რიო 2016: ვაშა ლაშას! პირველი და ისტორიული მედალი [VIDEO]

AutoSharing Option
ორდღიანი წარუმატებლობის შემდეგ ნავსი გატყდა და რიო დე ჟანეიროში ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა - 73 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი მესამეზე გავიდა.

გორელმა ფალავანმა დამამშვიდებლის ფინალში ევროპული თამაშების ებრაელი გამარჯვებული საგი მუკი პირდაპირ დააჭედა ტატამს და ქართული ძიუდოს ახალი ისტორია დაწერა - ლონდონში ხომ ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, ვინც ორი ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

24 წლის ასაკში ორი ჯილდო - ოქრო და ბრინჯაო ოლიმპიურ თამაშებზე, წარმატება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე - ეს მართლაც რჩეულთა
ხვედრია, შავდათუაშვილი კი ასეთთა შორის დამკვიდრდა. თანაც, ქართველმა ფალავანმა ეს მედლები ორ სხვადასხვა წონაში მოიპოვა.
იხილიეთ დაჯილდოების ვიდეო
Sportall.Ge

ისიც აღსანიშნავია, რომ მის კარიერაში ევროპის ჩემპიონობაცაა, ასეთი სტაბილურობით კი, სამწუხაროდ, ბევრი ქართველი სპორტსმენი ვერ დაიკვეხნის. ახლა დარჩა მსოფლიოს პირველობის მოგება, თუმცა იმ არენაზე იაპონელ შოჰეი ონოსთან მეტოქეობა უძნელესი საქმე იქნება. ჩვენებურს შანსი აქვს, მინიმუმ, მესამე ოლიმპიადაზეც იასპარეზოს და თავისი მონაგარი კიდევ უფრო გაზარდოს.

ბრაზილიაში შავდათუაშვილმა მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩააგდო და ისიც სწორედ იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ონოსთან მეოთხედფინალში, თუმცა ამას ჩაგდებასაც ვერ დავარქმევთ. უბრალოდ, იაპონელი ნამდვილი ტალანტია, ძალიან ძლიერი და კარგი მონაცემების მქონე ფალავანი, რაც ბოლომდე გამოიყენა - ეჭიდავებოდა დისტანციაზე და არ უშვებდა ახლოს, ასწრებდა ჩავლებას, უთიშავდა ხელს... რაც გამოსდიოდა, შავდათუაშვილიც ცდილობდა, ბრძოლას არ გაურბოდა, არ იყო პასიური, არც ფარ-ხმალი დაუყრია, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადაახტა. შეცდა ერთ მომენტში და ვაზარზე მოყვა, ონო კი დამწყები ძიუდოისტი არაა, ამხელა უპირატესობა ვერ შეინარჩუნოს.

ის აშკარად გამორჩეულია ზოგადად - ძიუდოში, ხოლო ამ წონაში სხვა დონეა. მან ისე გაიარა მთელი ტურნირი, ისე გახდა ჩემპიონი, ქულაც არავისთან დაუკარგავს. ეგ კი არა, სხვებს სულ იპონებით აჯობა, მხოლოდ შავდათუაშვილთან მოიგო ქულებით. ამიტომ არ ვძრახავთ ჩვენებურს ასეთ ძლიერ მეტოქესთან წაგებისთვის. მით უფრო, რაც შეეძლო, იბრძოლა, ყურები არ ჩამოუყრია.

შავდათუაშვილი რომ მებრძოლი ბიჭია და საჩემპიონო ხასიათი აქვს, ეს დამამშვიდებელშიც დაამტკიცა რუს დენის იარცევთან შეხვედრაში, სადაც იუკოთი ჩამორჩა და მისი გაბათილება ბოლო წამებამდე ვერ შეძლო. ბევრი მის ადგილას ბედს შეეგუებოდა, ბრძოლას შეწყვეტდა, მაგრამ არა - ლაშა უტევდა, ერთთავად წნეხში ჰყავდა მეტოქე და გვარიანადაც მოღალა, დასრულებამდე 15 წამით ადრე კი იპონზე დააგდო.

ნიშანდობლივი იყო რუსთან მოგების შემდეგ გაკეთებული ჟესტიც - თითით გულზე გამოსახულ საქართველოს დროშაზე ანიშნა. ვინ-ვინ და, გორელმა კაცმა კარგად იცის 8 აგვისტოს ავბედითი მნიშვნელობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შავდათუაშვილმა ასევე ბოლომდე იბრძოლა მუკისთანაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში - სწორედ ისე, როგორც ბოლო ნაბიჯის გადადგმას შეეფერება და მედალი ასეთ მედგარ ბრძოლაში გამოსტაცა მეტოქეს.

თუმცა ამ ამბებამდე იყო წინასწარი შეხვედრები, სადაც ჩვენებური ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მეოთხედფინალამდე შავდათუაშვილი ისე მივიდა, მგონი, არც დაღლილა. პირველ წრეში დასვენებულმა მეორეში კუბელ მაგდიელ ესტრადას ორი ვაზარი აართვა. ამათგან განსაკუთრებით ეფექტური მეორე იყო, როცა ხელი მშვენივრად დაუჭირა და მოგვერდით წამოიღო, ამ ყველაფერს კი შეხვედრის ნახევარი მოანდომა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შრილანკელი ჩამარა რეპიალაგეც დაახლოებით ამდენივე დროში პირდაპირ დააგდო იპონზე.

სატურნირო ამბები
ძიუდოისტთა ტურნირზე გუშინდელი დღე სხვებისთვისაც გამორჩეული გამოდგა. როგორც იქნა, ოქროს მედლები ეღირსათ იაპონიას და მასპინძელ ბრაზილიას - იაპონელთაგან ეს ონომ მოახერხა, ბრაზილიელთაგან კი ქალებში მსოფლიოს ჩემპიონმა რაფაელა სილვამ (57) გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სილვამ მსოფლიოც რიოში მოიგო 2013 წელს.

