ო, რიო, რიო - ფინანსური და პოლიტიკური კრიზისი, კრიმინალი და უდარდელობა [გაგრძელება]

AutoSharing Option
გაგრძელება. იხილეთ დასაწყისი:

- ო, რიო, რიო - ფინანსური და პოლიტიკური კრიზისი, კრიმინალი და უდარდელობა [დასაწყისი]

ტაქსისტებზე უკვე გითხარით, რამდენად დიდ როლს თამაშობენ რიოს კრიმინალურ ცხოვრებაში. აეროპორტიდან მიმავალი ტაქსების უმეტესობა, თუ თქვენი ინიციატივით მიდიხართ ამ ქალაქში და იქ არავინ გხვდებათ, ძარცვით ასრულებს მგზავრობას, მაგრამ რიოში არის უბნები - ფაველები, სადაც ძირითადად კრიმინალები ცხოვრობენ. ამ უბნებზე სასტიკად აფრთხილებენ ტურისტებს, რომ ახლოსაც არ გაეკარონ მათ.

ერთხელ იქ მცხოვრებმა ქართველმა ცოლ-ქმარმა რომელიღაც მინიბუსის ნომერი დაგვანახა და გაგვაფრთხილა, ეს ნომერი დაიმახსოვრეთ და ახლოსაც არ
გაეკაროთ, მანდ ასვლას ფეხით წასვლა გერჩივნოთ, ეგ ისეთ უბანში მიდისო. თუმცა ერთი რამ დღემდე მიკვირს - ამ მჭიდროდ დასახლებულ, ჭიანჭველის ბუდეებივით ერთმანეთზე მიტყუპებულ სახლებში ყველა კრიმინალი ხომ არ იქნება და მშვიდობიანი ხალხი როგორ ცხოვრობს იქ?

კაცმა რომ თქვას, ჩვენი დელეგაციის არც ერთ წევრს იქ არავითარი ხიფათი არ შეჰქმნია. არადა, ახლანდელ ოლიმპიურ დელეგაციაზე ნაკლებნი არ ვიყავით წასული რიოში - 70 კაცი გახლდით, ნახევარი პარლამენტი იქ იყო წამოსული, პარლამენტში ქვორუმი ვერ იკრიბებოდა (სწორედ მაშინ იყო გორში ირაკლი ოქრუაშვილის სამეგობროს გამოსვლები და ქვორუმის აუცილებლობა მწვავედ იდგა, მაგრამ დეპუტატთა დიდი ნაწილი "შატალოზე" იყო ბრაზილიაში).

საბედნიეროდ, ბუზიც არავისთვის აუფრენიათ, თუმცა დაძაბულობა კი იგრძნობოდა. მაგალითად, იქ მცხოვრები ზემოხსენებული ქართველი ცოლ-ქმარი, ჩეხი გიდი თუ სასტუმროს ფოიეში, ადგილობრივი ალმასის სამკაულების მაღაზიაში მომუშავე ორენბურგელი რუსი გოგო, ყველა ერთხმად გვეუბნებოდა, რომ მოვრიდებოდით ღამე გარეთ სიარულს (განსაკუთრებით - მარტო), არ წაგვეღო ძვირფასი ნივთები, ფული და ასე შემდეგ.

გიდმა ჯერ კიდევ დილაადრიან, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ფოტოაპარტი რომ დამინახა, მაშინვე გამაფრთხილა, მაგით არ გახვიდე ქუჩაშიო... რიოში ყოფნის ერთადერთი მინუსიც ეს იყო - მსხვერპლის როლში ვგრძნობდით თავს და თითქოს მონადირისგან დევნილი ნადირის განცდებსაც ხვდები.

თუმცა პირადად მე ერთხელ კი შევფიქრიანდი და ეს ეპიზოდიც ტაქსისტს უკავშირდება. ნესტორ ხერგიანის (60) ფინალზე წასვლისას სასტუმროში ავტობუსი, რა თქმა უნდა, არ მოვიდა (მათი ვალდებულების მიუხედავად) და იძულებული გავხდი, სასტუმროს ტაქსით მესარგებლა.

მძღოლმა - პატარა, გამწლიკულმა ბიჭმა დამაჯერებლად კი დამიქნია თავი, ვიცი, საჭიდაო არენაო, მაგრამ, როგორც მერე გაირკვა, თურმე გაგნებაში არ იყო და საწყლოსნო ბაზაზე მიმიყვანა. ოღონდ მანამ კარგა ხანს იხეტიალა ქალაქში და თან მალიმალ მამშვიდებდა, მალე მივალთო.

თავიდან ამ სიტყვების მეც მჯეროდა, მაგრამ როცა დაღამდა და ქალაქის სინათლეები თანდათან უკან დარჩა, მაშინ კი გამახსენდა რიოელ ტაქსისტებზე გაგონილი ყველა კოშმარი. საპასუხოდ ლეპტოპის და ფოტოაპარატის ჩანთები უკან გადავდე, ნახევრად მისკენ შევბრუნდი, თუ რამე და ხელი ვაგლახად გაეტოკებინა, მისთვის გურული ფირალების გენი მეჩვენებინა. საბედნიეროდ, საქმე აქამდე არ მივიდა და საწყლოსნო ბაზაზე აუხსნეს, როგორც უნდა მისულიყო საჭიდაო არენაზე.

ტაქსისტები ერთია და იქაური მძღოლები ცალკე საუბრის თემაა. ქართველები ხომ ცნობილები ვართ უდისციპლინობით, კანონების იგნორირებით, იმ თავზეხელაღებულ ხალხს რომ უყურებ, ხვდები, ჩვენ მხოლოდ გვაბრალებენ უდისციპლინობას. ამ მხრივ, მოტოციკლისტები გამოირჩევიან - მანქანის მწკრივებს შორის ისრის სისწრაფით ისე ჩაიწუილებდნენ, ნამდვილი თვითმკვლელი გეგონებოდათ.

რიოში მხოლოდ ცალმხრივად მანქანების 4-5 მწკრივი ჩვეულებრივი ამბავია, ქუჩები კი მუდმივად გადატენილია. არ ვიცი, როგორ გადაჭრიან ორგანიზატორები სატრანსპორტო პრობლემას, მაგრამ ეს იოლი არ იქნება.

ბრაზილიელებისთვის სერიოზული პრობლემაა ინგლისურის არცოდნა, რაც, სავარაუდოდ, ოლიმპიადის მონაწილეებს პრობლემებს შეუქმნით. მათ იციან პორტუგალიური და ესპანური, ინგლისურთან კი მწყრალად არიან. იმდენად მწყრალად, რომ ჩემმა კოლეგა ზურაბ უსუფაშვილმა ქალაქში ტაქსიც კი ნახა საქარე მინაზე წარწერით - ვლაპარაკობ ინგლისურად.

სამაგიეროდ, ევროპელთაგან განსხვავებით, ბრაზილიელებმა გაცილებით ბევრი იცოდნენ საქართველოზე. ყოველ შემთხვევაში, რუსებში არ ვერეოდით და იცოდნენ, რომ სხვადასხვა ხალხი ვართ.

ერთხელ სასტუმროს ფოიეში თავისით მოგვიახლოვდა ერთი თანაშრომელი და გვკითხა, თქვენ და რუსები ხომ სხვადასხვა ენაზე საუბრობთო და მერეც ისეთი რამეები გამოგვკითხა საქართველოზე, აშკარად იცნობდა ჩვენს ქვეყანას. საფეხბურთო მექაში სლავა მტრეველი, მიხეილ მესხი და რამდენიმე გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელიც კარგად იცოდნენ...

სხვა დადებით თვისებებთან ერთად ბრაზილიელებმა ძალიან სპორტული ერის შთაბეჭდილება დატოვეს. დანარჩენ ქალაქებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რიოში ყველა დარბის, ვარჯიშობს, ზრუნავს ჯანმრთელობაზე. მორბენალ თუ მოვარჯიშე ხალხს ნახავთ ყველგან - ქუჩებში, გაზონებზე, პარკებში და ყველგან, სადაც ვარჯიში ფიზიკურად შესაძლებელია.

იქ უკვე აღარ მიკვირდა, რატომ აღწევს ბრაზილია წარმატებას სპორტის სულ უფრო მეტ სახეობაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ უკვე ზედმეტი იყო მესხი და მეტრეველი.მაშინ პელეს ხნის კაცს უნდა ეთქვა ეგ მაგ ხალხით ციცნობ საქართველოსო იმენა ტრაბახა ერივართ.
0
ტიპიური ბრაზილიური გარემო როგორი სახით მიიწევს წინ სამართალდამცავი და რა იერით აკვირდებიან მას ღარიბი ქუჩის ღარიბი მაცხოვრებლები , ამ ქვეყანაში მართლაც რომ კრიმინალის ბუმია ყველა გაგებით.
azurini
15:27 04-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული