- რიო 2016: ლაშა ტალახაძის შოკი და ირაკლი თურმანიძის მალამო [VIDEO+PHOTO]
"შეჯიბრებამდე ექვს სპორტსმენს დაფიქსირებული ჰქონდა ორჭიდში 450 კილოგრამი. ლაშასთვის შეგვეძლო, 460-465 კილო დაგვეწერა, მაგრამ საჭიროდ არ მივიჩნიეთ.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ჩემპიონობისთვის, უმთავრესად, ტალახაძე და ირანელი ოლიმპიური ჩემპიონი ბეჰდად სალიმი იბრძოლებდნენ. ფაქტობრივად, ასეც მოხდა, ოღონდ ატაცში. ამ მოძრაობაში ორივემ იდეალური შედეგი აჩვენა: ჯერ ლაშამ აიტაცა 215 კილო და
ლაშამ მეორე ცდისას ისე თავისუფლად აიტაცა წონა, რომ მესამე ცდაზე 217-ის შეკვეთაც შეიძლებოდა, მაგრამ მწვრთნელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. მთავარი იყო ორჭიდის ჯამში გამარჯვება და არავინ იცოდა, აკვრაში როგორ წარიმართებოდა პაექრობა - ძალების დაზოგვა იყო აუცილებელი. რისკზე წასვლა არ იქნებოდა გამართლებული.
მწვრთნელებმა მეთოდურად გათვალეს ყველაფერი. აკვრაში, როცა ტალახაძემ პირველ მისვლაზე 242-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, ირანელს 245 კილო ჰქონდა შეკვეთილი, რაც შეცდომა იყო - ოპტიმალური იქნებოდა 243 კილო. ეს წონა გაცილებით იოლი ასაწევი იქნებოდა.
სალიმმა ასწია 245 კილო და მსაჯებმაც ჩაუთვალეს, მაგრამ ჟიურიმ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო - სამივე მსაჯის შეფასება შეცვალა და წონა არ ჩაუთვალა. ორმა იმედგაცრუებამ ოლიმპიური ჩემპიონი მდგომარეობიდან გამოიყვანა და მესამე ცდისას მან შტანგა სანახევროდაც ვერ დაძლია.
თუმცა ირანელისთვის ეს წონაც და ცოტა მეტიც რომ ჩაეთვალათ, ტალახაძეს წინ ვერავინ დაუდგებოდა: როცა ლაშამ ოლიმპიური ჩემპიონობა გაინაღდა და შეჯიბრების გასაგრძელებლად მოტივაცია აღარ ჰქონდა, მესამე ცდაზე მაყურებლებისთვის 258 კილო დაძლია და ორჭიდში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რომ დასჭირვებოდა, დარწმუნებული ვარ, მეტსაც ასწევდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მძიმე წონაში 22 წლისას ჯერ ოლიმპიური ჩემპიონობა არავის მოუპოვებია. საერთოდ, მძიმე წონაში მაღალი შედეგები უფრო გვიან ასაკში მოდის, მაგრამ ლაშა გამონაკლისია.
ცხადია, აქვე ქების სიტყვებით უნდა მოვიხსენიოთ ირაკლი თურმანიძე, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა, ექვსივე ცდა გამოიყენა, ორჭიდში 13 კილოგრამით გააუმჯობესა თავისი მიღწევა და დამსახურებულად დაიკავა მესამე ადგილი. ალალია მასზე ოლიმპიური ბრინჯაო.
რიოში მიმავალთ თბილისის აეროპორტში რომ ვაცილებდი, ირაკლის ვუთხარი, კვარცხლბეკზე შენთვისაც მაქვს ადგილი დაჯავშნილი-მეთქი. გაეღიმა და ვნახოთო, მიპასუხა. ჩვენი ძალოსნების რიოში ტრიუმფი ოთხი წლის შემდეგ ტოკიოში წარმატების საწინდარია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პ.ს. მაგარი ბიჭები გვყავს. ვულოცავ ლაშას და ირაკლის. მომავალ ოლიმპიადაზეც უკონკურენტოა ლაშა))