ვაჟებში ბრინჯაოსთვის იჭიდავა წინა ოლიმპიადის ფინალში შავდათუაშვილთან დამარცხებულმა უნგრელმა მიკლოშ უნგვარიმ, ვისაც შანსი ჰქონდა, 35 წლის ასაკში მოეპოვებინა მეორე ოლიმპიური ჯილდო, მაგრამ ეს ბელგიელმა დირკ ვან ტიხელტიმ არ დაანება.

ფრიად მოულოდნელი იყო კორეელთა მსოფლიოს პრიზიორ ჩანგრიმ ანის უმედლოდ დარჩენა - ის მერვედფინალში დამარცხდა ბელგიელთან და დამამშვიდებელში ვერ გადავიდა.

ქალებში ნახევარფინალში გავიდნენ წინა თამაშების ფინალისტები 57 კილოგრამში, მაგრამ იაპონელი გამარჯვებული კაორი მაცუმოტოც და რუმინელი ვიცე-ჩემპიონი კორინა კაპრიორიუც დამარცხდნენ. თუმცა საბოლოოდ მაცუმოტომ ბრინჯაო მაინც მოიპოვა, რუმინელი კი პორტუგალიელმა მსოფლიოს ოთხგზის (!) ვიცე-ჩემპიონმა ტელმა მონტეირომ დატოვა ხელცარიელი.

პირველი მედალი მოიპოვეს მონღოლებმაც და აზერბაიჯანელებმაც. ჩვენს მეზობლებს წარმატება რუსტამ ორუჯოვმა (73) მოუტანა, მონღოლებში კი ქალებმა ივაჟკაცეს - სუმიია დორჯსურენმა (57) ფინალი იჭიდავა.

დღეს იჭიდავებს
დღეს, 9 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ ტატამზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გავა და შეეცდება თავისი კოლექციის შევსებას - მას ხომ მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონობა აკლია.

ბადეც ისეთი აქვს, რომ იტყვიან, ჰა - ბურთი და ჰა - მოედანი: თითქმის ყველა ძირითადი კონკურენტი მეორე მხარესაა და ფინალამდე არ ხვდება. მათ შორის - არც იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონი ტაკენორი ნაგასე, ვისთანაც ჩვენებურმა ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი წააგო, სულ კი კარიერაში 2 მოგება და 4 წაგება აქვს მასთან.

ჭრიკიშვილი პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს ხვდება. 20 წლის კუბელი პან-ამერიკის ვიცე-ჩემპიონი და ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამეპრიზიორია. ჭრიკიშვილი მას ჯერ არ შეხვედრია, ოღონდ მასთან მოდუნებაც არ შეიძლება, რადგან განუთესავებიდან ის ერთ-ერთი ყველაზე საშიშია (თუმცა მასზე ძლიერებიც არიან).

დიდი ალბათობით, კუბელთან მოგების შემთხვევაში მერვედფინალში ჩვენი ლიდერის მეტოქე ბერძენთა ქართველი რომან მასტოპულოსი (რევაზიშვილი) იქნება, ვისაც მანამდე არ უნდა გაუჭირდეს სალვადორელი ხუან დიეგო ტურციოსის დამარცხება. მასტოპულოსთან ჭრიკიშვილს დადებითი ბალანსი აქვს - 2 მოგება და 1 მარცხი, თუმცა წააგო ბოლო შეხვედრა - წლეულს ყაზანში, ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე. ოღონდ იქ ჩვენებური ტრავმირებული ჭიდაობდა.

მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში ჭრიკიშვილის მეტოქე ბელგიელ ევროპის ორგზის პრიზიორ იოახიმ ბოტიეს, სერბთა მსოფლიოს ფინალისტ სრდან მრვალჯევიჩის, მოლდოველ ვალერიუ დუმინიკას და ფილიპინელ კოდო ნაკანოს ოთხეულიდან გასული იქნება.

ამ ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში იმ ჯგუფზე გადის, სადაც ყველაზე ცნობილები ბულგარელი ევროპის მესამეპრიზიორი ივაილო ივანოვი, ამერიკელი ტრევის სტევენსი და ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ჰოლანდიელი ფრანკ დე უაიტი არიან. ჩვენებურს ყველა დასახელებულ სავარაუდო მეტოქესთან დადებითი ბალანსი აქვს.

რიო 2016. ძიუდო
ვაჟები
73 კგ.
1. შოჰეი ონო (იაპონია); 2. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი); 3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), დირკ ვან ტიხელტი (ბელგია).

ქალები
57 კგ.
1. რაფაელა სილვა (ბრაზილია); 2. სუმიია დორჯსურენი (მონღოლეთი); 3. კაორი მაცუმოტო (იაპონია), ტელმა მონტეირო (პორტუგალია).


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლაშა ნამდვილი გმირია! ჩვენი ბიჭების ხსოვნის დღეს რუსი ოკუპანტების ფალავანი ვაჟკაცურად ბეჭებზე დადო!წმინდა გიორგი ფარავდეს ჩვენ სპორტსმენებს მომავალი გამარჯვებებისათვის ბრძოლებში.ამინ.
ჯემალი
14:18 09-08-2016
0
ლაშა ნამდვილი გმირია.ჩვენი ბიჭების ხსოვნის დგეს რუსი ოკუპანტების სპორტსმენი ვაჟკაცურად ბრძოლაში დაამარცხა!წმინდა გიორგი ფარავდეს ჩვენ სპორტსმენებს.ამინ.
ჯემალი
14:02 09-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული