ლაშა შავდათუაშვილი: ბოლომდე ვიბრძოლე ყველა შეხვედრაში, თავდაუზოგავად

AutoSharing Option
[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან]

ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიური მედალი, მართალია, ბრინჯაოსი იყო, მაგრამ ჩვენთვის მას ჭეშმარიტად ოქროს ფასი ჰქონდა და ამასთან, სიმბოლური შინაარსის მოვლენად იქცა - პირველი მედალი იყო რიოში საქართველოსთვის მოპოვებული, თანაც გამარჯვება მოვიდა 8 აგვისტოს და იმ ქვეყნის წარმომადგენელთან, რომლის ხსენება საქართველოსთან 2008 წლის 8 აგვისტოს ომთან და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციასთან ასოცირდება.

- რიო 2016: ვაშა ლაშას! პირველი და ისტორიული მედალი [VIDEO]
- 8 აგვისტოს ქართველი არ წააგებს რუსთან!
ლაშა შავდათუაშვილმა იარცევი დაჩაგრა [VIDEO]


ავთანდილ ჭრიკიშვილის ჭიდაობას ოლიმპიურ სარბიელზე, ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი თვალს ტრიბუნიდან ადევნებდნენ. ლაშასთან ეს ინტერვიუც იქვე ჩავიწერე.

- ლაშა, "ლელოს" მკითხველებისა და ლელოელების სახელით გილოცავთ წარმატებას. 2012 წელს ლონდონში მოპოვებულ ოლიმპიურ ოქროს ახლა ბრინჯაოს მედალი შემატეთ...
- დიდი მადლობა ყველას.

- როგორი განწყობით ჩაერთეთ ოლიმპიურ ტურნირში?
- ამაღლებული განწყობით და რწმენით, რომ უთუოდ მივაღწევდი წარმატებას.

- კონკრეტულად რას მოელოდით?
- რაღა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენი ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებაზე და უმაღლეს შედეგზე ფიქრობს და ამას მოელის გაწეული დიდი შრომის საზღაურად. მეც ამის მოლოდინში ვიყავი.

- მაგრამ?
- საკუთარ თავს ვერაფერში დავადანაშაულებ, შეცდომა არ დამიშვია, ბოლომდე ვიბრძოლე ყველა შეხვედრაში, თავდაუზოგავად.

- საბოლოოდ, შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩით?
- უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს, თუნდაც იმის გამო, რაც ეს-ესაა უკვე გითხარით. მიხარია, რომ საქართველოს ამ თამაშებზე პირველი მედალი მოვუტანე.

- საქართველოდან და მშობლიური გორიდან ვინ გამოგეხმაურათ?
- ძალიან ბევრმა მომილოცა: ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა, გულშემატკივრებმა, კოლეგა-სპორტსმენებმა, სპორტის მუშაკებმა...

- ლაშა, ბრინჯაოს მედლისთვის რუს ძიუდოისტთან გამარჯვების შემდეგ თქვენს ჟესტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და განსჯის თემა გახდა. რა გქონდათ ჩაფიქრებული?
- გამარჯვება გამოვხატე ჩვეულებრივად, ისე, როგორც ადრე გამომიხატავს. გავაკეთე ის, რასაც ძალიან ბევრი სპორტსმენი აკეთებს. არავითარი ქვეტექსტი. ეს მომენტი ვინ როგორ აღიქვა და შეაფასა, მათი საქმეა. ემოცია იგივე მექნებოდა, ვისთვისაც უნდა მომეგო.

- ავთანდილ ჭრიკიშვილის გამოსვლაზე რას იტყვით?
- ყველას ძალიან დაგვწყდა გული, მაგრამ რას იზამ, სპორტში ყველაფერი ხდება, მით უფრო, ძიუდოში...

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ბევრი ვიშრომე, ჯერ კარგად დავისვენებ, მერე კი ტატამს ისევ დავუბრუნდები, წვრთნას გავაგრძელებ.

- ახალი სპორტული მწვერვალების დაპყრობას გისურვებთ!
- მადლობა "ლელოს" და ლელოელებს, ყმაწვილობიდან ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაშა ჯიგარი ხარ ჩვენი გახარებისთვის. რაც შეეხება ლაშას კომენტარს საქართველოს დროშაზე რუსისთვის მინიშნებაზე აშკარად ცრუობს ლაშა. მას ადრე მსგავსი რამ არ გაუკეთებია და ეს შემთხვევა სწორედ რომ რუსისთვის მინიშნება იყო. ვფიქრობ სიცრუე მისი მხრიდან საჭირო არ იყო. თუ აკეთებ ბოლომდე გააკეთე. აგრეთვე სამწუხაროდ სხვა ქვეყნებმა დაგვჩაგრეს ძიუდოში მათ შორის კი საგრძნობლად რუსეთმა. ამ შემთხვევაზეც საინტერესოა მისი კომენტარი.
ილო
11:17 12-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული