რიო 2016-ის ამბები: რა დროს დალევა იყო

AutoSharing Option
რიოს ოლიმპიადა სამსახურის დაკარგვად დაუჯდა იტალიური გაზეთის, Quotidiano Sportivo-ს რედაქტორს, ჯუზეპე ტასის.

მან გაზეთი გამოუშვა სათაურით - "სამმა მსუქანმა ოლიმპიური სასწაული გაანიავა". საქმე ისაა, რომ მშვილდოსნებმა - ლუსილია ბოარიმ, კლაუდია მანდიამ და ჯენდალინა სარტორიმ მესამე ადგილისთვის მატჩი წააგეს ტაივანთან.

იტალიის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა აღშფოთება გამოთქვა, ტასი კი სამსახურიდან გაუშვეს.

"მათ ბევრი ცრემლი დაღვარეს ამ წაგების გამო, პრესამ კი არათუ მხარი არ დაუჭირა, შეარცხვინა კიდეც", - განაცხა
და ფედერაციის პრეზიდენტმა.

რა დროს დალევა იყო
ჰოლანდიელი ტანმოვარჯიშე იური ვან ჰელდერი რგოლებზე ვარჯიშის ფინალში გავიდა და ამ ამბის აღნიშვნა გადაწყვიტა. მან ალკოჰოლის დიდი დოზის გარდა, სხვა ვერაფერი მოიფიქრა.

ოლიმპიურ სოფელში დილით დაბრუნებულმა შეიტყო, რომ მწვრთნელებმა ის ნაკრებიდან გარიცხეს უღირსი საქციელის გამო.

საინტერესოა, რომ 2009 წელს, ჰოლანდიის ჩემპიონატზე ვან ჰელდერმა დადებითი დოპინგ-სინჯი ჩააბარა. მაშინ მან თავის საქციელს სულელური უწოდა.

ჰოლანდიურმა პრესამ მისი მეტსახელი - Lord of the Rings შეცვალა და ტანმოვარჯიშეს Lord of the Drinks უწოდა.

იასამნისფერი შარდი
ფრანგ მოცურავეს, კამილ ლაკურს მიაჩნია, რომ 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ჩემპიონი, ჩინელი სუნ იანი დოპინგს იღებს.

"მას იასამნისფერი შარდი აქვს, მე კი სუფთა სპორტსმენი ვარ. ასეთი სპორტსმენი ოლიმპიადაზე არ უნდა მონაწილეობდეს", - განაცხადა ლაკურმა. არადა, მისი და იანის გზები საცურაო აუზში არ გადაკვეთილა. კამილმა მეხუთე ადგილი დაიკავა 100 მეტრზე ბრასით ცურვაში.

ჩინელებმა მალე უპასუხეს ფრანგს. მათ ინტერნეტი ათასგვარი მემით აავსეს, რომლებშიც, ძირითადად, იასამნისფერი ჭარბობდა.

ინციდენტი კოპაკაბანაზე
უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა ბელგიელ ძიუდოისტს, დირკ ვან ტიხტელს. მან რიოს ოლიმპიადაზე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის შემდეგაც, წარმატების აღსანიშნავად, თანაგუნდელთან ერთად კოპაკაბანას პლაჟზე გავიდა, სადაც მოხდა კიდეც ინციდენტი.

დირკის მეგობარს ტელეფონი მოპარეს და ქურდს ძიუდოისტი გამოეკიდა. დევნის დროს ბელგიელს თვალის ქვეშ მუშტი მოხვდა. სამედიცინო შემოწმების დროს სპორტსმენს არანაირი ტრავმა არ აღმოაჩნდა, - იტყობინება გაზეთი L'Equipe-ი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული