მგონია, რომ ჭრიკიშვილი ორი წლის წინ ბევრად ძლიერი იყო - ინტერვიუ თემურ ხუბულურთან

AutoSharing Option
ძიუდოისტთა ნაკრების ოლიმპიადაზე გამოსვლა კვლავ დარჩება განსჯის საგნად. შედეგი ისეთია, ერთნიშნა შეფასება შეუძლებელია - ერთი მხრივ, ორი მედალი (ვერცხლი და ბრინჯაო) წარუმატებლობა არაა, მაგრამ არც ოქროს გარეშე დარჩენაა წარმატება. მით უფრო, ასეთი ძლიერი ნაკრებისგან, ხოლო ჩვენი ლიდერების ტირილი მრავლისმთქმელია.

დღეს მათი გამოსვლის შეფასება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონსა და მოსკოვის თამაშების ვერცხლისმედალოსანს, პარლამენტარ თემურ ხუბულურს ვთხოვეთ.

- როგორ აფასებთ ჩვენი ძიუდოისტების გამოსვლას რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე?
- ვფიქრობ, ნორმალური გამოსვლაა. როცა ოქროს მედალს ვერ იღებ, წარმატებულს და კარგს ნამდვილად ვერ დავარქმევ. ქართველი
მაყურებელი მიჩვეულია და ჩვენი ბიჭებისგან ყოველთვის ელოდება ერთ ოქროს მაინც, რა რანგის ტურნირიც უნდა იყოს და ხანდახან ის ერთი ოქროც არაა საკმარისი.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი ძიუდოს განვითარების მასშტაბს, ცუდი გამოსვლა ნამდვილად არაა. 4-მა სპორტსმენმა ნახევარფინალში იჭიდავა, რაც ასეთი პატარა ქვეყნისთვის წარმოუდგენელია.

საამაყოა, რომ ამ დონემდე მივიყვანეთ ჩვენს ეროვნულ ჭიდაობასთან შესისხლხორცებულია და ჩვენი გენეტიკიდან გამომდინარე, სპორტის ძალისმიერ სახეობებში წარმატებულები ვიყოთ. თან ძიუდოში 136 ქვეყანა გამოდიოდა, ამდენი მონაწილე კი ბევრ სახეობაში არაა. ძიუდო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა მთელ მსოფლიოში. ჩემთვის, როგორც ვეტერანი ძიუდოისტისთვის, საამაყოა, რომ ასეთი პატარა ქვეყანა ასეთ პოპულარულ სახეობაში ამხელა შედეგს აღწევს.

ცხადია, ახლა უნდა ვეძებოთ, სად დავუშვით შეცდომა, რა მოხდა და რატომ არაა ოქროს მედალი. სპორტია, აქ ყველაფერი ხდება. მაგალითად, მე ოლიმპიადამდე ბელგიელ რობერტ ვან დე ვალესთან 6-ჯერ მქონდა მოგებული, მაგრამ ის ერთადერთი წავაგე. ამიტომ წაგებისთვის არ უნდა გავკილოთ არავინ, მაგრამ შეცდომას რომ უშვებ, ეს კი ძალიან სამწუხაროა და მომხდარი უნდა გავაანალიზოთ.

უკეთესი იქნებოდა, ოქროს მედალიც გვქონოდა, მაგრამ რაცა გვაქვს, ესაა. საოცრად კარგად იჭიდავა ლაშა შავდათუაშვილმა, ვალერი ლიპარტელიანიც კარგად გამოვიდა, აი, ავთანდილ ჭრიკიშვილისგან კი მეტს ველოდი. მახსოვს, როგორ ჭიდაობდა ის 2-3 წლის წინ. არადა, როცა უნდა მოემატებინა, იქ გაჩერდა. აი, ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ მწვრთნელებმაც, სპორტის მესვეურებმაც და ყველამ. მასში ძალიან დიდი შესაძლებლობაა და საცოდაობაა, გაჩერდეს და წინ არ წავიდეს.

ამაში საკუთარ დანაშაულსაც ვხედავ, რადგან მას ბავშვობიდან ვიცნობ. როცა ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტად ვმუშაობდი, ხშირად ვხვდებოდი ვარჯიშებზე. შრომისმოყვარე იყო, მარჯვნივ, მარცხნივ თანაბრად ჭიდაობდა, მაგრამ ახლა ხანდახან შეცდომებს უშვებს. თანაც - ისეთს, მისი დონის მოჭიდავე რომ არ უნდა უშვებდეს. ამ დონის ფალავანი ასე არ უნდა შეცდეს, თუმცა შეცდომა ყველას მოსდის, თორემ ისე ყველა გამარჯვებული იქნებოდა.

- ბრძანეთ, შეცდომებზე უნდა ვიფიქროთო. ზოგადად, გუნდის გამოსვლაში რა შეცდომები დაინახეთ?
- გუნდი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მომზადებული იყო. ვერ ვიტყვი, რომ დაიღალნენ, მაგრამ რაღაცას ვგრძნობდი ისეთს... თითქოს, დიდი ტვირთი აწვათ, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი იგრძნობოდა. ამით სპორტსმენებს ცუდ სამსახურს უწევენ - ისიც ადამიანია და განცდებში ვარდება. მგონი, სწორედ ეს დაძაბულობა ეტყობოდათ.

მაგალითად, პაპინაშვილს როგორ დავდო ბრალი, ბიჭმა იჭიდავა, რაც შეეძლო, მსოფლიოს ჩემპიონსაც მოუგო, მაგრამ არის რაღაც, რომელიც შენს ძალებს აღემატება. ვერც იმას ვიტყვი, რომ მსაჯებმა დაგვჩაგრეს.

მეორე მხარეა ძიუდოს დღევანდელი წესები - ისე მიაწვება, გადააგორებს და ისე აძლევენ ვაზარს და იპონს... რაც ჩემს დროს გდებად არ მიიჩნეოდა, დღეს სუფთა მოგებაა. ძიუდოში რაც ფასობდა - ლამაზი გდება, ტატამზე დავარდნისგან ხმას რომ გამოსცემს, ეს აღარაა უკვე. ახლა მიაწვებიან, გადააგორებენ და ქულას ისე აძლევენ, როგორც - თავისუფალ ჭიდაობაში, თუმცა ეს წესები ჩვენი მეტოქეებისთვისაც შეიცვალა.

მე მაინც ვფიქრობ, რომ დღეს ძიუდო საქართველოში აღმავლობის გზაზეა. ვერ ვიტყვი, რომ ეს შედეგი ჩავარდნაა, თუმცა არაა ოქრო. არადა, ამასთან ახლოს იყვნენ ლიპარტელიანიც და ჭრიკიშვილიც. უფრო მეტი მომზადება და დაფიქრება უნდა, თუმცა ჭრიკიშვილს ვერ დავაბრალებ, რომ ვერ აზროვნებს, მაგრამ შეცდა. როცა იგებ, ხან დაიჭირე მეტოქე, გააჩერე - სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ვერ დავაბრალებ მოუმზადებლობას, მაგრამ შეცდა. თან ახლა უამრავი საშუალება არსებობს - ფირები, ინტერნეტი მისი ჭიდაობების მოსაძიებლად და ყველამ შეისწავლა. მე მაინც მგონია, რომ ორი წლის წინ ის ბევრად ძლიერი იყო.

- ალბათ, ნაკრებში ფსიქოლოგის ყოფნაც აუცილებელია... სავარაუდოდ, ლიპარტელიანის წაგება დიდწილად ამან განაპირობა.
- თანამედროვე სპორტი ისეთია, ფსიქოლოგიც გჭირდება და ყველაფერი. დოპინგკონტროლზე რა ხდება, თქვენც ხედავთ.

ლიპარტელიანს რაც შეეხება, მას გახსნილად უნდა ეჭიდავა, თავიდანვე უნდა შეეტია, მაგრამ იქ მოლოდინის რეჟიმი იყო - ელოდება იმის შეცდომას, არ რისკავდა. ამაში გავიდა დრო და გდება რომ გაუშვა, დრო აღარ ეყო გასაქვითავად. ფინალში ოქროს მედალზე ფიქრია - ვაიდა, არ გავრისკო, არ წავაგოო. მე გავრისკე მოსკოვის თამაშების ფინალში, მივახტი და წავაგე. მანამდე რაც არ გამიკეთებია, მაინცდამაინც ის გავაკეთე. როცა რამეს აკეთებ, იმის თავდაცვაც უნდა გქონდეს მომზადებული, შეცდომის დაშვება არ შეიძლება.

ფსიქოლოგიური მომზადება ღვინიაშვილს სჭირდება, როგორც ფიზიკური მომზადება, ის ახალგაზრდაა და მიკვირს, რატომ იღლება. მაგ ასაკში მეც მიწევდა უფროსებთან და აბსოლუტურში ზედა წონის ხალხთან ჭიდაობა. კი, ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ მაინც იღლება. სულ მინდა, ბოლო წუთამდე არ მიიყვანოს საქმე, რადგან მეშინია, არ წააგოს.

- მეტოქეებმა კარგად შეგვისწავლეს და გაშიფრულებიც ვიყავით...
- არ ვიქნები მართალი, რომ გითხრათ, ასე არ ხდება-მეთქი. ყოველ ნაბიჯს შიფრავენ, როგორც - ჩვენები. ეს ჩვენს დროსაც ასე ხდებოდა. მაგალითად, ვან დე ვალეს წინააღმდეგ ფეხებში შესვლა რომ დამემუშავებინა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებთან დავიწყე ვარჯიში. დიტმარ ლორინცის წინააღმდეგ მკლავჩაკეტილი მოგვერდი დავამუშავე და მოსკოვში ნახევარფინალში ასე მოვუგე. - უნდა ვიმუშაოთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. ყველა მეტოქე უნდა გავშიფროთ, შევისწავლოთ, ხანდახან უნდა მოვინიშნოთ, რას აკეთებს და შენი შეგირდიც იმ სტილში უნდა აჭიდაო, როგორც მისი მოწინააღმდეგე ჭიდაობს. მაგალითად, ვარჯიშზე უნდა ასწავლო, რა დაუპირისპირო, ვთქვათ, ამოსმულს.

თუმცა კიდევ ვიმეორებ - შეცდომებისგან დაზღვეული არა ხარ და ყოველთვის არც ეს გაამართლებს. სხვა თუ არაფერი, იქნებ მეტოქემ რაღაც ახალი დაამუშავა, სტილი შეცვალოს და ის გამოიყენოს

- თქვენი აზრით, რამდენად მართებული იყო ბოლო შეკრების იაპონია-მონღოლეთში გავლა, როცა ოლიმპიადა სულ სხვა მხარეს ტარდებოდა?
- როგორც ვიცი, ეს ექიმებთან, მწვრთნელთა საბჭოსა და თავად სპორტსმენებთან შეთანხმებით გაკეთდა. თუმცა, ჩემი აზრით, ერთობლივ შეკრებებზე უცხოეთში წასვლა წინასწარ ეტაპებზე ჯობია, დასკვნითი კი აჯობებს, შინ გაიარო და შიდა სამზარეულოში მოემზადო. იაპონიაში ჩაკეტილი სისტემაა, ისე თავისუფლად არც გიღებენ. ამიტომ მგონია, უკეთესი იქნება, ბოლო შეკრებას სამშობლოში თუ გაივლი.

- დასასრულს, ლაშა შავდათუაშვილზე გკითხავთ, რომელმაც, ჩემი აზრით, შოჰეი ონოს არსებობის პირობებში მაქსიმუმი გააკეთა...
- გეთანხმებით, მან მართლაც სასწაულად იჭიდავა. ის ნამდვილი სპორტსმენია - ხასიათი, განწყობა იდეალური აქვს. ის არ გამოდის წასაგებად, ვისაც უნდა ხვდებოდეს, თვალებში ეტყობა, რომ მოსაგებად გადის. ეს ძალიან დიდი პლუსია. თან გულიანი ჭიდაობა იცის, ჟინიანი, შემტევი. ვარჯიშებზეც ასე იყო - არ ჩერდება არასოდეს. მასში დიდი ბრძოლისუნარიანობაა და მომავალიც დიდი აქვს. დაიმახსოვრეთ ეს ინტერვიუ - ლაშა მომავალ შეხვედრას მოუგებს იაპონელს. ცოტა მეტი ფიზიკური მომზადება უნდა, თუმცა ასაკთან ერთად წონაც მოემატება. მთავარია, არ მოდუნდეს, მაგრამ ის პროფესიონალია, შრომა არ ეზარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაზე დიდი შეცდომა არისტქვენ რომ პარლამენტსი ხარტ
შოთა გუგეშაშვილი
12:04 21-08-2016
0
თემურისნაირი ვაჟკაცი და წესიერი ხალხი გვიმრავლოს ღმერთმა, შოთა შენ სად ხარ თუ იცი საერთოდ
ზვიად
13:01 21-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული