე ვაჟებში. საერთაშორისო ფედერაციაში იცოდნენ, რომ საქართველოში დავიწყეთ ქალებში ძალოსნობის განვითარების პროგრამა, მოკლე პერიოდში კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ბედნიერი ვარ, რომ ეს გაითვალისწინეს და უკვე მაშინ, როდესაც ყველა საგანაცხადო საკითხი დახურული იყო, ანასტასია გოტფრიდი ოლიმპიადის მონაწილე გახდა.
ამჟამად იგი ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციას გადის და დრო ცოტა რჩება, თუმცა წარმატების იმედი მაინც გვაქვს. ქართულმა ძალოსნობამ ოლიმპიადის 4 ლიცენზია მოიპოვა და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა".
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში კახი კახიაშვილმა ყურადღება რიოში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა:
"მიდის აკლიმატიზაციის პროცესი. ვეცნობით ქალაქს. ოდნავ ცივა და ჯერ თბილ ტანსაცმელს ვიყენებთ. საკვირველი ის არის, რომ რიოს საერთოდ არ ემჩნევა, რომ ქალაქი გრანდიოზული სპორტული ფესტივალისთვის ემზადება. ქალაქის ცენტრალურ უბნებში საერთოდ არ ჩანს არცერთი მინიშნება, რომ მალე ოლიმპიადა დაიწყება".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობაში თავიდან 2012 წლის ევროპის ჩემპიონი რაულ ცირეკიძე (94 კგ) ჩაირიცხა, მაგრამ მერე იგი ახალგაზრდა გიორგი ჩხეიძით (105 კგ) ჩაანაცვლეს, რომელიც თავის ასაკში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ამას წინათ თბილისში გამართულ ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე მან 105 კილოში სამი ოქროს მედალი მოიპოვა. გიორგი ამჟამად რიოშია. რამდენიმე დღეში ოლიმპიადის დედაქალაქში ჩავლენ ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე და ანასტასია გოტფრიდი ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძესთან ერთად. ათენის ოლიმპიური ჩემპიონი ჩხეიძის შანსებსა და მის ოლიმპიურ დებიუტზე ლაპარაკობს:
"გიორგი ჩხეიძე რაულ ცირეკიძესთან ერთად თავიდანვე ნაკრებში მესამე ადგილის კანდიდატი იყო. როდესაც გადაწყდა, რომ რაული ოლიმპიადაზე ვერ წავიდოდა, გიორგი ოლიმპიური გუნდის წევრი გახდა. მას უკვე აქვს უფროსებში ასპარეზობის გარკვეული გამოცდილება. რიოს ფიცარნაგი მისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იქნება. ის მოტივირებულია, მონდომებული, სწრაფად იზრდება, რაც ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზეც დაამტკიცა. ჩვენ აქედანვე ვაშენებთ მომავლის გუნდს. მართალია, წინ რიოა, მაგრამ ტოკიო 2020 - ეს არის ჩვენი მიზანი. ბრაზილიაში კი ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ უკეთ ვიასპარეზოთ, ვიდრე - ლონდონში".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"