- ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO+PHOTO]
"ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით.
მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი, ამისთვის მე და ირაკლიმ ძალ-ღონე არ დავიშურეთ. პირველი ადგილი დავიკავე და ოლიმპიური ოქრო მოვიპოვე. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა”, - განაცხადა ტალახაძემ.
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.
გუშინვე გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილით დაასრულა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და სამი ბრინჯაო. გუშინ, 16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.
საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის ეთიოპიასთან მე-40 ადგილს იყოფს.