რიო 2016-ის ამბები: სოფლის ქალებს ისევ ერჩიან

AutoSharing Option
ფეარ პლეიც ამას ჰქვია!
გულისამაჩუყებელ სცენას ჰქონდა ადგილი მძლეოსნობის სტადიონზე ქალებს შორის 5000 მეტრი საკვალიფიკაციო გარბენის დროს. ამერიკელი ები დ'აგოსტინო სარბენ ბილიკზე დაეცა და წამოდგომა ვერ მოახერხა.

ამ დროს, მისი ერთ-ერთი კონკურენტი, ზელანდიელი ნიკი ჰემბლინი გაჩერდა და ების წამოდგომაში დაეხმარა. რა თქმა უნდა, ორივესთვის გარბენი წაგებული იყო.

ამერიკელი სტადიონიდან სავარძლით გაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტრავმა სერიოზული არ იყო და დ'აგოსტინო შეძლებს ფინალში მონაწილეობას, სადაც ამერიკული მხარის პროტესტის შემდეგ მოხვდა. ასევე დაუშვეს ფინალში ჰემბლინიც.

- რიოს ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი [VIDEO]

ფინალური გარბენი პარასკევს გაიმართება.

რუსეთი: მინუს ერთი ოქრო
საერთაშორისო ოლიმიპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ რუსეთის მძლეოსანთა ნაკრებს ჩამოერთმევა 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე 4X100 მეტრზე ქალების ესტაფეტაზე მოპოვებული ოქროს მედალი. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

სოკ-მა ასეთი გადაწყვეტილება იმ ნაკრების ერთ-ერთი წევრის, იულია ჩერმოშანსკაიას დოპინგის სინჯის დადებითი შედეგის გამო მიიღო. მაშინდელი ანალიზის გადამოწმებისას, მძლეოსნის ორგანიზმში ორი აკრძალული პრეპარატი იყო.

რვა წლის წინათ, ჩერმოშანსკაიას გარდა, ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ - ევგენია პოლიაკოვა, ალექსანდრა ფედორივა და იულია გუშჩინა.

სოფლის ქალებს ისევ ერჩიან
რიოს ოლიმპიადის მსვლელობისას უკვე მესამე ისტორიის შესახებ გახდა ცნობილი, როცა ოლიმპიურ სოფელში მომუშავე ქალებს თავს ესხმიან. პირველი ორი შემთხვევა გაუპატიურების მცდელობას უკავშირდებოდა და მაშინ რიო-დე-ჟანეიროს პოლიციამ დააპატიმრა ნამიბიელი და მაროკოელი მოკრივეები.

ამჯერად, სკანდალში გაეხვა ბულგარელი სპორტსმენი, რომლის სახელს არ ამჟღავნებენ. ის ოთხ ქალს დაესხა თავს, მათ ცოცხით გაუსწორდა, ერთ-ერთს კი ახრჩობდა.

სპორტსმენი არ დაუპატიმრებიათ. ინციდენტის გამოძიება გრძელდება, - იტყობინება BBC.

მოხალისეების პროტესტი
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მომუშავე მოხალისეებმა CBC News-თან დაიჩივლეს შრომის უმძიმეს პირობებზე.

"ბევრმა მოხალისემ მიატოვა თამაშები, რადგან მათ ორი კვირა უწყვეტად უნდა ემუშავათ. ისინი, უბრალოდ, შიმშილის გამო წავიდნენ.

არ მგონია, რომ საორგანიზაციო კომიტეტს აინტერესებს მოხალისეთა ცხოვრების პირობები. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩვენ ვართ ვალში მათთან. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მილიარდებს იღებს, ჩვენ კი იაფ სამუშაო ძალად გვიყენებენ", - განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ.

როგორც CBC აღნიშნავს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია ასეთია - შრომისთვის ფულის გადახდა თამაშების პრინციპებს ეწინააღმდეგება. არადა, კომიტეტის მაღალჩინოსნებისთვის ყოველდღიურ სახარჯო თანხად გამოყოფილია 900 დოლარი.

დისკვალიფიკაცია მათრახის ქნევისთვის
ოლიმპიადაზე მონაწილე უკრაინელ და ბრაზილიელ ცხენოსნებს დისკვალიფიკაცია მისცეს და თამაშებიდან მოკვეთეს. მიზეზი ის არის, რომ სპორტსმენები ზედმეტად იყენებდნენ მათრახსა და დეზებს.

"ცხენების მდგომარეობა - ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია საცხენოსნო სპორტში. ჭრილობების გამო დისკვალიფიკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ცხენებს სპეციალურად აყენებდნენ ზიანს. უბრალოდ, წესები ყველამ უნდა დაიცვას. უნდა არსებობდეს ცხენების დაცვის გარანტია", - განაცხადა რიოში საცხენოსნო ტურნირის ჟიურის თავმჯდომარემ, შტეფან ელერნბურხმა.

უკრაინელი კასიო რივეტისა და ბრაზილიელი სტეფან დე ფრეიტასის ცხენებს ფერდებზე ჭრილობები აღმოუჩინეს.

წესების თანახმად, ფერდებზე, ასევე, ცხვირთან და პირთან სისხლის აღმოჩენა დისკვალიფიკაციით ისჯება, რადგან ადგილი აქვს მათრახისა და დეზების გადამეტებულად გამოყენებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული